ბრიტანეთის საელჩომ საკუთარი თავი ამხილა საქართველოში ექსტრემიზმის, სიძულვილისა და პროპაგანდის დაფინანსებაში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, აღმოჩნდა, რომ „ბრიტანეთის ელჩი საქართველოს მთავრობისგან ნებართვას ითხოვდა, რადიკალური პოლიტიკური ჯგუფები დაეფინანსებინა“.
„მგონი, ბრიტანეთის საელჩო ფიქრობდა, რომ რაღაც ჩაქუჩს დაარტყამდა, მაგრამ, საბოლოო ჯამში, თითში დაირტყა ეს ჩაქუჩი, ვინაიდან ამხილა საკუთარი თავი საქართველოში ექსტრემიზმის, სიძულვილისა და პროპაგანდის დაფინანსებაში. აღმოჩნდა, რომ ბრიტანეთის ელჩი ითხოვდა ნებართვას, რომ დაეფინანსებინა პარტიული პროპაგანდისტული კედლის გაზეთი „ტაბულა“; ბრიტანეთის ელჩი ითხოვდა ნებართვას საქართველოს მთავრობისგან, რომ დაეფინანსებინა რადიკალური პოლიტიკური ჯგუფები. „ნაციონალური მოძრაობის“ 5 ნომერი რომ იქნება ორგანიზაციაში და იმას აფინანსებ, ხოლო ქართველ ხალხს ეუბნები, ეს არჩევნების დაკვირვებისთვის არისო. მგონი, ბრიტანეთის ელჩს შტერი ვგონივართ, როცა მიიჩნევს, რომ ქართველი ხალხი დაიჯერებს, პარტიული პროპაგანდისტული კედლის გაზეთი „ტაბულას“ დაფინანსება არის დამოუკიდებელი მედიის დაფინანსება და დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის დაფინანსება. ალბათ შტერი ჰგონია ქართველი ხალხი, თუ ბრიტანეთის ელჩი ფიქრობს, რომ ქართველი ხალხი დაიჯერებს, თითქოს თვითმმართველობის არჩევნებისთვის რაღაც მზადებას ემსახურება ენჯეო „მომავლის აკადემიის“, თუ რაღაც ასეთი ჰქვია, დაფინანსება, რომლის ლიდერები არიან გია ჯაფარიძე, ზიბზიბაძე და ასე შემდეგ, პარტიული ხალხი. ყველას შეგახსენებთ, რომ ერთიც, მეორეც და მესამეც, ყველა მუშაობს, რათა ჩაშალოს თვითმმართველობის არჩევნები. როგორც „ტაბულას“ და მის უკან მდგომ პოლიტიკურ პარტიას, ისევე ეგრეთ წოდებულ მომავლის აკადემიას და მის უკან მდგომ პოლიტიკურ პარტიას, გაცხადებული პოლიტიკა აქვთ, ჩაშალონ თვითმმართველობის არჩევნები. ამ ხალხისთვის ფულის მიცემა სურს ბრიტანეთის ელჩს. არ ვიცი, ამაზე მეტი მავნებლობა რა შეიძლება, ადამიანმა განაცხადოს რომელიმე ქვეყანაში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
საქართველოში ბრიტანეთის საელჩომ განაცხადა, რომ არსებული გაურკვევლობის გამო უწევთ, გააუქმონ ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებული საგრანტო წინადადებები: „ამ დრომდე არ არსებობს „გრანტების დამტკიცების პროცედურის შესახებ“ გადაწყვეტილებების მიღების მექანიზმები ან ვადები. სამწუხაროდ, ამ გაურკვევლობის გამო გვიწევს, გავაუქმოთ დაგეგმილი საგრანტო წინადადებები, რომლებიც მიზნად ისახავდა დაგეგმილი მუნიციპალური არჩევნების გამჭვირვალობისა და კონკურენტუნარიანობის მხარდაჭერას“.