ბალტიისპირეთის ქვეყნებმა უკრაინის ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების მხარდამჭერი განცხადება გაავრცელეს

ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის პარლამენტების საგარეო საქმეთა კომიტეტებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს რუსეთთან ომში უკრაინის სრული მხარდაჭერის შესახებ, ასევე, ევროკავშირსა და ნატოში მისი წევრობის საკითხზე. განცხადება Facebook-ზე ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ ჟიგიმანტას პავილიონისმა გამოაქვეყნა.

ბალტიისპირეთის ქვეყნების დროშები

კომიტეტების შეხვედრა პარასკევს, 6 ივნისს, ლიეტუვის ქალაქ ბირშტონასში გაიმართა. საბოლოო დოკუმენტში მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ურყევი მხარდაჭერა და ხაზგასმით აღნიშნეს, რომ უკრაინის გამარჯვება რუსეთზე და მისი ნატოში გაწევრიანება ევროპაში სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის დამყარების მთავარი პირობაა.

მათ ასევე ყურადღება გაამახვილეს იმ ფაქტზე, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანება ევროატლანტიკური უსაფრთხოების მყარ საფუძველს შექმნის და აღნიშნეს, რომ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომი საერთაშორისო სამართლის, გაეროს ქარტიისა და ადამიანის უფლებების ძირითადი სტანდარტების უხეში დარღვევაა.

ამასთან დაკავშირებით, ქვეყნების განცხადებაში ჩამოთვლილია ხუთი ძირითადი ვალდებულება:

1) მხარი დაუჭირონ უკრაინას მის სრულ გამარჯვებამდე – კერძოდ, ყველა დროებით ოკუპირებული ტერიტორიის განთავისუფლებამდე, ომის დამნაშავეების დასჯამდე და საერთაშორისო სამართლიანობის პრინციპების განხორციელებამდე;

2) უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების ხელშეწყობა, მოლაპარაკებების 2030 წლისთვის დასრულებისა და სრულუფლებიანი წევრობის მიღების მიზნით;

3) მხარი დაუჭირონ უკრაინის ევროატლანტიკურ კურსს, ბუქარესტის (2008), ვილნიუსის (2023) და ვაშინგტონის (2024) ნატოს სამიტების გადაწყვეტილებების გათვალისწინებით და მოუწოდონ კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღებას 2025 წლის ნატოს ჰააგის სამიტზე;

4) უკრაინასთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის განვითარება, კერძოდ, მისი ერთობლივ საექსპედიციო ძალებში (JEF) გაწევრიანების ხელშეწყობით, როგორც უსაფრთხოების სფეროში უფრო ღრმა ინტეგრაციისკენ გადადგმული ნაბიჯი;

5) რუსეთზე დიპლომატიური ზეწოლის გაზრდა – საერთაშორისო ორგანიზაციებში იზოლაცია, სანქციების გაფართოება და უკრაინის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის სისხლისსამართლებრივი დევნა.

სამი ქვეყნის კომიტეტებმა ასევე მოუწოდეს სხვა პარლამენტებს, საერთაშორისო ინსტიტუტებსა და მთავრობებს, მხარი დაუჭირონ ამ განცხადებას და მიიღონ შესაბამისი ზომები უკრაინის გამარჯვების, მისი აღდგენისა და ევროატლანტიკურ საზოგადოებაში სრული ინტეგრაციის მიმართულებით.