ზელენსკი ვარაუდობს, რომ პუტინი 5 წლის განმავლობაში ნატოს თავს დაესხმება

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ვარაუდობს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მომდევნო 5 წლის განმავლობაში ნატოს თავს დაესხმება, რათა ალიანსის სიმყარე გამოცადოს. ამის შესახებ „უნიანი“ იუწყება.

„დღეს რუსეთს უკრაინა აკავებს, მაგრამ 2030 წლიდან პუტინს, შესაძლოა, მეტი შესაძლებლობები გაუჩნდეს“, – განუცხადა ზელენსკიმ Sky News-ს.

ზელენსკიმ გააკრიტიკა ნატოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით მისი წევრი ქვეყნების თავდაცვის ბიუჯეტები 2035 წლისთვის მშპ-ს 5% გახდება. უკრაინის პრეზიდენტის აზრით, ეს გეგმები ძალზე ნელა ხორციელდება.

„პუტინს სჭირდება პაუზა, სანქციების გაუქმება, არმიის ხელახლა მომზადება, 10 წელი ძალიან ხანგრძლივი პერიოდია. ამ დროისთვის მას ახალი არმია ეყოლება“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მოსაზრება იმის შესახებ, რომ რუსეთი ნატოს ქვეყნებზე შეტევას გეგმავს, ადრეც არსებობდა. ამ ფონზე ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რიუტემ განაცხადა, რომ ალიანსის სამხედრო დახმარება უკრაინისთვის 35 მლრდ ევრომდე გაიზრდება, ხოლო ალიანსის წევრი ქვეყნების თავდაცვის ბიუჯეტები 2035 წლისთვის მშპ-ს 5% უნდა გახდეს.