„ბართლომეოსი – გაყიდული აგენტი!“ „თურქეთის პროკურატურა უნდა დაინტერესდეს სი-აი-ეის აგენტით ბართლომეოსით!“ – ამგვარი შინაარსის პლაკატებით ქართველმა აქტივისტებმა მორიგი აქცია მოაწყეს საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საელჩოსთან.
პოლიტიკური მოძრაობა „მძლეველის“ წარმომადგენლებმა შეახსენეს თურქ დიპლომატებს, რომ თავად თურქეთში გაისმის მოწოდებანი, აღიძრას სისხლის სამართლის საქმე მართლმადიდებელი სამყაროს მწვალებლის – კონსტანტინეპოლის პატრიარქ ბართლომეოსის მიმართ, რომელიც, გადაიქცა რა გლობალისტების იარაღად, გამოდის მართლმადიდებელი ხალხების წინააღმდეგ, მაგრამ, ამავე დროს, პერსპექტივაში საშიშია თვით თურქეთისთვისაც.
თურქეთის საელჩოს წინ მოეწყო პატარა მიტინგი, რომელსაც „მძლეველის“ თავმჯდომარე ლაშა ლომიძე უძღვებოდა.
საელჩოს გადაეცა მიმართვა, რომელშიც აღნიშნულია:
„როგორც ჩვენთვის ცნობილია, თურქეთის პროკურატურაში დარეგისტრირებულია განცხადება ბართლომეოსის არამართლზომიერ ქმედებებზე, როდესაც იგი შეეცადა, წასულიყო ქვეყნის კონსტიტუციის წინააღმდეგ. ჩვენი დაკვირვებით, პატრიარქი ბართლომეოსი სულ უფრო მეტად სცილდება მართლმადიდებელ კანონიკას და ემსგავსება რომაულ პაპიზმს, რაც თავისთავად პოლიტიკურ ასპექტებსაც მოიცავს. იმედი გვაქვს, რომ გაითვალისწინებთ წინამდებარე მომართვის პათოსს და გაითავისებთ ჩვენს გულისწუხილს, რისთვისაც წინასწარ გიხდით მადლობას“.
თურქეთის საელჩოსთან აქციის პარალელურად, თბილისში გაიმართა წარმომადგენლობითი კონფერენცია თემაზე – „ქართველთა და რუსთა მართლმადიდებლური ერთიანობა – რომელი ძალები გამოდიან ერთიანობის წინააღმდეგ“.
სასტუმრო „სვისოტელის“ საკონფერენციო დარბაზში განხილულ იქნა ისტორიული და თანამედროვე პოლიტიკური მომენტები, რომლებიც ხელოვნურად არის მიმართული მართლმადიდებელ ქართველთა და რუსთა ეკლესიური ერთიანობის წინააღმდეგ. განსაკუთრებით აღინიშნა უკრაინის აგენტურისა და ამერიკული სპეცსამსახურების მარიონეტად გადაქცეული კონსტანტინეპოლის პატრიარქ ბართლომეოსის დესტრუქციული როლი. ამასთან კავშირში, ევრაზიის ინსტიტუტის ხელმძღვანელმა გულბაათ რცხილაძემ გამოაცხადა თურქულ მასმედიაში გაჟღერებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ თურქეთის პარტია „ვატანის“ იურისტებმა ბართლომეოსის მოღვაწეობის წინააღმდეგ პროკურატურაში განცხადება შეიტანეს. აღნიშნული პარტიის წარმომადგენლების განცხადების თანახმად, ბართლომეოსი არღვევს თურქეთის რესპუბლიკის სუვერენიტეტის უფლებებს, როდესაც იყენებს „მსოფლიო პატრიარქის“ ტიტულს. სტამბულის სასამართლოს დარბაზის წინ, ოზან ბაირაქმა, პარტიის იურიდიული სამსახურის მდივანმა, განაცხადა, რომ ბართლომეოსმა აშკარა დანაშაული ჩაიდინა, როდესაც არ აღიარა ლოზანის ხელშეკრულება. ბაირაქმა ასევე გაიხსენა საკასაციო სასამართლოს 2007 წლის გადაწყვეტილება ფანარას პატრიარქის შესახებ. პარტია „ვატანის“ ადვოკატებმა აღნიშნეს, რომ ბართლომეოსი თავის მოღვაწეობას საკუთარი იურისდიქციის ფარგლებს გარეთ აწარმოებდა. მათ მოითხოვეს გამოძიების ჩატარება ბართოლომეოსის მიმართ და აღნიშნეს, რომ დააკვირდებიან პროცესს“.
კონფერენციაზე წაკითხულ იქნა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ბერ-დიაკონის, ფილოსოფიის დოქტორის, მამა გიორგი რუხაძის მოხსენება: „უკრაინის კრიზისის რელიგიური ფაქტორები“. თავის მოცულობით მოხსენებაში (რომლის ტექსტსაც მთლიანად გთავაზობთ ცალკე), ბერდიაკონმა გიორგიმ არგუმენტირებულად ახსნა მართლმადიდებელი ეკლესიის ურღვევობა ეროვნული ნიშნის მიხედვით და ჩამოთვალა კონკრეტული ფაქტები, რომლებიც ბართლომეოსის დესტრუქციულ როლზე მეტყველებს.
გაიმართა დისკუსია. სტუმრებმა – მღვდელმსახურებმა, სწავლულებმა, ჟურნალისტებმა, გადამდგარმა სამხედროებმა, თბილისის ორი ტაძრის მრევლის წარმომადგენლებმა, თავიანთი აზრები გამოთქვეს და მხარი დაუჭირეს ბერდიაკონ გიორგის თეზისებს.
გულბაათ რცხილაძემ წაიკითხა საქართველოში თურქეთის ელჩისადმი მიმართვა, რომელიც გაიგზავნა ევრაზიის ინსტიტუტის სახელით. წერილში ნათქვამია:
„ვადასტურებთ პატივისცემასა და კეთილ გრძნობებს მეზობელი თურქეთის რესპუბლიკის მიმართ და გთხოვთ, ყურადღება მიაქციოთ ქართველ მორწმუნეთა უმრავლესობის განწყობებს – ჩვენ ერთგულნი ვართ ჩვენი ეკლესიისა; ქართველები, რუსები, უკრაინელები, ბერძნები, ბულგარელები და სხვა ხალხები შევადგენთ ერთ სულიერ მთლიანობას, ერთ ეკლესიას, მისი თანასწორუფლებიანი განშტოებებითა და თანასწორუფლებიანი პატრიარქებით. ერთი პატრიარქის ჩაურევლობა მეორე პატრიარქის საქმეებში განსაზღვრულია საეკლესიო კანონმდებლობით, რომელსაც არღვევს პატრიარქი ბართლომეოსი, რომელმაც საკუთარი თავი სხვა პატრიარქებზე მაღლა დააყენა. მისი საქმიანობა ანტიმართლმადიდებლურ ხასიათს ატარებს და მიმართულია ყველა იმ ხალხის წინააღმდეგ, რომელიც აღიარებს მართლმადიდებელ ქრისტიანობას. ბართლომეოსს არ აინტერესებს რელიგია და საეკლესიო კანონები, მას აინტერესებს პოლიტიკური დაკვეთა, რომელსაც ის მესამე ძალებისგან იღებს. ეს მესამე ძალები არ არიან მეგობრულად განწყობილნი ჩვენს მიმართ, და არც თურქეთის მიმართ. ამის შესახებ თურქეთშიც არის ცნობილი. სწორედ ამიტომ, ამას წინათ, შესაბამისი იურიდიული განცხადება იქნა ჩაბარებული ბართოლომეოსის წინააღმდეგ, პარტია „ვატანის“ ადვოკატების მიერ.
გვსურს, დაგარწმუნოთ, რომ თურქეთის სახელმწიფოს შესაბამისი იურიდიული ქმედებები ბართლომეოსის წინააღმდეგ, თუკი ასეთს ადგილი ექნება, საქართველოში არ იქნება აღქმული მართლმადიდებელ ეკლესიაზე დევნად, არამედ პირიქით, ეს იქნება იმედი, რომ პროვოკატორი და მწვალებელი შეზღუდული იქნება თავის დესტრუქციულ საქმიანობაში. ეს იქნება თურქეთის მიერ მართლმადიდებელი ადამიანების მხარდაჭერის აქტი, როგორც საქართველოს, ისე მთელი მსოფლიოს მასშტაბით“, – აღნიშნულია წერილში.