თეთრი სახლი სთხოვს სენატს, რომ მან რუსეთის წინააღმდეგ სანქციები შეამსუბუქოს

აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია რესპუბლიკელ სენატორთან, ლინდსი გრემთან არაოფოციალურ მოლაპარაკებას აწარმოებს, რათა მან რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი კანონპროექტი შეამსუბუქოს. ამის შესახებ გამოცემა The Wall Street Journal იუწყება.

თეთრი სახლი

გამოცემის ცნობით, თეთრი სახლი ცდილობს ისეთი სისტემის შემუშავებას, როდესაც კანონის აღსრულება და კონკრეტულად ვის წინააღმდეგ იქნება მიმართული სანქციები, აშშ-ის პრეზიდენტის პრეროგატივა იქნება.

„თუ კანონში ეს დებულებები ჩაიწერა, ის საკმაოდ „უკბილო“ იქნება“, – წერს WSJ.

დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია კანონის შემსუბუქებას იმის გამო ცდილობს, რომ დღევანდელი სახით მისმა მიღებამ შეიძლება დონალდ ტრამპის მცდელობები ჩაშალოს, რომელიც ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის ურთიერთობების აღდგენას ცდილობს. ეს კი უკრაინაში ომის დასრულების პროცესს შეაფერხებს.

ლინდსი გრემის კანონპროექტს აშშ-ის სენატში ორივე პარტიის 80-ზე მეტმა სენატორმა მხარი დაიჭირა. პროექტის მიხედვით, აშშ 500%-იან გადასახადს დაუწესებს ქვეყნებს, რომლებიც რუსული ნავთობის შეძენას განაგრძობენ. ასევე კანონი უკრძალავს აშშ-ის დაწესებულებებს რუსეთის მთავრობასთან დაკავშირებულ ორგანიზაციებში ინვესტიციების განხორციელებას. კანონპროექტის ავტორები სანქციებს „დამანგრეველს“ უწოდებენ.