საქართველო, დადექი! – ამ ლოზუნგით არასამთავრობო სექტორი მასშტაბურ აქციას კიდევ ერთხელ აანონსებს – 29 ივნისს პარლამენტის წინ აქტივისტები, ენჯეოები და ოპოზიციონერები ისევ შეიკრიბებიან, რათა ლიდერების დაკავება გააპროტესტონ. ისინი საზოგადოებას მოუწდებენ, პროტესტს შეუერთდნენ.
ანალიტიკოსი დავით ზურაბიშვილი 29 ივნისს „დიდ აფეთქებას” არ ელოდება, თუმცა ფიქრობს, რომ ეს მთლად კარგი არაა, რადგან „ხელისუფლება ასეთ დროს უფრო თავხედდება და ფიქრობს, რომ ისეთი დიდი უკმაყოფილება არაა და მას შეუძლია რეპრესიები გააგრძელოს”, არადა, მისი თქმით, ქვეყანაში უკმაყოფილების ტალღა ნამდვილად არის, ოღონდ ამას სხვანაირი ორგანიზება და მოქმედება უნდა.
არასამთავრობო სექტორი აქციას კვირას 20:00 საათზე აანონსებს.
„საქართველოს მტერი ცდილობს, თავისუფალი ქვეყანა ერთ დიდ საპყრობილედ გადააქციოს. უკვე ციხეში არიან პროდასავლური პარტიების პოლიტიკური ლიდერები, ჟურნალისტები, აქტივისტები, ექიმები, მსახიობები, პოეტები, მასწავლებლები. ხელისუფლების რეპრესიები უკვე ყველას გვეხება. ეს თუ ასე გაგრძელდა, ჩვენც ციხეში ვიქნებით: ზოგი პატიმრად, ზოგი გუშაგად, მაგრამ ყველანი ციხეში. დღეს დუმილი მორჩილებაა, მაგრამ საქართველოს არ შეუძლია მორჩილება. ჩვენი დგომა, ჩვენი გამოჩენა, ჩვენი ხმა ნიშნავს, რომ საქართველოში ადამიანებს სჯერათ თავისუფლების.
„კვირას, 29 ივნისს, 20:00 საათზე მოდით რუსთაველის გამზირზე, წამოიღეთ პლაკატი, მოდით ოჯახთან და მეგობრებთან ერთად. დადექი შენს ხალხთან ერთად! დადექით საქართველოსთვის!” – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი ავრცელებს.
ყოფილი სახალხო დამცველი და „საქართველო ევროპული ორბიტის” აღმასრულებელი დირექტორი ნინო ლომჯარია აქციის ანონსს ფეისბუქზე აზიარებს და საზოგადოებას მოუწოდებს მივიდეს რუსთაველზე და „პალკატი წაიღოს”.
„დღეს დუმილი მორჩილებაა. მაგრამ საქართველოს არ შეუძლია მორჩილება. ჩვენი დგომა, ჩვენი გამოჩენა, ჩვენი ხმა – ნიშნავს, რომ საქართველოში ადამიანებს სჯერათ თავისუფლების”, – წერს ლომჯარია.
ანალიტიკოსი დავით ზურაბიშვილი „რეზონანსთან” აცხადებს, რომ თუ ოპოზიციონერი ლიდერების დაკავებაზე მასობრივი რეაქცია იქნებოდა, ამას დაანონსება არ დასჭირდებოდა. ამიტომაც 29-ში ანალიტიკოსი მაინცდამაინც განსაკუთრებულს არ ელოდება. მიუხედავად იმისა, რომ არ გამორიცხავს, უკმაყოფილების ტალღამ ამოხეთქოს, უახლოეს დღეებში ეს დიდად მოსალოდნელად არ მიაჩნია.
„29-ში მაინცდამაინც რაღაც განსაკუთრებულს არ ველოდები. მოხარული ვიქნები თუ შევცდები, რადგან ახლა რაც ხდება, თავისთავად თუ ამაზე მასიური რეაქცია მოხდებოდა, ეს ისედაც იქნებოდა და დაანონსება არ დასჭიდდებოდა და არასამთავრობო სექტორი არაა ის ძალა, ყოველ შემთხვევაში, იქ ისეთი პოპულარული არაა, რომ პოლიტიკურ ლიდერად აღიქმებოდეს.
„სტანდარტულად საშუალო რაოდენობის ხალხი გამოვა. ეს მთლად კარგი არ მგონია, რადგან ხელისუფლება ასეთ დროს უფრო თავხედდება და ფიქრობს, რომ ისეთი დიდი უკმაყოფილება არაა და მას შეუძლია რეპრესიები გააგრძელოს. არადა, უკმაყოფილების ხარსხი ბევრად მეტია, ვიდრე ის ხალხი, რომელიც ასე აქტიურადაა ქუჩაში, ოღონდ ამას ცოტა სხვანაირი ორგანიზება და ცოტა სხვანაირი მოქმედება სჭირდება.
„მთელი ცხოვრება რაღაც აქციებზე ვარ და ასე თუ ისე გამოცდილება მაქვს. როგორც წესი, ხალხი ორ მომენტში გამოდის ხოლმე – ერთი, როცა ისეთი მკაფიოდ გამოკვეთილი ლიდერია, ვისაც საზოგადოება ენდობა და ჩათვლის – ამ ადამიანს აქვს ძალა, სასურველი ცვლილებები გამოიწვიოს. მეორეა სტიქიური აფეთქება, ამ დროსაც შეიძლება ბევრი ხალხი გამოვიდეს ყოველგვარი ლიდერის გარეშე. ოღონდ ამ აფეთქებას უკმაყოფილების დაგროვება სჭირდება. უკმაყოფილება რომ დაგროვდება, მერე არანაირი მნიშვნელობა არ აქვს უკვე არასამთავრობო დაანონსებს, თუ საერთოდ არავინ არ დააანონსებს, შეიძლება უცებ ქუჩაში ასი ათასი ადამიანი გამოვარდეს.
„მგონია, რომ ახლა უკმაყოფილობის დაგროვების პროცესია, ნელ-ნელა გუბდება, მერე გადმოხეთქავს. როდის გადმოხეთქავს, არ ვიცი, თუ 29-ში გადმოხეთქავს, ყველა დავინახავთ. მეეჭვება, რომ ასე მოკლე დროში მოესწროს ასეთ დონეზე უკმაყოფილების დაგუბება, რომ მასიურად ამოხეთქოს, მაგრამ ვნახოთ. მოსახლეობა გამოსვლისთვის მზად ყოველთვისაა, უბრალოდ ან უნდა იყოს გამოკვეთილი ლიდერი გამოკვეთილი პერსპექტივით, რაღაცა გეგმა თუ არა, კონკრეტული მიზანი მაინც რომ ჰქონდეს მისაღწევი. მაგალითად, რომ გამოვედი, მერე რა ვქენი? შედეგზე უნდა იყოს ორიენტირებული. ან გაბრაზებული ადამიანი უნდა იყოს, მაშინ ლიდერი საჭირო არაა, მაგრამ ამ კონდინციამდე მისვლა სჭირდება. ვფიქრობ ახლა სიტუაცია კონდინციამდე ნაკლებადაა მისული. რასაც ვუყურებ, ახლა ჩვენი საზოგადოება უფრო დაზაფრულივითაა და ფრუსტრაციაში უფროა. ეს გასაგებიცაა, როცა გაბრაზების ტალღა გადაგივლის, თუ სასურველი შედეგი არ დადგა, მერე ფრუსტრაცია იწყება, მერე ნელ-ნელა ბრაზდები და ისევ ამოხეთქავს. ჩვენ ვართ ამ პროცესში, როცა ფრუსტრაციიდან ისევ გაბრაზების სტადიაზე გადავდივართ, მაგრამ ჯერ ეს ამბავი ახალი დაწყებულია და ამიტომ 29-ში მეეჭვება დიდი აფეთქება მივიღოთ”,- განაცხადა ზურაბიშვილმა.
კითხვაზე, დღეს ასეთი ლიდერი მოიძებნება თუ არა ოპოზიცაში, რომელსაც ასე ენდობა ხალხი და გაყვება, ანალიტიკოსმა გვითხრა:
„ფაქტია, რომ ისეთი ლიდერი, რომელსაც სახალხო დონეზე დიდი და მაღალი რეიტინგი ექნება, უბრალოდ არ გვყავს. ამომრჩეველთა კონკრეტული ჯგუფისთვის სააკაშვილია ლიდერი, ვიღაცისთვის გახარია, ვიღაცისთვის გვარამია, ვიღაცისთვის ხაზარაძე. ჩვენ ლიდერები გვყავს, მაგრამ ეროვნული მასშტაბის ისეთი ლიდერი, მთელ ნაციონალურ მასშტაბზე რომ გავიდეს და რაღაც სიახლის და იმედის განცდა შექმნას, ეგეთი ჯერჯერობით არ ჩანს”,- განაცხადა დავით ზურაბიშვილმა „რეზონანსთან”.