დასავლეთმა თვალი დახუჭა უკრაინაში მემარჯვენე რადიკალიზმზე და აი, ვხედავთ, რა დღეშია ახლა უკრაინა! მიმაჩნია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ძალიან კარგად გაართვა თავი ამ პროცესს, ისინი მოიქცნენ ზუსტად ისე, როგორც საჭირო იყო, – განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“-ში ბრიტანელმა დიპლომატმა, გლობალური კრიზისების მართვის ექსპერტმა იან პრაუდმა.
მან უკრაინაში მაიდანიზაციის სცენარზე ისაუბრა და საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან პარალელი გაავლო.
„მაიდანის მოვლენებისას მათ აირჩიეს სამიზნე ფიგურა და მას უწოდებდნენ პრორუსს. ამავე დროს, იყო ხალხი, ვინც გადაწყვიტა, რომ ისინი იყვნენ პროევროპულები – მაიდანზე მდგომი ხალხი. როგორც აქ, თბილისში, კიევშიც ჩაიყვანეს პოლიტიკოსები, ქუჩაში ადამიანებს შეახვედრეს, დადგეს სცენებზე და ათქმევინეს სიტყვები – „თქვენი ადგილი ჩვენთანაა ევროპაში, ნატოში“. ზუსტად იგივე ტექსტები გვესმოდა კიევშიც, ვნახეთ იმავე თბილისში, ძალადობა მაიდანზე, ძალადობა თბილისში – ყოვლად მიუღებელი საქციელი აქციის მონაწილეთა მხრიდან.
საქართველოში შექმნეს იდენტური სიტუაცია, უკრაინაში ასევე დასვეს ახალი ხელისუფლება – ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი კადრი უკრაინის ფინანსთა მინისტრი გახდა, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი – ოდესის გუბერნატორი.
საქართველოს შემდეგი პრეზიდენტი კი მოქმედი ფრანგი დიპლომატი იყო. სააკაშვილის პერიოდში საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშვნისას, ზურაბიშვილი ხელფასს ჯერ კიდევ საფრანგეთის ხელისუფლებიდან იღებდა. ის უცბად გახდა გმირი ევროპულ დედაქალაქებში, გაჭირვებულთა დამხმარე, ლიბერალიზმის იმედი. ქართველ ხალხს კი „ქართული ოცნების“ მონობას აბრალებენ. გაუგონარი სისულელეების კორიანტელი შექმნეს და ეს ქალი საპრეზიდენტო უფლებამოსილების ამოწურვის შემდეგ კიდევ აპირებდა არადემოკრატიული გზით ხელისუფლების სათავეში დარჩენას.
ვნახეთ ზუსტად იგივე უკრაინაში – აქციის მონაწილეების წახალისება, სახელმწიფო გადატრიალების დაფინანსება. დასავლეთმა თვალი დახუჭა უკრაინაში მემარჯვენე რადიკალიზმზე და აი, ვხედავთ, რა დღეშია ახლა უკრაინა! მიმაჩნია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ძალიან კარგად გაართვა თავი ამ პროცესს, ისინი მოიქცნენ ზუსტად ისე, როგორც საჭირო იყო. საქართველოს მაიდანიზაციის მცდელობა გულის ამრევი იყო და ამ ყველაფერს შესაბამისი ქართული უწყებების მიერ გაეცა შესაბამისი პასუხი“, – აღნიშნა იან პრაუდმა.