“ირანში ბირთვულ ობიექტებზე აშშ-ის მიერ განხორციელებული დარტყმები საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევას წარმოადგენს, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც უწყებამ აშშ-ის მიერ ირანის ბირთვულ ობიექტებზე დარტყმების განხორციელების შემდეგ გაავრცელა.
„სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიაზე რაკეტებით და ბომბებით დარტყმების განხორციელების შესახებ უპასუხისმგებლო გადაწყვეტილება, რა არგუმენტებიც არ უნდა იყოს წარმოდგენილი, უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართალს, გაერო-ს ქარტიას და გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებს. განსაკუთრებით საგანგაშოა, რომ დარტყმები განახორციელა ქვეყანამ, რომელიც გაერო-ს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრია“, – აცხადებენ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.
უწყების მტკიცებით, მოსკოვი მხარეებს ახლო აღმოსავლეთში აგრესიის დასრულებისა და სიტუაციის პოლიტიკურ და დიპლომატიურ კალაპოტში დასაბრუნებლად ძალისხმევის გაზრდისკენ მოუწოდებს.
“მოვუწოდებთ აგრესიის შეწყვეტისა და სიტუაციის პოლიტიკურ და დიპლომატიურ კალაპოტში დაბრუნების პირობების შესაქმნელად ძალისხმევის გაზრდისკენ“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.
- ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ირანის ბირთვულ ობიექტებზე დარტყმების განხორციელებით, საერთაშორისო სამართალი და გაერო-ს ქარტია დაარღვია.
“ჩინეთი მკაცრად გმობს ირანზე აშშ-ის თავდასხმებს და ბირთვული ობიექტების დაბომბვას, რომლებიც ატომური ენერგიის სააგენტოს გარანტიების ქვეშ იმყოფებიან. აშშ-ის ქმედებები სერიოზულად არღვევს გაეროს ქარტიისა და საერთაშორისო სამართლის მიზნებსა და პრინციპებს და ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობას ამწვავებს. ჩინეთი მოუწოდებს კონფლიქტის მხარეებს, კერძოდ, ისრაელს, რაც შეიძლება მალე მიაღწიონ ცეცხლის შეწყვეტას, უზრუნველყონ მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხოება და დაიწყონ დიალოგი და მოლაპარაკებები“, – აღნიშნულია ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
უწყების მტკიცებით, ჩინეთი მზადაა ითანამშრომლოს საერთაშორისო საზოგადოებასთან იმისთვის, რომ გააერთიანონ ძალისხმევა, დაიცვან სამართლიანობა და იმუშაონ ახლო აღმოსავლეთში მშვიდობისა და სტაბილურობის აღსადგენად.