საქართველოს მთავრობამ ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე მიხეილ ყაველაშვილს დასანიშნად თამარ ტალიაშვილის კანდიდატურა წარუდგინა. ამის შესახებ მთავრობის განკარგულებაშია აღნიშნული. დოკუმენტის მიხედვით, თამარ ტალიაშვილმა აშშ-ში საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობა 10 ივლისიდან უნდა დაიკავოს.
“რუსთავი 2”-ის ინფორმაციით, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ საქართველოს წარდგენილ ელჩს აგრემანი გადასცა, რომელიც თამარ ტალიაშვილმა სწორედ იმ დღეს მიიღო, როდესაც რობინ დანიგანი გადადგა.
აგრემანი არის ერთი სახელმწიფოს მთავრობის თანხმობა – მიიღოს თავის ქვეყანაში მეორე სახელმწიფოს დიპლომატიური წარმომადგენელი.
თამარ ტალიაშვილი იყო თბილისის საკრებულოს წევრი და თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე; 2017 წლიდან – საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი; 2018 წლიდან ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფლებათა კონგრესის ვიცე-პრეზიდენტი; 2020-2022 წწ. საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო”. 2022 წლის ოქტომბერში დაინიშნა ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად.