ნიდერლანდებში ნატოს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მას არ სჯერა, რომ ირანის ობიექტებში გამდიდრებული ურანი გასულ შაბათ-კვირას აშშ-ის მიერ ობიექტებზე განხორციელებულ დარტყმებამდე სხვა ადგილას გადაიტანეს.
„მათ არ ჰქონდათ შანსი, რამე გამოეტანათ, რადგან სწრაფად ვიმოქმედეთ. თუ ამას ორი კვირა დასჭირდებოდა, მაშინ შესაძლებელი იქნებოდა. თუმცა, ასეთი მასალის ამოღება ძალიან რთულია, მათთვის ძალიან რთული და საშიშია. გარდა ამისა, მათ იცოდნენ, რომ ჩვენ მოვდიოდით და თუ იცოდნენ, რომ მოვდიოდით, იქ არ იქნებოდნენ“, – განაცხადა ტრამპმა.
მისივე თქმით, ირანი ისრაელთან ცეცხლის შეწყვეტას არ დათანხმდებოდა, თავდასხმა წარმატებული რომ არ ყოფილიყო.
„ეს იყო დამანგრეველი თავდასხმა და მან ისინი ჩიხში შეიყვანა. იცით, ეს რომ არ მომხდარიყო, ისინი ვერ დამშვიდდებოდნენ“, – აღნიშნა ტრამპმა.
ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა არ გამორიცხა ირანზე შემდგომი დარტყმები, თუ ის ბირთვულ პროგრამას აღადგენს, თუმცა თქვა, რომ ეს ნაკლებად სავარაუდო სცენარია.
„ამაზე დარდი არ მომიწევს. ის წლები აღარ იარსებებს, მისი აღდგენა ძალიან რთულია, რადგან მთლიანად ჩამოინგრა“, – შეაჯამა ტრამპმა.