ეს და სხვა მრავალი კომუნისტების დროს იყო, ბატონო ირაკლი კობახიძევ! – “დიფსტეიტსა” და არა მარტო მასზე

საქართველოს პოლიტიკური კურსი ევროკავშირში და ნატოში გაწევრებაა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სულ ახლახანს, დაბეჯითებით გაგვიმარტა, რომ 2030 წლისთვის საქართველო აპირებს ევროკავშირში შესვლას, არა იმ ევროკავშირში, რომელიც დღეს არის და რომელიც ჰგმობს „ოცნების“ პოლიტიკას, არამედ ახალში, რომელიც კობახიძის აზრით, დემოკრატიის ნაკრძალი იქნება.

თანამედროვე ევროკავშირი ისეთია, რომ კობახიძის ოცნებას ასრულება არ უწერია. ევროკავშირი უკეთესობისკენ არ შეიცვლება. ერთადერთი რაც მოხდება ამ ორგანიზაციასთან მიმართებაში — დაშლაა. ორივე შემთხვევაში აქცენტი ევროკავშირზე არასწორია, ვინაიდან რეფორმების გარეშე დარჩენილი ევროკავშირი საქართველოს თავის რიგებში არ მიიღებს. დასაშლელად გამზადებულ კავშირში  შესვლას აზრი არ აქვს.

რაც შეეხება ნატოს — წინა სტატიაში მოგახსენეთ აშშ-ს პრეზიდენტის წარმომადგენლის უკრაინაში კელოგის დამოკიდებულების შესახებ ნატოში უკრაინის, მოლდოვის, საქართველოს გაწევრების თაობაზე. კელოგმა გააჟღერა აშშ-ს პრეზიდენტის მოსაზრება — არც ერთი ჩამოთვლილი ნატოში მიღებული არ იქნება.

როგორც ჩანს, ხელისუფლებამ აშშ-ს ადმინისტრაციის ნათქვამი ვერ გაიგო. არ გვიღებენ პატივცემულებო! რა არის ამაში გაუგებარი?

მართალია, 4 ივნისის რამშტაინის შეხვედრა უკრაინასთან მიმართებაში ნატოში შესვლა-არშესვლის საკითხს არ უკავშირდება, მაგრამ ნატოს ყველა წევრისა და სხვა ქვეყნების თავყრილობის გამომხატველთა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გასაწევად.

ამ ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე პატიაშვილიც ესწრებოდა. რატომ?

უკრაინის ხელისუფლება ნეოფაშისტურია, ტერორისტულია, საქართველოს მაგინებელია. უკრაინის პრეზიდენტი ეთერში ამბობს, რომ ბირთვული იარაღი უნდა დავამზადო — რუსეთზე დასარტყმელადო.

ზელენსკი ნარკომანია და კოკაინით გაბრუებულმა სრულიად თავისუფლად შეიძლება გამოიყენოს ატომური ბომბი, რომელიც მსოფლიოს კატასტროფას მოუტანს.

პრეზიდენტმა ტრამპმა ბრძანა, რომ ზელენსკის მსოფლიო მესამე ომისკენ, ბირთვულისკენ მიჰყავს. აი, ამ ფონზე საქართველოს რა უნდა რამშტაინში?

საქართველოს ხელისუფლებაში ხშირად ატრიალებენ სიტყვა „დიპ სტეიტს“, თუმცა, როგორც ჩანს არ იციან „სიღრმისეული სახელმწიფოს“ მნიშვნელობა. „ოცნების“ საყვირმა კალაძემ ისიც თქვა — ტრამპმა ვერ დაამარცხაო „დიპ სტეიტი“, სხვათა შორის იგივე ბრძანა პრემიერ-მინისტრმა კობახიძემაც.

დავსვათ კითხვა — შეიძლება მთვარის, მზის, მარსის, იუპიტერის დამარცხება?

ვირტუალურად მხოლოდ, რეალურად არა! „დიპ სტეიტი“ იყო, არის და იქნება, ვიდრე იარსებებს პლანეტა, რომელსაც დედამიწა ჰქვია. ვიდრე დედამიწაზე იცხოვრებენ მდიდრები და ღარიბები, ვიდრე იარსებებს სოციალური ფენა და ა.შ.

ვიდრე ადამიანებს, მეორეთა მიმართ ექნებათ სურვილი მათზე ზემოქმედების მოხდენის. ვიდრე ზემოქმედების სურვილით აღვსილნი თვით შეეცდებიან თავიანთი ჩანაფიქრის განხორციელებას ან დაიქირავებენ სხვას, სხვებს ამ საქმის შესასრულებლად — თვითონ ჩრდილში დარჩენილნი და ამ ჩრდილიდან, დაქირავებულების მეშვეობით, მთელი რიგი საკითხების გადაჭრას, მათ შორის, საქვეყნოს.

საქართველოს პირობებში „დიპ სტეიტის“ აშკარა წარმომადგენელია მილიარდერი ივანიშვილი, რომელიც კულისებიდან მართავს მისსავე დანიშნულ ხელისუფლებას და ქვეყანას. თვით კალაძე —აშშ-ს „დიპ სტეიტზე“ რომ ლაპარაკობს, ქართულ რეალობაში „დიპ სტეიტი“ არ არის?

ქართული „დიპ სტეიტის“ წარმომადგენლებია ჩხარტიშვილი, რუხაძე, რამიშვილი (მეტსახელად ზარალა), ჯოხთაბერიძე და ა.შ. მდიდრები, რომლებიც ხელს არა მარტო ბიზნესში აფათურებენ, არამედ ქვეყნის ცხოვრებაში.

შეიძლება მათი დამარცხება?

ცალ-ცალკე თავის მოკვეთა ისე, როგორც ცხრათავიანი გველეშაპისთვის შეიძლება, მაგრამ ზღაპრის მიხედვით, მოკვეთილი თავის ნაცვლად იმ გველეშაპს ხომ ახალი თავი ეზრდება?

არ იქნება ივანიშვილი, იქნება სხვა გვარით, იგივე ივანიშვილი.

სოციალური დაპირისპირების, უთანასწორობის გამოსწორების სურვილმა გამოიწვია პროლეტარული რევოლუცია ლენინისა და მისი თანამებრძოლების ძალისხმევით. ხალხთა თანაფარდობაზე დაფუძნებულმა საბჭოთა სისტემამ 70 წელი იარსება და გიგანტურ წარმატებებსაც მიაღწია ისტორიის ერთობ მოკლე პერიოდში.

მან სამოქალაქო ომიც გადაიტანა, ჰიტლერული გერმანიაც დაამარცხა, საბჭოთა კავშირი მსოფლიოს მეორე ქვეყნად გადააქცია, რომელიც დიდ კონკურენციას უწევდა კაპიტალიზმის ფლაგმანს აშშ-ს. მაგრამ ვერ გაუძლო პარტიაში გაჩენილ ღალატს, მერკანტილიზმს, მომხმარებლური სულისკვეთების მიერ სულიერის დაჩრდილვას და მსოფლიო ისტორიაში არსებულ უნიკალურ სისტემას წყალი შეუყენა — ნგრევით.

რახან საბჭოეთი ვახსენე, მინდა კობახიძის მიერ ჟურნალისტებთან ნათქვამს შევეხო, ევროპარლამენტის მიერ მიღებული ანტი-„ოცნებური“ დოკუმენტი, საბჭოური უზენაესი საბჭოს მიერ არაფრისმაქნის დოკუმენტებს შეადარა, თან ისიც დაამატა — მახსოვს, გასული საუკუნის 80-იანი წლების უზენაესი საბჭოს უნიათო დოკუმენტები, რომლებსაც ძალა არ ჰქონდაო.

კობახიძეს, ასაკიდან გამომდინარე, ვერ გაახსენდება საბჭოთა საქართველოს 80-იანი წლები, მითუმეტეს უზენაესი საბჭოს დადგენილებები, მარტივი მიზეზის გამო — ასაკის და სიტყვა „უზენაესი“, ანუ უზენაესი საბჭოს არ არსებობის გამო.

საბჭოთა პერიოდში იყო უმაღლესი საბჭო, რომელიც წლის განმავლობაში 2-ჯერ იკრიბებოდა — საგაზაფხულო და საშემოდგომო სესიებზე. უმაღლესი საბჭოს 440 დეპუტატი კი მუდმივად მუშაობდნენ დარგობრივ კომიტეტებში, მათი ძირითადი სამუშაოს პარალელურად. სესიებს შორის საქმიანობას წარმართავდა უმაღლესი საბჭოს მიერ არჩეული, უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი, თავისი აპარატით. უმაღლეს საბჭოს პრეზიდიუმს თავმჯდომარე ხელმძღვანელობდა. მას ჰყავდა მოადგილე. უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმს, უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივანიც ჰყავდა.

უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის წევრები იყვნენ საქართველოს კპ ცკ-ს პირველი მდივანი, საქართველოს კომკავშირის პირველი მდივანი, ავტონომიური ფორმირებების უმაღლესი საბჭოების თავმჯდომარეები, საზოგადოების გამორჩეული პირები, მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის მოწინავე მუშაკები.

უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სხდომები, როგორც წესი თვეში ერთხელ იმართებოდა და იხილავდა კომიტეტების მიერ შემუშავებულ დადგენილებათა პროექტებს, რომელთა დამტკიცების შემთხვევაში, თავმჯდომარისა და მდივნის ხელმოწერით აქვეყნებდა პრესაში, აგზავნიდა საქართველოს რაიონებსა და ქალაქებში შესასრულებლად.

რაც შეეხება უმაღლეს საბჭოს, რომელიც წლის განმავლობაში ორჯერ იკრიბებოდა სესიებზე — გაზაფხულისა და შემოდგომის, ამტკიცებდა უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მიერ მიღებულ დოკუმენტებს, სხვა საკანონმდებლო აქტებთან ერთად.

1990 წლის პირველი მრავალპარტიული არჩევნების ჩატარების შემდეგ, უმაღლესი საბჭოს სახელი და შინაარსიც გადაკეთდა უზენაეს საბჭოზე, რომელიც თავის საქმიანობას ყოველდღიური სხდომებით წარმართავდა.

უზენაესმა საბჭომ შეინარჩუნა ოპერატიული ორგანო — უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმი, რომელსაც უძღვებოდა უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ზვიად გამსახურდია.

პრეზიდიუმის შემადგენლობაში, გარდა თავმჯდომარის მოადგილეებისა, შედიოდნენ დარგობრივი კომისიების თავმჯდომარეები.

როგორც საბჭოთა პერიოდის, ისე ე.წ. ეროვნული ხელისუფლების უმაღლეს და უზენაეს საბჭოების პრეზიდიუმების სხდომებს, როგორც მოწვეული,  ესწრებოდა მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე ან თავმჯდომარის პირველი მოადგილე, უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარე, გენერალური პროკურორი, იუსტიციის მინისტრი, შს მინისტრი.

ორივე შემთხვევაში მიღებული გადაწყვეტილებები მოითხოვდა შესრულებას და 100%-ით თუ არა, 90%-ით სრულდებოდა. აი, სწორედ იმ გადაწყვეტილებებმა, დადგენილებებმა, კანონებმა ააშენეს საქართველო.

ქუჩებზე, რომლებზეც კობახიძე დაქრის დაჯავშნული ავტომანქანით — კომუნისტების დროს გაკეთდა. სახლებში, რომლებშიც მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა ცხოვრობს, კომუნისტებმა ააშენეს, და არა მარტო ააშენეს, უსასყიდლოდ საცხოვრებლად გადასცეს, შემდეგ აჩუქეს მოსახლეობას.

კომუნისტებმა შემოიღეს საყოველთაო სწავლება, საშუალო და უმაღლესი განათლება — ყოველგვარი საფასურის გარეშე, ისე, როგორც სამედიცინო მომსახურეობა. კომუნისტებმა შემოიღეს და ფართოდ გაშალეს მოსახლეობის დასვენების საკურორტო ქსელი — კომპლექსური სამედიცინო მომსახურეობით; ბავშვთათვის — პიონერთა ბანაკები.

კომუნისტების დროს გაიყვანეს ახალი გზები და გვირაბები, რკინიგზის ხაზები, თბილისის მეტრო, სანიმუშო საწარმოები — მძიმე და მსუბუქი, კვების მრეწველობის. კომუნისტებმა ააშენეს მეტალურგიული ქარხანა, ხოლო მის ირგვლივ ქალაქი. კომუნისტებმა ააშენეს თბილისის ელმავალმშენებელი და ჩარხმშენებელი გიგანტური ქარხნები, საავიაციო 31-ე ქარხანა. თბილისის ზღვაც კომუნისტებმა შექმნეს.

კომუნისტების დროს შეიქმნა კინოსტუდია, თეატრები — დრამატული, მუსიკალური კომედიის, ბავშვთა. ზენიტში ავიდა საოპერო და საბალეტო ხელოვნება. კომუნისტებმა შექმნეს საქართველოს ხალხური ცეკვის ანსამბლი, ანსამბლი „რუსთავი“, სიმღერისა და ცეკვის ანსამბლები. კომუნისტების დროს გაიფურჩქნა კონსერვატორია, საბალეტო სტუდია, სამხატვრო აკადემია, მეცნიერებათა აკადემია, …

კომუნისტების დროს გახდა სპორტი საყოველთაო, განსაკუთრებით ფეხბურთი, კალათბურთი, ხელბურთი, ჭიდაობა, … კომუნისტების დროს გახდა ქართული კალათბურთი ევროპის ჩემპიონი, ისე, როგორც ფეხბურთი.

კომუნისტების დროს აყვავდა ქართული ხელოვნება, მწერლობა, მხატვრობა, მეცნიერება, … რომელი ერთი ჩამოვთვალო.

საქართველოში, არა მარტო სახელმწიფოებრიობა ჩამოყალიბდა, არამედ სახელმწიფოსადმი სიყვარული, პატივისცემა, პატრიოტიზმი, განსწავლული ინჟინერ-ტექნიკური საზოგადოება. ძნელად მოიძებნება დარგი, რომელიც საბჭოთა საქართველოში განვითარებული არ ყოფილიყო.

ეს და სხვა მრავალი კომუნისტების დროს იყო, ბატონო ირაკლი. და ნაცვლად იმისა, რომ შეგენარჩუნებინათ — დააქციეთ, გაანადგურეთ, თეთრებად გაყიდეთ უცხოეთში; მოსახლეობა — დამშეული, უყურადღებოდ მიტოვებული, ლუკმა-პურის საშოვნელად უცხოეთის გზას გაუყენეთ.

თქვენ, რომ თქვენსავით მსუბუქად მოაზროვნე ჟურნალისტებს უთხარით — უმაღლესი საბჭოს არაპროფესიონალი დადგენილების მსგავსიაო ევროპარლამენტის გადაწყვეტილება, ევროპარლამენტისა რა მოგახსენოთ, მაგრამ უმაღლესი საბჭოს „არაფრისმქმნელმა“ გადაწყვეტილებებმა შექმნეს ყოველივე, ისე, რაც ზემოთ ჩამოგითვალეთ, თუმცა ვფიქრობ – ტყუილად, ვინაიდან ვერც თქვენ და ვერც თქვენი გუნდელები ვერ გაიგებთ, ვინაიდან გაგებას ცოდნა სჭირდება, რაც დიდი დეფიციტია ქართულ პოლიტიკაში.

 

ჰამლეტ ჭიპაშვილი