„რუსეთის დელეგაციამ თავად ღიად განაცხადა, რომ მისი მემორანდუმი ულტიმატუმია. მოსკოვმა იცის, რომ კიევი ასეთ პირობებს არ მიიღებს,“ – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უნგრულ გამოცემა Válasz Online- თან ინტერვიუში განაცხადა.
ზელენსკის თქმით, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ უკრაინის მემორანდუმი ცეცხლის შეწყვეტის საფუძველია. ამავდროულად, სტამბოლში მყოფ უკრაინის დელეგაციას აქვს მანდატი, განიხილოს ჰუმანიტარული საკითხები – სამხედრო ტყვეები და გატაცებული ბავშვები.
„თუმცა, მათ არ აქვთ მანდატი, განიხილონ უკრაინის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. ეს ჩვენი კონსტიტუციური საკითხია“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, უკრაინა არანაირ გარემოებებში არ არის მზად, ოკუპირებული ტერიტორიები სამართლებრივ დონეზე რუსეთის ნაწილად აღიაროს.
„ჩვენ გვსურს ომის დასრულება, მაგრამ ამისთვის ორივე მხარის ნებაა საჭირო. თუ მეორე მხარე ამისთვის მზად არ არის, ის ყოველთვის მოიფიქრებს რაღაცას. მათ ჩვენს დელეგაციასაც კი უთხრეს: „ვიცით, რომ ჩვენი მემორანდუმი ულტიმატუმია და თქვენ მას არ მიიღებთ“. ასე რომ, კითხვა სტამბოლის ფორმატის ხარისხში კი არა, რუსების ტყუილებთან დაკავშირებითაა“, – თქვა ზელენსკიმ.