მარკო რუბიო: ამერიკელი ხალხის სახელით, რუს ხალხს „რუსეთის დღეს“ ვულოცავ

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ ამერიკელი ხალხის სახელით რუსებს „რუსეთის დღე“ მიულოცა. განცხადება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

მარკო რუბიო

„ამერიკელი ხალხის სახელით, მინდა მივულოცო რუს ხალხს „რუსეთის დღე“. ამერიკის შეერთებული შტატები კვლავ ერთგულად უჭერს მხარს რუსი ხალხის უკეთესი მომავლისკენ სწრაფვას. ჩვენ ასევე ვიყენებთ ამ შესაძლებლობას, რომ კვლავ დავადასტუროთ ამერიკის შეერთებული შტატების სურვილი რუსეთის ფედერაციასთან კონსტრუქციული ურთიერთობისთვის რუსეთსა და უკრაინას შორის მდგრადი მშვიდობის მოსაპოვებლად. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ მშვიდობა ხელს შეუწყობს ჩვენს ქვეყნებს შორის ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობების განვითარებას“, – ნათქვამია რუბიოს განცხადებაში.

ცნობისთვის, 12 ივნისს რუსეთში მთავარი სახელმწიფო დღესასწაული „რუსეთის დღე“ აღინიშნება.

1990 წლის 12 ივნისს რუსეთის საბჭოთა ფედერაციული სოციალისტური რესპუბლიკის სახალხო დეპუტატთა ყრილობამ მიიღო „დეკლარაცია სახელმწიფო სუვერენიტეტის შესახებ“.

2002 წლამდე ამ დღეს „რუსეთის დამოუკიდებლობის დღე“ ერქვა.