პასუხი შვედეთის საელჩოს – “ქართულ ოცნებაში” აცხადებენ, რომ შვედეთი საკუთარ ქვეყანაში ებრძვის იმას, რასაც თავად აკეთებს სხვა ქვეყანაში

შვედეთის ხელისუფლების წარმომადგენელი მაიდნის სცენარზე საქართველოში ნოემბრის აქციიდან საუბრობდა. ჯერ სცენაზე იდგა, მოგვიანებით კი პროტესტის მონაწილეებს რევოლუციური ქმედებებისკენ მოუწოდებდა – მიმართვა პარლამენტის თავმჯდომარემ საკუთარ “ფეისბუკ” გვერდზე შვედეთის ორმაგი სტანდარტის სადემონსტრაციოდ გააზიარა. შალვა პაპუაშვილმა ამ ფორმით საელჩოს უპასუხა. დიპლომატიური მისიის განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ უცხოურ დაფინანსებასთან დაკავშირებით საქართველოში მიღებული კანონი მკვეთრად განსხვავდება შვედეთში ინიცირებული რეგულაციებისგან, რადგან ის მხოლოდ ექსტრემისტულ და სხვა ანტიდემოკრატიულ საქმიანობას ეხება.

ვერც ორმაგ სტანდარტს და ვერც რადიკალურ მოწოდებებს ვერ ხედავს შვედეთის მხრიდან გაკეთებულ განცხადებებში ოპოზიცია. ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ მაიდანი ძალადობრივი პროცესების ნაცვლად თავისუფლებასთან ასოცირდება.

ორმაგი სტანდარტის გამართლების უშედეგო მცდელობას უწოდებს საელჩოს განცხადებას მმართველი გუნდი. “ქართულ ოცნებაში” აცხადებენ, რომ შვედეთი საკუთარ ქვეყანაში ებრძვის იმას, რასაც თავად აკეთებს სხვა ქვეყანაში.

დღეს ამ საკითხზე მედიასთან კომენტარი გააკეთა პრემიერ-მინისტრმა. ირაკლი კობახიძის თქმით, ხელისუფლება პარტნიორების უსაფუძვლო კრიტიკას კონკრეტულ ფაქტებს უპირისპირებს, რაც კანონის მიღების აუცილებლობას კიდევ ერთხელ უჩვენებს.

შვედეთი ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი ამოქმედებისთანავე მწვავედ გააკრიტიკა და მას რეპრესიული უწოდა. მომდევნო დღეს კი თავად ოფიციალურმა სტოკჰოლმმა ოფიციალურად გამოაცხადა ინიციატივა ანტიდემოკრატიული მიზნების უცხოური დაფინანსების წინააღმდეგ.