„ბომბის ჩამოგდების დროა!” – სადამდე მივა მასკისსა და ტრამპის დაპირისპირება

მილიარდერ ილონ მასკსა და პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის დაპირისპირება დღითიდღე მწვავდება. მასკი ტრამპის იმპიჩმენტის იდეას ეთანხმება, 47-ე პრეზიდენტს კი მასკის გაძევებაც კი შესთავაზეს ქვეყნიდან. დაპირისპირება კიდევ უფრო გამწვავდა მას შემდეგ, რაც ტრამპმა განაცხადა, რომ მასკის დახმარების გარეშე საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვებდა. საჯარო გარჩევები კი მასკის პოსტს მოჰყვა, სადაც ტრამპს მძიმე, მათ შორის პედოფილიის ბრალდებას უყენებს.

თეთრი სახლი ტრამპისა და მასკის შერიგებას გეგმავს, თუმცა ანალიტიკოსი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია “რეზონანსთან” არ გამორიცხავს, რომ სიტუაცია დაიძაბოს და უარესი სცენარის შემთხვევაში, მასკმა სერიიოზულად დაიწყოს იმპიჩმენტის პროცესზე მუშაობა. ანალიტიკოსი ამბობს, რომ ბრალდებას, რასაც მასკი ტრამპს, უყენებს სერიოზულია.

ამერიკული მედიის ცნობით, ტრამპის ყოფილმა მრჩეველმა და მოკავშირემ სტივ ბენონმა ხუთშაბათს 5 ივნისს ტრამპს სამხრეთაფრიკული წარმოშობის მასკის ამერიკიდან გაძევება შეთავაზა.

„უნდა დაიწყონ მისი იმიგრაციული სტატუსის ოფიციალური გამოძიება, რადგან მტკიცედ მჯერა, რომ ის არალეგალი ემიგრანტია და დაუყოვნებლივ უნდა იყოს დეპორტირებული ქვეყნიდან”, – განაცხადა ბენონმა “ნიუ იორკ თაიმსთან” სატელეფონო ინტერვიუში.

ბენონის თქმით, ტრამპის ადმინისტრაციამ ასევე უნდა გამოიძიოს მასკის ნარკოტიკების მოხმარება და მისი მცდელობა, პენტაგონისგან მიეღო ჩინეთის შესახებ საიდუმლო ინფორმაცია.

მასკმა “იქსზე” ერთ-ერთი პოსტი გააზიარა, სადაც მომხმარებელი „ტრამპის იმპიჩმენტის და მისი ჯეი დი ვენსით ჩანაცვლების” იდეით გამოვიდა. მასკი კი დაეთანხმა – „დიახ”.

მასკმა სოციალურ პლატფორმაზე ასევე დაწერა, რომ ტრამპის სავაჭრო ტარიფები წლის მეორე ნახევარში რეცესიას გამოიწვევდა, რასაც ტრამპი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ბიუჯეტში ფულის დაზოგვის ყველაზე მარტივი გზა ილონ მასკის კომპანიებისთვის სუბსიდიებისა და სამთავრობო კონტრაქტების შეწყვეტაა.

ყველაზე ხმაურიანი განცხადება კი მასკმა 5 ივნისს გააკეთა, მისი თქმით, დონალდ ტრამპის სახელი არასარულწლოვანთა სექსუალურ ტრეფიკინგში ბრალდებული ჯეფრი ეპშტეინის საქმის მასალებში ფიგურირებს, რის გამოც აღნიშნული დოკუმენტები არ საჯაროვდება.

„ნამდვილი დიდი ბომბის ჩამოგდების დროა! დონალდ ტრამპი ეპშტეინის ფაილებშია. ეს არის ნამდვილი მიზეზი, თუ რატომ არ გასაჯაროვდა ისინი. ბედნიერ დღეს გისურვებ, დონალდ ტრამპ!” – წერს ილონ მასკი.

„პოლიტიკოს” ინფორმაციით, ტრამპი თავის თანაშემწეები შეეცადნენ დაერწმუნებინათ ამერიკის პრეზიდენტი, რომ მასკის საჯარო კრიტიკა შეემსუბუქებინა. რის შემდეგაც მალევე ტრამპმა განაცხადა, რომ მას არ ადარდებს ეს დაპირისპირება და “ყველაფერი კარგად მიდის”.

„პილიტიკოსვე” ინფორმაციით, თეთრი სახლი დონალდ ტრამპისა და ილონ მასკის შერიგებას გეგმავს. ანონიმური წყაროების თანახმად, ტრამპისა და მასკის შერიგების მიზნით თეთრი სახლი მათ სატელეფონო საუბარს გეგმავს.

მასკი ტრამპის მიერ შექმნილო მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. მაისის ბოლოს კი მასკმა დატოვა აღნიშნული თანამდებობა.

საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან” არ გამორიცხავს, რომ სიტუაცია მასკსა და ტრამპს შორის უფრო დაიძაბოს, რაც ქვეყანაში სიტუაციას გაართულებს.

„ორივე ექსცენტრული ადამიანია, ორივე მილიარდერია და დაპირისპირება მოსალოდნელი იყო. ტრამპმა მასკის ლობირებადი პირი ნასა-ს ხელმძღვანელად არ დანიშნა და „სფეის იქსის” რამდნეიმე კოსმოსური პროექტი ეჭვის ქვეშ დააყენა, რა თქმა უნდა, ეს დაპირისპირებას გამოიწვევდა,ამან შეიძლება საკმაოდ სერიოზული სახე მიიღოს.

„ილონ მასკი ხელწამოსაკრავი პირი არაა, მას დიდი ფული და ძლიერი პოზიციები აქვს პენტაგონში, ნასაში და იმპიჩმენტის საკითხიც ტყუილად არ წამოაყენა. მან შეიძლება ამ კუთხით ლობირება დაიწყოს, რომ გადააყენონ ტრამპი. მოსალოდნელია ისიც, რომ აქციები გაუმართოს, ასევე არც იმას გამოვრიცხავ, რომ მასკმა თავის კანდიდატურაც წამოაყენოს პრეზიდენტობაზე. აქვე უნდა ითქვას, რომ იმპიჩმენტის პროცესი არცთუ იოლი საქმეა, ჯერჯერობით ტრამპს საკმაოდ ძლიერი პოზიციეი აქვს.

„მასკის ქვეყნიდან გაძევება მოითხოვეს, თუმცა ეჭვი მეპარება, რომ ეს მოხდეს, რადგან მასკზე ბევრი რაღაცაა დამოკიდებული აშშ-ში, ეკონომიკაზე და ახალ ტექნოლოგიებზე იმოქმედებს მისი ქვეყნიდან გასვლა. მასკის გაძევებას მგონია, რომ ვერ შეძლებენ. გასათვალისწინებელია ისიც, რომ მასკსაც და ტრამპსაც ქვეყანაში თანაბარი ძალა აქვთ.

„უარესი სცენარის შემთხვევაში, ილონ მასკი უფრო შეძლებს, რომ გაიტანოს და ტრამპის იმპიჩმენტის პროცედურა რეალურად დააყენოს. მასკმა სავარაუდო პედოფილიის საკითხი წამოაყენა, რაც ძალიან მძიმე დანაშაულია. ტრამპს ურჩიეს, რომ მასკთან დაპირისპირება არ გაამწვავოს და როგორც ჩანს, მასკს აქვს ტრამპზე კომპრომატები. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ტრამპის მიმართ სისხლის სამართლის დანაშაული იყო წაყენებული, ეს დროებით გაჩერებულია, მაგრამ თუ მასკმა პედოფილიაზე საკითხი წამოიწია, განავრცო და კონკრეტული სხვა კომპრომატები დაამატა, რაც ყოველ შემთხვევაში მასკს ექნება ტრამპის წინააღმდეგ, ამან ქვეყანაში შეიძლება სიტუაცია გაართულოს. პრეზიდენტი ნიქსონი იმპიჩმეტის პროცედურას გადაჰყვა, როცა მან დაიწყო არაკანონიერი მოსმენები და პედოფილია გაცილებით უფრო მძიმე დანაშაულია, ჰიპოთეტურ დონეზე ვამბობ ამას, თუ ეს დადასტურდა და პროცესი განვითარებადი გახდა, ამან შეიძლება ქვეყანაში სიტუაცია საკმაოდ გაართულოს”, – უთხრა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსს”.