აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანი და ისრაელი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
როგორც ტრამპმა აღნიშნა, ორივე ქვეყანამ ზავის გამოცხადების შემდეგ რამდენიმე საათში შეთანხმება დაარღვია. ტრამპის თქმით, განსაკუთრებით ის უკმაყოფილოა ისრაელით.
თეთრი სახლის ლიდერმა აგრეთვე აღნიშნა, რომ ირანის ბირთვული შესაძლებლობები აღარ არსებობს.
ისრაელო, არ ჩამოყაროთ ეს ბომბები. ამას თუ გააკეთებთ, იქნება სერიოზული დარღვევა. ახლავე დააბრუნეთ თქვენი პილოტები სახლში, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.
მანამდე დონალდ ტრამპმა დაწერა, რომ ისრაელსა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ძალაში შევიდა და მოუწოდა ირანსა და ისრაელს, არ დაარღვიონ შეთანხმება.
ამასთან, ისრაელის თავდაცვის ძალებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ირანმა ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გაუშვა. ისრაელის თავდაცვის ძალებში აღნიშნეს, რომ ირანის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევას ისრაელი ძალით უპასუხებს.