ევროკომისია რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-18 პაკეტის დაბლოკვის შესახებ რობერტ ფიცოს განცხადებას პასუხობს

ევროკომისია, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-18 პაკეტზე ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფოს მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად, სლოვაკეთთან განიხილავს მის შეშფოთებას ევროკავშირისთვის რუსული ენერგომატარებლების მიწოდების შეწყვეტის შემდგომ მოსალოდნელ პრობლემებთან დაკავშირებით, – ასე გამოეხმაურა ევროკომისიის პრესსპიკერი, პაულა პინიო სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს განცხადებას, რომ ის დაბლოკავს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-18 პაკეტს მანამ, სანამ ევროკავშირი არ შესთავაზებს გამოსავალს იმ კრიზისული სიტუაციიდან, რომლის წინაშეც სლოვაკეთი აღმოჩნდება ევროკავშირში რუსული ენერგორგომატარებლების იმპორტის სრული შეწყვეტის შემდეგ.

ევროკომისია რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-18 პაკეტის დაბლოკვის შესახებ რობერტ ფიცოს განცხადებას პასუხობს

„წინა 17 პაკეტი ერთხმად დაამტკიცა 27-მა წევრმა სახელმწიფომ. ეს ჩვენი მიზანი რჩება მე-18 პაკეტისთვისაც. ამიტომ, ვასრულებთ საშინაო დავალებას, ვუკავშირდებით ყველა წევრ სახელმწიფოს და განვიხილავთ მათთან როგორ შეგვიძლია შესაძლო პრობლემების მოგვარება”, – აღნიშნა ევროკომისიის პრესსპიკერმა.

მისი თქმით, ევროკომისია ამჯერადაც თანამშრომლობს წევრ სახელმწიფოებთან, მათ შორის სლოვაკეთთან, უსმენს მათ შეშფოთებას და ეძებს მათი მოგვარების გზებს.

“ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ომის დაწყების პერიოდიდან, ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ყველა წევრ სახელმწიფოსთან სწორედ რუსეთიდან წიაღისეული საწვავის იმპორტის თანდათანობით შეწყვეტის საკითხზე და ჯერჯერობით ეს წარმატებით მიმდინარეობს“, – განაცხადა ევროკომისიის პრესსპიკერმა.