რუსეთის შეტევები უკრაინაზე 500-მდე დრონის გამოყენებით არ არის პასუხი უკრაინის სპეცსამსახურის მიერ განხორციელებულ სპეცოპერაცია „აბლაბუდაზე“. რეალური მიზეზი სრულიად სხვაა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ BILD-თან ინტერვიუში განაცხადა.
მან ასეთ ვარაუდს აბსურდი უწოდა და აღნიშნა, რომ რუსეთმა გუშინ უკრაინაზე რეკორდული თავდასხმა განახორციელა. ზელენსკიმ განმარტა, რომ კრემლის ლიდერი ვლადიმერ პუტინი „უკრაინაზე თავდასხმისთვის მიზეზებს ეძებს და უბრალოდ არ სურს ომის დასრულება“.
ომის დასრულების მოლაპარაკებებთან დაკავშირებით ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინული მხარე რუსებს არ ენდობა.
„მათთვის მნიშვნელოვანია, ტრამპს აჩვენონ, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის დიპლომატიური ხიდი არსებობს, რათა მოლაპარაკებების მიმდინარეობისას რუსეთს სანქციები არ დაეკისროს. რადგან პუტინს ყოველთვის შეუძლია თქვას: „ჩვენ ერთმანეთს ვესაუბრებით! თუ სანქციები დაწესდება, მოლაპარაკებები აღარ იქნება“. პუტინს მშვიდობა არ სურს“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ამავდროულად, უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ პუტინი მეორე მიზნისკენაც ისწრაფვის – უკრაინის იზოლირების მიზნით, მათ „დიალოგი ევროპელებისა და ამერიკელების გარეშე“ სურდათ.
„ხანგრძლივი ომი [უკრაინის] პარტნიორების მხარდაჭერის გარეშე – პუტინისთვის ეს იდეალური ვარიანტი იქნებოდა… ტრამპი ხედავს, რომ რუსული მხარე ომის შესახებ ბოლომდე ღია და გულწრფელი არ არის. რუსეთი უბრალოდ ატყუებს ტრამპს“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
აშშ-ის პრეზიდენტის მის მიმართ უკმაყოფილებასთან დაკავშირებით ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ყველაფერს ნორმალურად აღიქვამს, თუ ეს ომის დასრულებას აახლოებს.
„ტრამპმა თავისი ტაქტიკა აირჩია. არავის განსჯა არ მინდა“, – აღნიშნა ზელენსკიმ და დასძინა: „პუტინს ძალაუფლების გარდა არაფრის ესმის. ამერიკას ეს ძალაუფლება აქვს და ძალიან ვიმედოვნებ, რომ ამერიკა ამას ხედავს და გაიგებს.“
რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ეფექტურობაზე კომენტირებისას ზელენსკიმ განაცხადა, რომ მთავარი შეცდომა ის იყო, რომ ისინი ძალიან ნელა შემოიღეს. „ამან პუტინს ადაპტაციის შანსი მისცა“, – აღნიშნა მან.
„პუტინი გრძნობს, რომ მისი ეკონომიკა ახლა ზარალდება. თუმცა, მას სურს მეტი დროის მოგება მკაცრი სანქციების შემოღებამდე, რადგან მას შეუძლია გარკვეული დროით გაძლოს“, – განაცხადა ზელენსკიმ და პარტნიორებს მოუწოდა, რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი სანქციები ახლავე დაწესდეს.
მან აღნიშნა, რომ ეს უკრაინას მხარს დაუჭერდა და, შედეგად, ნაკლები უკრაინელი დაიღუპებოდა.
„ხალხი შეშა არ არის, რომელსაც ცეცხლში ვყრით. ჩვენ ჩვენს ხალხს ისე არ ვექცევით, როგორც ამას რუსები აკეთებენ“, – განაცხადა ზელენსკიმ.