ოდირი თუ ოდიოზურობა „ოცნებისთვის?” – მიწვევა არჩევნებზე ჯერ არ ჩანს, დრო იწურება

მიუხედავად იმისა, რომ თვითმმართველობის არჩევნებამდე ოთხ თვეზე ნაკლები რჩება, ხელისუფლებას ჯერ კიდევ არ გაუგზავნია ოფიციალური მოწვევა ეუთო/ოდირის მისიისთვის – საერთაშორისო ორგანიზაციისთვის, რომელიც წლების განმავლობაში საქართველოს არჩევნებზე დაკვირვების ერთ-ერთ მთავარ გარანტად ითვლება. მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ „მუნიციპალური არჩევნებისთვის მათი დატვირთვა ზედმეტი იქნება”, თუმცა პირდაპირ არ ამბობენ, მოხდება თუ არა მისი მოწვევა. ბრიტანეთის საელჩოს საჯარო მოწოდებას, მოიწვიონ ოდირი რაც შეიძლება მალე, „ოცნება” უცხოურ ჩარევად აფასებს და ამბობს, რომ ეს საქართველოს შიდა საქმეა.

შეგახსენებთ, როგორც წესი, ოდირი დაკვირვებისთვის მოწვევას არჩევნების დღემდე 4-6 თვით ადრე იღებს. საქართველოში კი თვითმმართველობის არჩევნები 2025 წლის 4 ოქტომბერს არის ჩანიშნული.

კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე ამბობს, რომ თუ „ოცნება” საბოლოოდ ეუთო-ოდირს არ მოიწვევს, ეს იქნება დასტური, რომ არჩევნების ობიექტურად ჩატარებას არ აპირებენ.

„თუ არ მოიწვიეს, ეს იმის ნიშანია, რომ „ოცნებას” არ უნდა ობიექტური დამკვირვებლები არჩევნებზე. და როდის არ უნდათ, ხომ გასაგებია – როცა აპირებენ არჩევნების უწესოდ ჩატარებას. თუ არ იქნება ეუთო/ოდირი, კი იქნებიან საერთაშორისო ორგანიზაციები – მაგალითად, რუსეთში რეგისტრირებული რომელიმე ორგანიზაცია – და იტყვიან, ისინი ხომ აკვირდებიანო. ასე რომ, თუ საერთაშორისო დონეზე აღიარებული, ობიექტური სადამკვირვებლო ორგანიზაციები არ იქნებიან მოწვეული, ამის მიზეზი იქნება ის, რომ არჩევნების წესიერად ჩატარებას არ აპირებენ და არ სურთ, ვინმემ – ასეთმა ობიექტურმა ორგანიზაციამ – დაწეროს ობიექტური დასკვნა”, – განაცხადა ხმალაძემ.

ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე კი აღნიშნავს, რომ შესაძლებელია ეუთო/ოდირს ადგილობრივ არჩევნებზე მოიწვიონ და არ გამორიცხავს იმასაც, რომ ეს იყოს სპეციალურად შემოგდებული პროპაგანდისტული ინფორმაცია, თითქოს „ოცნებამ” არ ეს ორგანიზაცია არ მოიწვიოს.

„მე ვფიქრობ, რომ მხოლოდ ჯერჯერობით არ არის მოწვეული და აუცილებლად მოიწვევს. ვფიქრობ, ეს არის შემოგდებული პროპაგანდა იმ ძალების მიერ, რომელთაც სურთ კიდევ ერთხელ გამოაცხადონ, რომ საქართველოში არჩევნები გაყალბებულია. დავუსვათ კითხვა: რატომ არ უნდა უნდოდეს „ქართულ ოცნებას” ეუთო/ოდირის მოწვევა? რა არჩევნებს წააგებს? არჩევნებს იმაზე უკეთ მოიგებს, ვიდრე ჰქონდა მოგებული წინა არჩევნები. ამიტომ ეს არის სრული პიარი ე.წ. პოლიტ-შარლატანების მიერ. აღვნიშნავ, ამ არჩევნებში ოპოზიციის შანსი ნულს უტოლდება. როგორც ბაბუაჩემი გაიმარჯვებს მომავალ არჩევნებში, ისე გაიმარჯვებენ ესენი. ამ წუთის მდგომარეობით, „ოცნება” უპრობლემოდ მოიგებს ყველგან. როცა ხაბეიშვილი გეყოლება და ერგოლეიშვილი – ასეთი ოდიოზური ფიგურები, იქ ყველაფერი დასრულებულია.”

„ჯერჯერობით ჩვენ არ მიგვიღია მოწვევა საქართველოში დაგეგმილ ადგილობრივ არჩევნებზე დასაკვირვებლად. დროული მოწვევა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რათა განვახორციელოთ არჩევნებზე დაკვირვებისთვის საჭირო აქტივობების სრული სპექტრი ჩვენი კარგად ჩამოყალიბებული მეთოდოლოგიის შესაბამისად, რომელიც გრძელვადიან, მიუკერძოებელ, ყოვლისმომცველ და პროფესიონალურ დაკვირვებას ეფუძნება”, – განაცხადა ეუთო-ოდირმა ნეტგაზეთთან 14 ივნისს.

ცნობისთვის, ეუთო/ოდირი არის მნიშვნელოვანი საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაცია, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით არჩევნებს მონიტორინგს უწევს. ეუთო/ოდირი აკვირდებოდა საქართველოში წინა წლებში ჩატარებულ თვითმმართველობის არჩევნებს – 2010, 2017 და 2021 წლებში, მათ შორის 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს, რომელზეც კრიტიკული დასკვნა მოამზადა.

თუ ოდირს არ მოიწვევენ?

ხმალაძე კითხვაზე, იქნება თუ არა უარი „ოცნებისგან” დასავლეთისადმი დისტანცირებისა და გაფრთხილების პოლიტიკური სიგნალი, გვპასუხობს:

„არ ვფიქრობ, რომ ეს დასავლეთის მიმართ კიდევ ერთი გაფრთხილება იქნება, რადგან ყველაფერი უკვე ნათქვამი აქვთ. თუმცა, ვფიქრობ, ეს დემოკრატიული სახელმწიფოსგან იზოლაციის კიდევ ერთი კომპონენტია. ყველაზე მნიშვნელოვანი ნათქვამი უკვე აქვთ – იმდენად სწრაფად წავიდა ეს იზოლაციონიზმის პროცესი და ის დაჩქარებით გრძელდება – ეს ერთი ელემენტიც სწორედ ამის დასტურია”, – განაცხადა ხმალაძემ.

ედიშერ გვენეტაძე კი ამბობს, რომ „ოცნება” დასავლეთს გააფრთხილებს:

„არ არის გამორიცხული, რომ თუნდაც ეს იყოს დასავლეთის გაფრთხილებაც „ქართული ოცნების” მხრიდან, რადგან დასავლეთმა თავზე გადაიხია საერთაშორისო სამართალი. ამიტომ, თუ მყარად დავდგებით, დაჩოქილები მოვლენ ჩვენთან. რატომ მოვლენ? იმიტომ, რომ ჩვენ მათ უფრო ვჭირდებით, ვიდრე ისინი – ჩვენ”, – განაცხადა გვენეტაძემ.

რა არგუმენტები აქვს „ოცნებას”?

მმართველ პარტიაში გადაჭრით არ ამბობენ, მოიწვევენ თუ არა ეუთო ოდირს. თუმცა აკრიტიკებენ ბრიტანეთს.

„ბრიტანეთის მთავრობას არანაირად არ ეხება, რას აპირებს საქართველო სახელმწიფო არჩევნებთან დაკავშირებით. ვინ ეკითხება კონკრეტულ საელჩოს საქართველოს შიდა პოლიტიკაში ჩარევას?! – ვინ ეკითხება ბრიტანეთის საელჩოს, ჩვენ ადგილობრივ არჩევნებზე ვის მოვიწვევთ და ვის არა?! ეს ნონსენსია! ვერ გავიგე, რატომ აძლევს ბრიტანეთის საელჩო თავს ამ სითავხედის უფლებას!” – ასე ეხმაურება „ქართული ოცნების” დეპუტატი ირაკლი ზარქუა.

ზარქუა აცახდებს, რომ ბრიტანეთი აფინანსებს ოპოზიციური ლიდერების პარტიებს.

პრემიერი კი ამბობს, რომ მუნიციპალური არჩევნებისთვის მათი დატვირთვა ზედმეტი იქნება.

„ვფიქრობთ, ზედმეტი იქნება ეუთო/ოდირის დატვირთვა ჩვენი თვითმმართველობის არჩევნებით”, – განაცხადა პრემიერმა, კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი აღნიშნავს, რომ გაუგებარია მსგავსი დამოკიდებულება ბრიტანეთის მხრიდან, რადგან ეს არღვევს საერთაშორისო ნორმებს:

„ბრიტანეთის მთავრობას არ ეხება არანაირად, რას აპირებს და რას არ აპირებს საქართველოს სახელმწიფო არჩევნებთან დაკავშირებით. რად გვინდოდა მაშინ ეს დამოუკიდებლობა, თუკი ახლა ბრიტანეთის ელჩი უნდა დადგეს და ჩვენ ჭკუა გვასწავლოს, არჩევნები როგორ ჩავატაროთ? თუ ამის უნარიც არ გვაქვს, მაშინ რაღად გვინდა ეს დამოუკიდებლობა?! ჩაგვიტარებდნენ ბრიტანელები არჩევნებს, გერმანელები სასამართლოს გადაგვიწყვეტდნენ და ა.შ.” – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

ოპოზიციას ამ საკითხთან დაკავშირებით, ჯერჯერობით, კომენტარი არ გაუკეთებია.

რას ამბობს ბრიტანეთის საელჩო საქართველოში?

ბრიტანეთის საელჩო საქართველოში განცხადებას აქვეყნებს, სადაც ხაზგასმით წერია, რომ საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ მონიტორინგს, რაც პროფესიონალური და გამჭვირვალე საარჩევნო ზედამხედველობის მნიშვნელოვანი ნაწილია.

„დიდი ბრიტანეთი ბევრი წელია მხარს უჭერს სამოქალაქო საზოგადოებას საქართველოში, მათ შორის ამომრჩეველთა საგანმანათლებლო აქტივობებს, აფინანსებს ადგილობრივ საარჩევნო სადამკვირვებლო ჯგუფებს, რომლებიც მუშაობენ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, და მონაწილეობას იღებს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ეუთო/ოდირი) სადამკვირვებლო მისიებში საქართველოში.

საქართველოს მთავრობა თავად უჭერდა მხარს ამ საქმიანობას და ჩვენ კატეგორიულად არ ვეთანხმებით ამ საქმიანობის აღწერას, როგორც “პროპაგანდისა და ექსტრემიზმის” დაფინანსებას. ეს არ შეესაბამება სიმართლეს. საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ მონიტორინგს, რაც პროფესიონალური და გამჭვირვალე საარჩევნო ზედამხედველობის მნიშვნელოვანი ნაწილია.

ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, მოიწვიოს ეუთო/ოდირის მისია ოქტომბრის მუნიციპალური არჩევნების დასაკვირვებლად და გაითვალისწინოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ოდირის საბოლოო ანგარიშში გაცემული ყველა რეკომენდაცია.”