ამერიკელი მილიარდერი ილონ მასკი თავის სოციალურ ქსელ X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში აცხადებს, რომ ნანობს გასულ კვირას აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის შესახებ გამოქვეყნებულ ზოგიერთ პოსტს.
„ვნანობ გასულ კვირას პრეზიდენტ დონალდ ტრამპის შესახებ გამოქვეყნებულ ზოგიერთ პოსტს. ისინი ძალიან შორს წავიდნენ“, – წერს მასკი.
ცნობისთვის, ტრამპსა და მასკს შორის ურთიერთობა გასულ კვირას დაიძაბა, როდესაც მათ ერთმანეთის მისამართით სოციალურ მედიაში პოსტები გაცვალეს. Tesla-სა და SpaceX-ის აღმასრულებელმა დირექტორმა აშშ-ის პრეზიდენტის მიერ შემოღებულ გადასახადებისა და ხარჯების კანონპროექტს „ამაზრზენი საზიზღრობა“ უწოდა.
მასკმა ასევე განაცხადა, რომ ტრამპი 2024 წლის არჩევნებს მისი ფინანსური მხარდაჭერის გარეშე ვერ მოიგებდა, მიანიშნა ტრამპის იმპიჩმენტის მხარდაჭერაზე და მტკიცებულებების წარდგენის გარეშე განაცხადა, რომ ტრამპის სახელი პედოფილი ამერიკელი ფინანსისტის ჯეფრი ეპშტეინის ფაილებში ფიგურირებს, რის გამოც ისინი საზოგადოებისთვის არ საჯაროვდება.
ბრალდებების პასუხად ტრამპმა განაცხადა: „ამას „ძველი ამბავი“ ჰქვია და მასზე წლებია, საუბრობენ. ეპშტეინის ადვოკატმაც კი თქვა, რომ მე ამასთან არანაირი კავშირი არ მაქვს. ეს ძველი ამბავია“.
ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მას არ სურს ილონ მასკთან ურთიერთობების აღდგენა და უახლოეს მომავალში მასთან საუბარს არ გეგმავს.