ლუკაშენკომ ქვეყანაში კიტ კელოგის ვიზიტის დროს რამდენიმე პატიმარი შეიწყალა

ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ ქვეყანაში აშშ-ის სპეციალური წარმომადგენლის, კიტ კელოგის ვიზიტის დროს, რამდენიმე პატიმარი შეიწყალა. ამის შესახებ ინფორმაციას „ევრონიუსი“, ბელარუსის ოპოზიციურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ლუკაშენკო

გავრცელებული ცნობით, შეთანხმება სწორედ აშშ-ის სპეციალური წარმომადგენლის, კიტ კელოგის შუამავლობით მოხდა. გათავისუფლებულებს შორისაა ბელარუსიის ოპოზიციის დევნილი ლიდერის, სვეტლანა ციხანოვსკაიას მეუღლე, სერგეი ციხანოვსკი.

როგორც მედია წერს, გასული წლიდან მოყოლებული, ალექსანდრე ლუკაშენკო რეგულარულად იწყალებს მთავრობის კრიტიკოსთა მცირე რაოდენობას, რაც ანალიტიკოსებმა იმის სიგნალად აღიქვეს, რომ მინსკი დასავლეთთან დაძაბულობის შემსუბუქებას ცდილობს.

„ევრონიუსი“ წერს, რომ ლუკაშენკოს ხელისუფლებამ სერგეი ციხანოვსკი 2020 წელს დააკავა, როგორც მაშინდელი ბელარუსის ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი და ლუკაშენკოს პირდაპირი ოპონენტი. მინსკის სასამართლომ სერგეი ციხანოვსკის 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ყველაზე მკაცრი პირობებით. მას არ ჰქონდა ოჯახის წევრების მონახულების და ტელეფონით ზარების განხორციელების უფლება. მას ასევე არ მისცეს უფლება, კონფიდენციალურად შეხვედროდა ადვოკატს, წაეკითხა, გაეგზავნა წერილები ან მიეღო წერილები და ამანათები. ციხის ადმინისტრაციისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით, 2023 წელს მას ახალი სასჯელი – 1.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, გარდა იმ 18 წლიან სასჯელისა, რომელსაც ის უკვე იხდიდა.