ისრაელი მთელ მსოფლიოში დიპლომატიურ მისიებს ხურავს

ისრაელი მთელ მსოფლიოში დიპლომატიურ მისიებს ხურავს, – ამის შესახებ ინფორმაციას სხვადასხვა ქვეყანაში ისრაელის საელჩოები ავრცელებენ.

ისრაელის დროშა

„ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, მთელ მსოფლიოში ისრაელის მისიები დაიხურება და საკონსულო მომსახურება არ იქნება უზრუნველყოფილი“, – ნათქვამია განცხადებაში.

როგორც შვედეთში ისრაელის საელჩომ განაცხადა, საკონსულო სერვისები აღარ განხორციელდება და დახურვის მიზეზი ბოლოდროინდელი მოვლენებია. განცხადებაში, აღნიშნული არ არის თუ რა პერიოდით წყდება საკონსულო მომსახურება.

ცოტა ხნით ადრე, ცნობილი გახდა, რომ ისრაელმა დახურა საელჩო ბერლინშიც.

ამასთან, საქართველოში ისრაელის საელჩომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო საელჩო დაკეტილია და ხელმისაწვდომი არ იქნება საკონსულო მომსახურებაც.

ასევე, ისრაელი საკუთარ მოქალაქეებს უსაფრთხოების მხრივ რამდენიმე რჩევას აძლევს:

– მოერიდონ ებრაული ან ისრაელური სიმბოლოების გამოჩენას საჯარო სივრცეებში

– თავი შეიკავონ სოციალურ მედიაში საკუთარი ლოკაციის ან სამოგზაურო გეგმების შესახებ იდენტიფიცირებადი დეტალების გავრცელებისგან

– მოერიდონ ისრაელურ ან ებრაულ თემებთან ასოცირებულ დიდ შეკრებებში ან ღონისძიებაში მონაწილეობას

– ითანამშრომლონ ადგილობრივ უსაფრთხოების ძალებთან და დაუყოვნებლივ მიჰყვნენ მათ ინსტრუქციებს თუ მტრული აქტივობის წინაშე აღმოჩნდებიან

– განსაკუთრებული ყურადღებით იყვნენ საჯარო სივრცეებში