რუსეთში აფხაზური ოპოზიციის ლიდერი დააკავეს

აფხაზეთის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, ადგურ არძინბა რუსეთში დააკავეს და მას 15-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯეს, ამის შესახებ jam-news.net იუწყება.

აფხაზი პოლიტიკოსი ადგურ არძინბა

21 ივნისს ადგურ არძინბა სოჭის პოლიციაში დაიბარეს და განუცხადეს, რომ 20 ივნისს მან რუსეთის საზღვარი ავტომობილით მართვის მოწმობის გარეშე გადაკვეთა. მართვის მოწმობა არძინბას სოჭში ერთი თვით ადრე საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჩამოართვეს.

ამის შემდეგ სასამართლოს სხდომა დაჩქარებულ რეჟიმში გაიმართა და ადგურ არძინბას 15-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯეს.

აფხაზეთის ოპოზიცია ადგურ არძინბას დაკავებას, რომელიც აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატი იყო, პოლიტიკურ დევნას უწოდებს.

წინასაარჩევნო დაპირებებში ოკუპირებული აფხაზეთის ამჟამინდელი დე ფაქტო ლიდერი ბადრა გუნბა შიდაპოლიტიკური განხეთქილების დაძლევის პირობას დებდა. ამასთანავე, ოპოზიცია აცხადებს, რომ სიტუაცია მნიშვნელოვნად არ შეცვლილა.