დონალდ ტრამპი: ლოს-ანჯელესში „ჯარი რომ არ შემეყვანა“, ოდესღაც მშვენიერი და დიადი ქალაქი ახლა ჩაიფერფლებოდა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მას ლოს-ანჯელესში ეროვნული გვარდიის შეყვანის გადაწყვეტილება რომ არ მიეღო, ქალაქი მთლიანად ჩაიფერფლებოდა.

დონალდ ტრამპი

„ლოს-ანჯელესში ბოლო სამი ღამის განმავლობაში „ჯარი რომ არ შემეყვანა“, ოდესღაც მშვენიერი და დიადი ქალაქი ახლა ჩაიფერფლებოდა ზუსტად ისე, როგორც 25 000 სახლი დაიწვა ლოს-ანჯელესში არაკომპეტენტური გუბერნატორისა და მერის გამო“, – დაწერა ტრამპმა.

თავის პოსტში ტრამპმა გაიხსენა მასშტაბური ტყის ხანძარი კალიფორნიის შტატში, რომელიც მიმდინარე წლის იანვარში მოხდა. მაშინ ტრამპს პრეზიდენტის თანამდებობა ოფიციალურად არ ეკავა. ის მომხდარში ადგილობრივ ხელისუფლებასა და იმჟამინდელი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას ადანაშაულებდა.

ტრამპის თქმით, მისმა ადმინისტრაციამ უკვე დაასრულა დამწვარი სახლების ჩანაცვლებაზე მუშაობა, და დაზარალებულებს მალე ზარალს აუნაზღაურებენ.