მოსკოვი მზად იქნება, განაახლოს მოლაპარაკებები შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული სტაბილურობის შესახებ, როდესაც დისკუსია თანაბარ პირობებში წარიმართება, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, სტრატეგიულ სტაბილურობაზე მოლაპარაკებების დაწყებამდე, ამ ეტაპზე, დამატებითი ძალისხმევაა საჭირო.
ლავროვის განმარტებით, რუსეთი აშშ-ის ამჟამინდელ ადმინისტრაციასთან უფრო ნორმალურ ურთიერთობაშია, ვიდრე ბაიდენის ადმინისტრაციასთან იყო. რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, მოსკოვმა არ იცის, როგორ არის ტრამპი ინფორმირებული უკრაინის მიერ რუსეთზე თავდასხმების შესახებ.
ლავროვმა ასევე თქვა, რომ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის შენობაში ამერიკელი მრჩევლების დიდი რაოდენობა ზის.
„უკრაინაში სპეცოპერაცია გაგრძელდება, თუმცა პარალელურად რუსეთი მზადაა დიპლომატიური ზომებისთვის. ადგილზე მიღწეული სპეცოპერაციის შედეგები ერთ დღეს სამართლებრივი დოკუმენტების სახით გაფორმდება“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა.