ისრაელმა ირანთან 12-დღიანი ომის დროს მიყენებული ზარალი 3 მლრდ დოლარად შეაფასა, რაც რაკეტებით დაზიანებული შენობების აღსადგენად და ადგილობრივ ბიზნესზე კომპენსაციის გასაცემად არის საჭიროს.
ინფორმაციას Bloomberg ქვეყნის ფინანსთა სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.
კომპენსაციის გადახდაზე პასუხისმგებელი საგადასახადო სამმართველოა. სამსახურის გენერალური დირექტორი, შაი აარონოვიჩი აცხადებს, რომ „ეს ყველაზე დიდი გამოწვევაა,” რომლის წინაშეც ქვეყანა აღმოჩნდა და “ისრაელის ისტორიას ასეთი ზარალი არ ახსოვს.”
თანხა სამხედრო კამპანიაში ისრაელის მიერ გამოყენებული იარაღისა და თავდაცვის სისტემების ჩანაცვლების ხარჯს არ მოიცავს.
ქვეყნის ფინანსთა მინისტრ ბეცალელ სმოტრიჩის მონაცემებით, ომის საერთო ღირებულებამ შესაძლოა, 12 მლრდ დოლარი შეადგინოს.
12-დღიანი სამხედრო კამპანიის დროს ისრაელის ეკონომიკა, თითქმის, მთლიანად გაჩერდა, სკოლები და საწარმოები, სასიცოცხლოდ აუცილებელი ობიექტების გარდა, დაიხურა.
ფინანსთა სამინისტროს შეფასებით, კომპენსაციის ოდენობა, რომელიც მთავრობამ ბიზნესზე უნდა გასცეს, 1.5 მლრდ დოლარამდე შეადგენს. ეს 2023 წლის ოქტომბერში დაზიანებულ საკუთრებაზე გადახდილ ოდენობაზე, მათ შორის, “ჰამასის” თავდასხმების შედეგად განადგურებული მთელი თემებისთვის გადახდილ თანხაზე ორჯერ მეტია.
ცნობისთვის: ირანთან 12-დღიანმა ომმა მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა თელ-ავივის მახლობლად, ცენტრალური ისრაელის მჭიდროდ დასახლებულ ქალაქებს, სადაც ქვეყნის მოსახლეობის, სულ მცირე, 50% ცხოვრობს. ირანის ბალისტიკურმა რაკეტებმა, რომლებიც ასობით კილოგრამ ასაფეთქებელ ნივთიერებასა და ფრაგმენტულ ბომბებს შეიცავდნენ, მნიშვნელოვანი ნგრევა გამოიწვია.
საცხოვრებელი ტერიტორიების გარდა, ისრაელის ერთ-ერთ მთავარ სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებას, ვაიცმანის მეცნიერებათა ინსტიტუტსა და ჰაიფაში მდებარე ქვეყნის უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას სერიოზული ზიანი მიადგა.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ