შალვა პაპუაშვილი: ცოტა უცნაურია ბრიტანეთის საელჩოს ბოლო განცხადებების სერია, რომელსაც ვისმენთ. ისეთი შთაბეჭდილებაა, რომ, ფიქრობენ რაღაცას გაისვრიან და სინამდვილეში ფეხში ისვრიან

ცოტა უცნაურია ბრიტანეთის საელჩოს ეს ბოლო განცხადებების რაღაც სერია, რომელსაც ვისმენთ, – განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, ისეთი შთაბეჭდილებაა, რომ ამ განცხადებების ტონალობიდან გამომდინარე ფიქრობენ რაღაცას გაისვრიან და სინამდვილეში ფეხში ისვრიან და იზიანებენ ისევ საკუთარ თავს.

„როგორც წინა ჯერზე იყო საკუთარი თავის დაზიანება და ფეხში ნასროლი იმ მხრივ, რომ თითქოს ჰქონდათ საკრიტიკო, რომ თანხმობის პროცედურა არ იყო დასრულებული და ამით გაამჟღავნეს, რომ პროპაგანდას და ექსტრემიზმის დაფინანსებას აპირებდნენ და დაიზიანეს ისევ საკუთარი თავი. ახლა ამ განცხადებითაც, მას ორი ნაწილი აქვს.

პირველი, რაც შეეხება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს და დამკვირვებლებს, მართლაც რომ ფარისევლობაა, როდესაც ბრიტანეთი, რომელიც არ აღიარებს ეუთო/ოდირის დასკვნას 2024 წელთან დაკავშირებით, ახლა მოითხოვს და ითხოვს, რაღაც წინადადებით გამოდის ეუთო/ოდირის მისიასთან დაკავშირებით.

კიდევ ერთხელ, ეუთო/ოდირთან დაკავშირებით 2024 წელს ბევრი, მათ შორის ბრიტანეთი საუბრობდა, ეს იქნებოდა გადამწყვეტი და ყველაზე მნიშვნელოვანი ანგარიში არჩევნებთან დაკავშირებით, როგორც კი ჩახედეს და შედეგი არ მოეწონათ ამ ანგარიშისა, შინაარსი არ მოეწონათ, მაშინვე გვერდზე გაწიეს ეს ანგარიში. ჩვენ გვახსოვს ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სატელეფონო ზარი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან და გვახსოვს პრესრელიზი, როდესაც მან დაწერა, რომ „ქართული ოცნების“ მინისტრს ესაუბრა.

რა თქმა უნდა, ეს სამარცხვინო განცხადება იყო და აბსოლუტურად აცდენილი იყო ეუთო/ოდირის დასკვნას. ამიტომ, როდესაც არ აღიარებ ეუთო/ოდირის დასკვნას და ფარატინა ქაღალდად მიგაჩნია, შემდეგ იმაზე საუბარი სერიოზული სახით, რომ თითქოს ეუთო/ოდირი არის მნიშვნელოვანი, ეს, რა თქმა უნდა, ფარისევლობა და არასერიოზულია. ძალიან ვწუხვარ, რომ ბრიტანეთის საელჩო ასეთ მარტივ შეცდომებს უშვებს ასეთი განცხადებების სახით“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, რაც შეეხება სტრატეგიული პარტნიორების შეთანხმებას, არათუ მუხლები აქვთ დარღვეული, პირველი, პრეამბულა აქვს დარღვეული ბრიტანეთის საელჩოს.

„აქაც კიდევ ერთი მცდელობა თითქოს ბრიტანეთის საელჩომ რაღაც გაისროლა, რომ ახსენა სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება და მუხლებზე მითითება, თითქოს რაღაც ირღვევა საქართველოს მხრიდან, აქაც ფეხში ისროლა. თუ ბრიტანეთის საელჩოს სამართლებრივ ასპექტებზე უნდა საუბარი, არ მგონია, რომ ეს ის სფეროა, სადაც მათთვის მომგებიანია.

მე ერთხელ ვთქვი, რომ ბრიტანეთის საელჩომ დაარღვია ვენის კონვენცია, 41-ე მუხლი მაშინ, როდესაც ის წინასაარჩევნოდ ჩაერია არჩევნებში ერთი სუბიექტის, „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ. არჩევნებამდე ათი დღით ადრე მან მისცა ვრცელი ინტერვიუ, რომელიც დაუთმო მხოლოდ ერთ სუბიექტს, „ქართული ოცნების“ კრიტიკას. მისი მთელი სტატიის სულისკვეთება იყო მოწოდება იმისკენ, რომ „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ მიეცათ ადამიანებს ხმა. ეს არის დარღვევა ვენის კონვენციის 41-ე მუხლის. რახან ეს არ იკმარა ბრიტანეთის საელჩომ და ახლა გადავიდა სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებაზე, აქაც ვეტყვი მათ, რომ არათუ მუხლები აქვთ დარღვეული, პირველი, პრეამბულა აქვს დარღვეული ბრიტანეთის საელჩოს, რომელიც ადასტურებს სუვერენიტეტის პატივისცემას და როდესაც ბრიტანეთის ელჩი ჩაერია არჩევნებში, ამით დაარღვია სუვერენიტეტის პატივისცემის პრინციპი, რომელიც ამ შეთანხმების პრეამბულაშია უკვე ჩადებული.

ასევე, ბრიტანეთის საელჩომ დაარღვია ამ შეთანხმების მეოთხე მუხლი, სადაც წერია, რომ მხარეები თანამშრომლობენ დემოკრატიული ინსტიტუტების ეფექტიანობის და სტაბილურობის გაძლიერებისკენ. როდესაც ბრიტანეთის საელჩო აფინანსებს პროპაგანდისტებს და აფინანსებს ექსტრემისტული დღის წესრიგის მქონე ორგანიზაციებს თუ პირებს, ამით, რა თქმა უნდა, ძირს უთხრის დემოკრატიულ ინსტიტუტებს და არღვევს ამ შეთანხმების მეოთხე მუხლს“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

ბრიტანეთის საელჩო ამტკიცებს, რომ „ტაბულა“ არ არის პროპაგანდისტული მედია, ასევე თოლორაიას, ჯაფარიძისა და ქურდოვანიძის NGO-ებს მიუკერძოებელ დამკვირვებლებად განიხილავს. ასევე, ბრიტანეთის საელჩო მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, მოიწვიოს ეუთო/ოდირის მისია ოქტომბრის მუნიციპალური არჩევნების დასაკვირვებლად და გაითვალისწინოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ოდირის საბოლოო ანგარიშში გაცემული რეკომენდაციები.