პოლიტიკოსების ლანძღვა დასჯადი ხდება – კონკრეტულად ვის შეეხება გინებისგან „ჯავშანი“

ფრაქცია “ქართული ოცნება” მოქალაქეებს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული უხამსი გამონათქვამების გამო, შინაგან საქმეთა სამინისტროში უჩივის იმ კანონის საფუძველზე, რომელიც 2025 წლის თებერვლიდან ამოქმედდა. ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ ესაა გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა, პროტესტანტები კი აცხადებენ, რომ ამის მერე „უფრო მეტ წინააღმდეგბას მიიღებენ”.

ზემოთხსენებული კანონის მიხედვით, საქართველოს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის, პოლიტიკური თანამდებობის პირის, სახელმწიფო მოსამსახურის, სახელმწიფო მოსამსახურესთან გათანაბრებული პირის ან/და საჯარო მოსამსახურის სიტყვიერი შეურაცხყოფა, ლანძღვა-გინება, მასზე შეურაცხმყოფელი გადაკიდება ან/და მის მიმართ სხვაგვარი შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, ან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან, ან საქმიანობასთან დაკავშირებით, ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად.

პარლამენტარმა ირაკლი კირცხალიამ განაცხადა, რომ ფრაქცია „ქართული ოცნება” დეპუტატების მიმართ „გარედან დაფინანსებული სიძულვილის ენის კამპანიის პასუხად” სამართლებრივ დავას იწყებს და შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი საჩივრით მიმართავს. საჩივარი, რომელიც დღეს, შინაგან საქმეთა სამინისტროში შევა, ეხება „სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ იმ უბინძურეს გამონათქვამებს და შეურაცხყოფას, რომელიც მიმართულია პოლიტიკური თანამდებობის პირების მიმართ”.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი ნონა ქურდოვანიძე ამბობს, რომ თუ სოციალურ ქსელებში გამოხატული კრიტიკული აზრი არ შეიცავს მყისიერ საფრთხეს სხვა ადამიანისთვის, მუქარას, არ არის ძალადობრივი, ასეთ დროს გამოხატვის უფლებაში ჩარევა დაუშვებელია.

„სოციალურ ქსელებში გამოხატვის შეზღუდვის ტენდენციები რამდენიმე წლის წინ დაიწყო. ასეთი საქმე სულ რამდენიმე იყო, როდესაც პირი სოციალურ ქსელში გამოხატული მოსაზრებების გამო დასაჯეს. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა საიამ სტრასბურგშიც გაასაჩივრა. ეს საქმე უკვე დაკომუნიცირებულია.

„სოციალურ ქსელებში გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა ახლა სხვა ეტაპზე გადადის. ამას მოწმობს „ქართული ოცნების” საჩივარი, რომელიც წარადგინეს მოქალაქეების წინააღმდეგ სოციალურ ქსელში განთავსებული პოსტების/კომენტარების გამო.

თუ სოციალურ ქსელებში გამოხატული კრიტიკული აზრი არ შეიცავს მყისიერ საფრთხეს სხვა ადამიანისთვის, მუქარას, არ არის ძალადობრივი, ასეთ დროს გამოხატვის უფლებაში ჩარევა დაუშვებელია”,- წერს ქურდოვანიძე.

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ამბობს, რომ არა მარტო გინება, წყევლაც ფსიქოლოგირუო ტერორის სახეა.

„წყევლას გააჩნია, ჯერ ეს ერთი, ერთმა ადამიანმა, რატომ უნდა დაწყევლოს მეორე, ეს არის ფსიქოლოგიური ტერორი, რომელიც გაწერილია კონკრეტულ გეგმაში. გეგმის მიხედვით ხორციელდება ეს ყველაფერი, იქნება წყევლა, გინება, სხვადასხვა შეურაცხმყოფელი სიტყვის გამოყენება. ეს ორ მთავარ მიზანს ემსახურება, ერთი არის, რომ ეს ტერორი განხორციელდეს მუდმივად და მეორე, შეიქმნას არასწორი ტრენდი, თითქოსდა, ეს ხორციელდება აღშფოთებული ხალხის მხრიდან”,- აცხადებს ვოლსკი.

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა განაცხადა, რომ „სიძულვილის კამპანიამ, რომელიც დაფინანსებულია უცხოეთიდან, მასშტაბური ხასიათი მიიღო და ამიტომ, მმართველი პარტია შსს-ს საჩივრით მიმართავს, მსგავს შემთხვევებზე სათანადო რეაგირება მოახდინოს”.

„ეს არის ის სიძულვილის ენა, უარგუმენტო, ცილისწამებითი და პირდაპირი შეურაცხყოფითი მიდგომები, რომელიც საქართველოში დაფინანსებულია უცხოეთიდან. ამ ყველაფერს პასუხი უნდა გაეცეს. საჯარო სივრცეში ადამიანისთვის შეურაცხყოფის მიყენება არ უნდა იყოს წესი და დაკანონებული მოცემულობა, შესაბამისად, ამაზე რეაგირება აუცილებელია.

„ქართული ენა მდიდარია და სრულ შესაძლებლობას იძლევა, რომ ადამიანმა საკუთარი პროტესტი ზრდილობიანად გამოხატოს. ამიტომაც კეთილი ინებონ და ზრდილობის ფარგლებში მოექცნენ ის ადამიანები, ვისაც პროტესტის გამოხატვა სურთ”, – განაცხადა მათიკაშვილმა.

აქტივისტმა ლექსო სამხარაძემ დაწერა, რომ დავით მათიკაშვილმა უჩივლა. გამოქვეყნებულ ვიდეოში ჩანს, რომ მათიკაშვილი ერთ-ერთ საკონდიტროში შედის, აქტივისტიმა კი მის დანახვაზე სიმღერა „ოლე-ოლა” დაიწყო, შემდეგ კი შეაგინა, რასაც მათიკაშვილმაც გინებით უპასუხა და დაამატა, „წადი მომწყდი აქედან”.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან” აცხადებს, რომ რაზეც “ოცნება” ლაპარაკობს, ეს ფაქტიურად გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაა და ასე იწყებოდა დიქტატურა.

„მე სოცქსელებში არ ვარ გაწევრიანებული და არ ვიცი რა ხდება, მაგრამ იმაზე, რაზედაც „ქართული ოცნება” ლაპარაკობს, რომ ტერმინების გამოყენება არ შეიძლება და ა.შ. ფაქტიურად გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაა, დიქტატურა ყოველთვის ასე იწყებოდა და არა სხვაგვარად. საბჭოთა კავშირის დროსაც ასე იყო, იჭერდნენ იმისთვის, რომ საკუთარი აზრი გამოგეთქვა.არ ვიცი რა და როგორ შეიძლება იყოს, მაგრამ ერთი რამ ნაღდია, რომ თუ უცენზურობაზეა ლაპარაკი, მაშინ რაღაცნაირად უნდა განისაზღვროს ისე, რომ არ შეიზღუდოს გამოხატვის თავისუფლება, მაგრამ „ოცნება” ამას ხომ არ აკეთებს? ამ ხერხს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ მიმართავს, რომ ადამიანები შეზღუდოს და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დააკისროს ყველას, ვინც მას არ მოეწონება, შემდეგ არკვიე ახლა, შენ თქვი ეს, თუ ვიღაცამ შენი სახელით თქვა – ეს იქნება გაუთავებელი ამბავი.

„ეს ნიშნავს, რომ მყარდება ავტორიტარიზმი, „ქართულ ოცნება” პროტესტანტების მიმართ მხოლოდ დასჯის ფორმებს ცვლის, სხვა არაფერი არ შეუძლია. ჯერ იყო და ცხვირ-პირი დაამტვრიეს, მერე ფინანსები, მერე ჯარიმები, ახლა დაიწყო მედიასაშუალებებზე და რადგან სოციალურ ქსელებს ჯერჯერობით ვერაფერს უხერხებენ, იწყება ლაპარაკი იმაზე, რომ აი,სიბინძურეებს წერენ და ა.შ. ეს ყველაფერი გამიზნულია სწორედ აქეთკენ”,- განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ “რეზონანსთან”.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან” აცხადებს, რომ უცენზურო ლექსიკა ბულინგის ერთ-ერთი ფორმაა და ამ მხრივ საჭიროა ყველა ტიპის საჯარო სივრცის გასუფთავება.

„ყველა მხარე ამბობს იმას, რაც აწყობს, მე უბრალო მოქალაქე ვარ და მე არ მაწყობს უცენზურო სიტყვები, ისევე, როგორც უცხოეთში არ აწყობთ, რომ ბავშვი ხედავდეს სექსუალურ სცენებს.ამ სცენებს იღებენ სწორედ იმიტომ, რომ მომავალი თაობის ფსიქიკას უფრთხილდებიან. უცენზური ლექსიკა კიდევ უარესია, რადგან გარდა უცენზურობისა და იმ შინაარსისა, რაც მასშია, ეს მთლიანიბაში ბულინგის ერთ-ერთი ფორმაა და მე როგორც მოქალაქეს არც ბულინგი არ მაწყობს. მაწყობს, რომ კონკურენტები შეხვდნენ ერთმანეთს დებატებში და დავინახო ვის რა არგუმენტები აქვს და მერე მივცე უპირატესობა იმას, ვინც უფრო მომეწონება. ბულინგის პირობებში მისცემენ ხმას იმ პოლიტიკოსს, რომელიც უფრო მაგრად შეიგინება და ვის მივცემთ ამით ქვეყნის მართვას?

„ამ დასკვნებიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ოპოზიცია დაიწყებს მაგაზე ლაპარაკს, მაგრამ სასურველია უცხოეთის გამოცდილება გავიზიაროთ, იქაც უეჭველად არის იგივე პრობლემები და როგორმე ყველა ტიპის საჯარო სივრცის გასუფთავება მოვახერხოთ”,- განაცხადა საყვარელიძემ.