სპეცდანიშნულების რაზმის ავტომობილმა, რომლითაც მთავარეპისკოპოსი მიქაელი უნდა გადაეყვანათ, წმინდა ეჩმიაძინის მთავარი საკათედრო ტაძრის ტერიტორია დატოვა, – ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.გავრცელებული ინფორმაციით, ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე ვითარება კვლავ დაძაბულია.
სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის განმარტებით, უსაფრთხოების ძალებს წმინდა ეჩმიაძინის მთავარი საკათედრო ტაძრის ტერიტორიის დატოვების ბრძანება უსაფრთხოების მიზნით და სიტუაციის შესაძლო და განზრახ ესკალაციის თავიდან ასაცილებლად მიეცათ.
მათივე განმარტებით, სამართალდამცავი ორგანო აგრძელებს მისთვის დაკისრებული ფუნქციების შესრულებას საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვასთან დაკავშირებით.
“მოვუწოდებთ მოქალაქეებს, თავი შეიკავონ სიტუაციის ესკალაციისგან და არ შეუშალონ ხელი სამართალდამცავი ორგანოების კანონიერი გადაწყვეტილებების აღსრულებას. მოვუწოდებთ მთავარეპისკოპოს მიქაელ აჯაფახიანს, ნუ დაემალება სამართალდამცავ ორგანოებს და პირადად გამოცხადდეს ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის სამუშაო ჯგუფის წინაშე“, – აღნიშნულია განცხადებაში.
განცხადებაში ასევე ხაზგასმულია, რომ სამართალდამცავი ორგანოების კანონიერი ქმედებებისთვის ხელის შეშლა სამართლებრივ შეფასებას დაექვემდებარება.
ეროვნული უსაფრთხოების სამსახურისა და პოლიციის თანამშრომლებს, რომლებიც იქ შირაკის ეპარქიის წინამძღვრის, მთავარეპისკოპოს მიქაელ აჯაფახიანის დასაკავებლად მივიდნენ, შეკრებილი მოქალაქეები უპირისპირდებიან და მთავარეპისკოპოსის დაკავების საშუალებას არ აძლევენ.