ყველაზე ძვირადღირებული ომი ისრაელისთვის – რამდენი უჯდება ისრაელს ირანთან ამჟამინდელი ომის წარმოება

ისრაელი ირანის წინააღმდეგ ძვირადღირებულ ომს აწარმოებს, რაც, Wall Street Journal-ის ცნობით, დღეში ასობით მილიონი დოლარი უჯდება. საწყისი შეფასებით, მაღალი ხარჯები ისრაელს ომის გაგრძელებაში ხელს შეუშლის. ყველაზე დიდი ფინანსური ტვირთი ირანული რაკეტებისგან თავდაცვისთვის საჭირო გამანადგურებელი რაკეტებია.

The Wall Street Journal-ის ცნობით, ექსპერტების შეფასებით, ეს შეიძლება დღეში 200 მილიონ დოლარამდე დაჯდეს. სხვა ხარჯებში შედის საბრძოლო მასალა და თვითმფრინავები, ასევე შენობების უზარმაზარი დაზიანება, რომლის შეკეთება ან აღდგენა ისრაელს მინიმუმ 400 მილიონი დოლარი შეიძლება დაუჯდეს.

ისრაელის მთავრობის ცნობით, ირანი ისრაელის მიმართულებით უკვე რამდენიმე დღეა, ასეულობით რაკეტას ისვრის, კერძოდ, გამოშვებულია 400-ზე მეტი ცალი რაკეტა, რაც რთულ საჰაერო თავდაცვის სისტემებს მოითხოვს. The Wall Street Journal-ის ცნობით, David’s-Sling და Arrow-3 ორი ასეთი სისტემაა, რომელთა გამოყენება, ერთ ჯერზე, რამდენიმე ასეული ათასიდან მილიონ დოლარამდე ჯდება. გამანადგურებლების ფრენა, როგორიცაა F-35,  ხაზინას საათში დაახლოებით 10,000 დოლარით ტვირთავს, არადა, ასეთი ფრენები საათობით არის საჭირო.

ისრაელში აარონის ეკონომიკური პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორი, ცვი ეკშტეინი, ერთთვიანი ომის ღირებულებას დაახლოებით 12 მილიარდ დოლარად აფასებს. თუმცა, სამხედრო ხარჯების ზრდის მიუხედავად, ამჟამად რეცესია მოსალოდნელი არ არის.

ირანულმა რაკეტებმა ისრაელს დიდი ზიანი მიაყენა – Wall Street Journal-ის თანახმად, რეგიონში ნებისმიერ წინა კონფლიქტთან შედარებით უფრო მეტი. ასობით ათასი შენობა განადგურდა ან დაზიანდა და ათასობით ადამიანის ევაკუაცია გახდა აუცილებელი. სკოლები კვლავ დახურულია და ბევრი მშობელი სამუშაოსა და ბავშვზე ზრუნვის ორმაგ ტვირთს ებრძვის.