ტრამპმა მოატყუა ამერიკელი ამომრჩეველი

„ჩვეულება, რჯულზე უმტკიცესია“, „კვიცი გვარზე ხტის“, „კუზიანს, სამარე გაასწორებს“ — სამივე გამოთქმა ერთზე რომ იყოს მისადაგებელი, იშვიათობაა, მითუმეტეს ეს ერთი ფიზიკური პირი კი არა, სახელმწიფო რომაა. თუმცა ფიზიკურ პირზეც ზედგამოჭრილია, ისეთზე, როგორიც აშშ-ს პრეზიდენტი ტრამპია.

„მშვიდობისმოყვარე“ ტრამპმა 22 ივნისს, გამთენიეს, დილის 3 საათზე, 14 ტონიანი ბომბებით დაბომბა ირანის ისლამური რესპუბლიკის 3 ბირთვული ობიექტი — ფორდო, ნათანზი, ისპაჰანი.

სამივე, ერთი კვირის განმავლობაში, ისრაელის საჰაერო დარტყმების სამიზნე იყო, თუმცა ირანელთა განმარტებით, დიდი ვერაფერი ზიანი მიაყენა მათ. გამონაკლისი ისპაჰანია, რომელიც ირანის შაჰის დროს, ამერიკელთა დახმარებით აშენდა, მაგრამ თანამედროვე ვითარებაში სტრატეგიულ ობიექტად არ ჩაითვლება ორ დანარჩენთან შედარებით — ასე გვეუბნება ოფიციალური ირანის მედია.

აღნიშნული სამიდან უმნიშვნელოვანესია ფორდო — მთების ძირში, მიწაში, 80 მეტრის სიღრმეში აშენებული. ვერც ერთი ჭურვი ამ სიღრმეში ჩამღწევი არ არის, მით უმეტეს, როდესაც ნიადაგი კლდოვანია.

ისრაელს ასეთი ბომბები არ გააჩნია. რაც შეეხება აშშ-ს, მას აქვს — 60 მეტრის სიღრმეში ჩამსვლელი — 14-ტონიანი.

ესოდენ მძიმე ბომბის ტარებას შესაბამისი თვითმფრინავი ესაჭიროება,. ისრაელს, ასეთი არ აქვს, აქვს აშშ-ს, „B-2 Spirit“, უხილავი, რომელიც რადარებზე არ ჩანს.

აი, ამ თვითმფრინავებმა განახორციელეს ირანის ბირთვულ ობიექტებზე თავდასხმა, რის შესახებაც სპეციალურ სატელევიზიო გამოსვლაში ამცნო ამერიკელებს და მთელს მსოფლიოს.

იყო თუ არა ამერიკის ადმინისტრაციის ქმედება მოულოდნელი?

იყო კიდევაც და არა! მიზანი?

ტრამპის ზიგზაგური განცხადებები და ქმედებაა. ტრამპმა, დაბომბვამდე ერთი დღით ადრე განაცხადა, რომ გადაწყვეტილება მიღებული აქვს, მაგრამ თუ როდის დაიწყებს მოქმედებას, არ იცის და იმოქმედებს საერთაშორისო ვითარებიდან გამომდინარე — ერთი ან ორი კვირის განმავლობაში.

ყველამ ჩათვალა, რომ ტრამპი ფრთხილობს და დაბომბვის განკარგულებას არ გასცემს.

მისი გადაწყვეტილება — რეგიონში ავიამზიდების გაგზავნის თაობაზე მხოლოდ მუქარის შემცვლელია და მეტი არაფერი; რომ ომის დაწყების ნიშანს ის არ მისცემს აშშ-ს სამხედრო ძალებს. ავიამზიდების გარდა რეგიონში არსებული ამერიკული სამხედრო ბაზების ტერიტორიებზე განლაგდნენ ამერიკული ბომბდამშენები და მფრინავი „ბენზოკალონკები“ — თვითმფრინავები, რომლებიც ჰაერში მყოფ ბომბდამშენებს, ჰაერშივე ნავთობით მართავს, განსაკუთრებით ისრაელის თვითმფრინავებს, რომლებსაც 1500 კმ-ის დაფარვა უწევთ ირანის ობიექტებზე იერიშის მისატანად.

ტრამპის მიერ გაკეთებულმა აბრაკადაბრა განცხადებამ დაარწმუნა ყველა, რომ აშშ-ს სამხედრო-საზღვაო და საჰაერო ძალების გადასროლა რეგიონში მხოლოდ მუქარაა, სამხედრო კუნთების დემონსტრაცია და არა რეალური ომის დაწყების მომასწავებელი მანევრები.

ტრამპმა შეცდომაში შეიყვანა მსოფლიო, ანუ მან მოატყუა ყველა, როგორც აშშ-ი, ისე მის საზღვრებს გარეთ ქვეყნები.

ტრამპმა მოატყუა ამერიკელი ამომრჩეველი, რომელსაც უთხრა, რომ აშშ-ს ისტორიაში ის იქნება პირველი პრეზიდენტი, რომელიც ომს არავის დაუწყებს; რომ ტრამპს უნდა მშვიდობა აწ და მარადის.

მან მაგალითად თავისი პრეზიდენტობის პირველი ვადა გაიხსენა — ხომ ხედავთ, ომი არ დამიწყიაო. მართალია, ტრამპს ომი არ დაუწყია, მაგრამ მისი ბრძანებით ირანის რევოლუციის დაცვის გუშაგთა არმიის მეთაურის გენერალ სულეიმანის მუხანათური მოკვლა ლამის ირანთან ომის დაწყების საბაბი გახდა, თუმცა იმ შემთხვევაში ირანის ხელისუფლებამ თავი შეიკავა აშშ-ზე თავდასხმისგან.

არადა, როგორც ჩანს, თავშეკავება კარგის არაფრის მომასწავებელი იყო, რამეთუ ტრამპმა ირანის თავშეკავება სისუსტედ ჩათვალა და არა ირანის ხელისუფლების დიდსულოვნებად — მშვიდობის სიყვარულით გამოწვეული და არა დაპირისპირებით.

მაშინ ტრამპს უამრავი შიდა პრობლემები ჰქონდა — შავკანიანთა ჯანყი, „კოვიდ-19“, ორად გაყოფილი ამერიკის პრობლემები, განსაკუთრებით სოციალური — უმუშევრობა, არალეგალური მიგრაციის ზრდა და ა.შ.

მაშინ ტრამპი ომს ვერ გაუძლებდა, მეორეს. ერთი, უკვე მიმდინარეობდა — ავღანეთში. გარდა ამისა, რუსეთთან დაპირისპირების ნიადაგიც მზადდებოდა უკრაინაში.

ომი იყო სირიაში, სადაც რუსეთ-ირანის ტანდემი მნიშვნელოვან წარმატებას აღწევდა. მაშინ ტრამპი თვით რესპუბლიკური პარტიისთვისაც უცხო ხილი იყო — ბიზნესმენ-პრეზიდენტი, საიმპიჩმენტოდ გამზადებული, აუარება პრობლემით მართლმსაჯულებიდან გამომდინარე. მაშინ ტრამპმა „მშვიდობის მტრედობა“ არჩია „ქორობას“, მტაცებლობას და ჩვენც ჩაგვითრია მისეულ პაციფისტობაში.

ტრამპს, საშინაო პრობლემები დღესაც აქვს — იგივე მიგრაციასთან დაკავშირებით. ტრამპი ებრძვის არალეგალურ მიგრანტებს, რომელთა რაოდენობა ბაიდენის პრეზიდენტობისას მკვეთრად გაიზარდა და ლამის 15 მილიონს მიაღწია. ტრამპი ეომება მათ და დეპორტაციით ცდილობს რაოდენობის შემცირებას, რაც პროტესტს იწვევს მიგრანტებში.

ერთი თვეა არ წყდება მიგრანტების გამოსვლები ლოს-ანჯელესში, სან-ფრანცისკოში, დალასში, სხვა ქალაქებში, რასაც ახლავს პოლიციის ავტომანქანების დაწვა, მაღაზიების ვიტრინების მსხვრევა, ძარცვა, პოლიციასთან შეტაკება. ტრამპმა ეროვნული გვარდიის დასახმარებლად სამხედრო-საზღვაო ქვეითებიც მოიხმო წესრიგის აღსადგენად, თუმცა ნაკლები წარმატებით.

ბუნტს წამქეზებლებიც ჰყავს — დემოკრატიული პარტიის სახით. პროტესტანტებს მხარს უჭერენ უმუშევრად დარჩენილი სახელმწიფო მოხელეები, რომლებიც ტრამპის პროგრამის შედეგად ქუჩაში აღმოჩნდნენ. მათ შეუერთდნენ ლგბტ-ლები, თავისუფალი ცხოვრების მსურველები, ბაიდენის პრეზიდენტობის დროს „იალაღებზე გასულები“ — როგორც ვამბობთ ხოლმე.

ტრამპს, გარდა საშინაო პრობლემებისა, საგარეოც უხვად აქვს, განსაკუთრებით ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან, მეზობელ კანადა-მექსიკასთან, პანამასთან, ჩინეთთან და ა.შ.

ტრამპს პრობლემები აქვს უკრაინასთან და უკრაინიდან გამომდინარე დიდ ბრიტანეთთან, საფრანგეთთან, გერმანიასთან. ტრამპი ხედავს, რომ მისმა სატარიფო პოლიტიკამ და უკრაინის პრობლემის ევროკავშირისთვის გადაბარებამ გაამწვავა ე.წ. მოკავშირეებთან ურთიერთობა.

ტრამპს, სატელეფონო კავშირები აქვს რუსეთთან, გარდა ამისა დიპლომატიურიც — ორი ქვეყნის მაღალი რანგის მოხელეების დიალოგის დაწყების თვალსაზრისით. ტრამპის სპეცწარმომადგენელი უიტკოფი რამდენიმეჯერ შეხვდა პუტინს და როგორც ორივე მხარე აცხადებს — ვითარება უმჯობესდება. მაგალითი ამისა არის რუსეთის საელჩოს მუშაობის აღდგენა აშშ-ი. რუსეთის ახალმა ელჩმა დარჩიევმა რწმუნების სიგელი გადასცა ტრამპს და ა.შ.

პუტინი, როგორც ჩანს მოხიბლულია ტრამპის უკრაინის ომისადმი მიდგომით, ტრამპის დამოკიდებულებით რუსეთისადმი. დასტური ამისა — უიტკოფისთვის ნათქვამი — როდესაც ტრამპს ესროლეს, კრემლის ტერიტორიაზე არსებულ ეკლესიაში ვილოცე და ღმერთს ვთხოვე ტრამპის გადარჩენაო; ცნობილი რუსი მხატვრის ნიკას საფრონოვის მიერ დახატული ტრამპის პორტრეტის უიტკოფისთვის გატანება; თბილი სატელეფონო საუბრები, ისეთი, მეგობრებს შორის რომ ხდება, ჩვენ რომ ჭუკჭუკს ვუძახით.

და ამ დროს აშშ-ს მიერ ირანის დაბომბვა — რუსეთის მეგობარი ქვეყნის, „ბრიკსის“, „შოსის“ წევრის, სამხრეთ-ჩრდილოეთ მარშრუტის მთავარი საკვანძო ქვეყნის.

პეტერბურგის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართული დისკუსიის დროს, რომელშიც პუტინი იღებდა მონაწილეობას ინდონეზიის, ჩინეთის, ბახრეინის, სამხრეთ-აფრიკის რესპუბლიკის მაღალ წარმომადგენლებთან ერთად. დისკუსიის წამყვანმა, მოდერატორს რომ უძახიან, პუტინს დაუსვა შეკითხვა — რას ელით ირანის მხრიდან, რომელიც ნაწყენიც შეიძლება იყოს თქვენი თავშეკავებული ქმედებით, ისრაელის აგრესიასთან დაკავშირებით ირანთან მიმართებაშიო. რაზეც პუტინმა უპასუხა — ის ელაპარაკა ტრამპს, ისრაელის პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს და ირანის პრეზიდენტ პეზეშკიანს და შესთავაზა თავისი შუამავლობა — ირან-ისრაელს შორის დიალოგის დაწყებაში.

როგორც ჩანს, პუტინის ნათქვამმა ვერ დააკმაყოფილა მოდერატორის ცნობისმოყვარეობა. რატომ არ იჩენს რუსეთი ირანის მიმართ ისეთ ყურადღებას და დახმარებას, როგორსაც ნამდვილი მეგობარი და პარტნიორი უნდა იჩენდეს, და კითხვა გაიმეორეა. რაზეც პუტინმა საერთო ფრაზებით გასცა პასუხი, ნაკლებად დამაჯერებლით.

ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა, რომ პუტინს არ სურდა აშშ-ს პრეზიდენტის გაღიზიანება, როგორც იქნა, ის ეღირსა ისეთ პრეზიდენტს თეთრ სახლში, რომელიც არც მას და არც რუსეთს დედას არ აგინებს, პირიქით, სურს პრაგმატული ურთიერთობების ქონა რუსეთთან და ამ დროს მოდერატორის შეკითხვა.

ირანი ბირთვულ კვლევებს აწარმოებს არა ბირთვული ბომბის დასამზადებლად, არამედ მედიცინაში, მეცნიერებაში გამოსაყენებლად, რისი უფლებაც მას აქვს. რუსეთის აზრით, ირანს არ სურს ბირთვული იარაღის დამზადება, რასაც თვით აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურიც ადასტურებსო — თქვა პუტინმა.

კეთილი, მაგრამ თუ რუსეთი დარწმუნებულია იმაში, რომ ირანი ბომბს არ ამზადებს, მაშინ კატეგორიული უნდა იყოს ისრაელის მიმართ, რომელიც უსაფუძვლოდ ბომბავს ირანს — გაიფიქრა მოდერატორმა და მასთან ერთად ყველამ, ვინც დარბაზში იყო და ვინც ტელევიზიით უყურებდა დისკუსიას. ვერც ერთმა ვერ მივიღეთ პუტინის მხრიდან ისრაელის ქმედების კატეგორიული დაგმობა, მუქარანარევი ნეთანიაჰუს გამოსაფხიზლებლად. წყალწყალა პასუხმა პუტინისამ არც ირანს და არც რეგიონის ქვეყნებს არ დაუტოვა შთაბეჭდილება, რომ რუსეთი მზადაა დაიცვას „ბრიკსის“ და „შოსის“ წევრი ქვეყანა აგრესიისგან. ქვეყანა, რომელთანაც სულ ახლახანს გააფორმა ჩარჩო ხელშეკრულება, რომელიც რუსეთ-ირანის ურთიერთობების გაღრმავება-გაფართოებას უნდა ემსახურებოდეს.

დიალოგი პარასკევს გაიმართა. კვირას, გამთენიეს აშშ-ა დაბომბა ირანის ბირთვული ობიექტები. რაზე მიანიშნებს აშშ-ს პრეზიდენტის გადაწყვეტილება?

იმაზე, რომ ტრამპიც ისეთია, როგორც მისი წინამორბედი პრეზიდენტები — ომის გამჩაღებლები, აშშ-ს ჰეგემონიზმის განმტკიცებისთვის მებრძოლნი.

„გადავაქციოთ ამერიკა დიადად!“  — ლოზუნგის ავტორი ტრამპი დგამს ნაბიჯს უარესს, ვიდრე მისი წინამორბედები, ვინაიდან ირანი ძალაა, გაცილებით ძლიერი, ვიდრე ავღანეთი ან ერაყი, სირია, ლიბია — ქვეყნები, რომლებიც აშშ-ა ნაცარტუტად აქცია. ისინი, დღემდე წელში ვერგასწორდნენ.

როგორც პუტინმა თქვა — ის ელაპარაკა ტრამპს, ირანის დაბომბვამდე 2-3 დღით ადრე. ლაპარაკი ირანს ეხებოდა და მერე რა უთხრა ტრამპმა პუტინს — ირანის დაბომბვას ვაპირებო, და თუ უთხრა, პუტინმა უპასუხა დაბომბეო? ოღონდ უკრაინაზე არაფერი მითხრა და ირანს, რაც გინდა ის უყავიო?

ასეთი შთაბეჭდილება მექმნება — მას გარიგება ჰქვია. რაღაც ამგვართან გვაქვს საქმე, თორემ დაბომბვიდან მრავალი საათი გავიდა, მაგრამ არ ჩანს რუსეთის ოფიციალური განცხადება ამერიკელთა ქმედების დასაგმობად.

და თუ ასეთს არ ექნა ადგილი, გათავხედებული ამერიკა ხვალ რუსეთს დაეტაკება, ზეგ ჩინეთს. ტრამპის მადიდან გამომდინარე არ დარჩება ქვეყანა, ვინც აშშ-ს ხარბ თვალს გადაურჩება.

ასეთთან სხვაგვარი ლაპარაკია საჭირო და არა გუნდრუკის კმევა. ასეთი არასდროს დათანხმდება მრავალპოლუსიანობას ან სად არის „ბრიკსი“, „შოსი“, მრავალპოლუსიანობის მიმდევარი ქვეყნები, ხმაგაკმენდილნი რომ ადევნებენ თვალს მათი მეგობარი ქვეყნის ცემას?

21-ე საუკუნის ოციან წლებში სხვა ქვეყნის ხელისუფლების ცვლა რაღაც მიზეზით, ამ შემთხვევაში გამოგონილით ბირთვული იარაღის დამზადებასთან დაკავშირებით, დანაშაულია — ჩადენილი სამყაროს წინაშე, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს მესამე მსოფლიო ომი, ცხადია ბირთვული — ბოლო ომი კაცობრიობის ისტორიაში.

 

ჰამლეტ ჭიპაშვილი