ამერიკის შეერთებული შტატების გენერალური პროკურორი, პემ ბონდი ლოს-ანჯელესის ქუჩაში გამოსულ დემონსტრანტებს აფრთხილებს, რომ ნებისმიერი პირი, რომელიც სამართალდამცავ ოფიცერს ფიზიკურ შეურაცხყოფას მიაყენებს, სისხლის სამართლის წესით გასამართლდება.
ბონდის თქმით, დანაშაული ხუთ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. გენპროკურორის განცხადებით, ამჟამად ფედერალურ ოფიცერზე თავდასხმის ცხრა შემთხვევაზეა საქმე აღძრული.
საპროტესტო გამოსვლის დროს, „მოლოტოვის კოქტეილების“ გამოყენებაზე ერთ პირს ბრალი უკვე წაუყენეს, დაკავებულია კიდევ სამი ეჭვმიტანილი.
გენერალური პროკურორი აცხადებს, რომ სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიეცემიან ის პირებიც, რომელთაც სამართალდამცველებს შეაფურთხეს.
„ჩვენ დავიცავთ პოლიციის ოფიცრებს. ის პირები, ვინც მათ ფიზიკურად თავს დაესხმებიან, ფედერალურ დონეზე გასამართლდებიან. ჩვენ მათ გავასამართლებთ და ხუთ წლამდე პატიმრობას მივუსჯით. „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლის შემთხვევებზე აღძრულია საქმეები. ჩვენ ასევე გავასამართლებთ მაროდიორებს, რომლებიც მაღაზიებსა და აფთიაქებში შეიჭრნენ. მათ ოც წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. აღარ მოვითმენთ, რომ ჩვენ ოფიცრებს ვინმემ შეაფურთხოს. როგორც პრეზიდენტმა ტრამპმა თქვა: „თუკი თქვენ შეაფურთხებთ, ჩვენ დაგარტყამთ“. ასე რომ, მოემზადეთ. ოფიცრის შეფურთხებაც ციხეში ხუთ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ერთ-ერთი ნიღბიანი პირი, რომელიც ქვებს ესროდა პოლიციის მანქანას, და ვის გამოც დაშავდა ოფიცერი, უკვე იდენტიფიცირებულია. შეგიძლიათ გაიქცეთ, თუმცა ვერ დაგვემალებით“, – თქვა ბონდიმ.