საქართველოს მოსახლეობა 10 წლის განმავლობაში 200 ათასი ადამიანით გაიზარდა – სტატისტიკის სამსახური

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი ინფორმაციით, 2024 წლის ნოემბრისთვის საქართველოს მოსახლეობა 3 914 000 ადამიანს შეადგენდა. აქედან 53% (2 078 000) – ქალი და 47% (1 836 000) კაცი. ინფორმაციას ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახური ფეისბუკ გვერდზე ავრცელებს.

სტატისტიკის სამსახური

უწყების ცნობით, აღწერის საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით, აღწერას ექვემდებარება საქართველოს თითოეული მოქალაქე, ვინც ქვეყანაში რეგულარულად ცხოვრობს, ასევე, უცხოელები და მოქალაქეობის არმქონე პირები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე მუდმივად ცხოვრობენ.

2014 წელს ჩატარებული აღწერის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობა 3 713 804 ადამიანი იყო. ანუ 10 წლის განმავლობაში მოსახლეობა 200 196 ადამიანით გაიზარდა.

მოსახლეობის აღწერა საქართველოში 2024 წლის 14 ნოემბრიდან 31 დეკემბრამდე მიმდინარეობდა.