რუსეთის მხარემ უკრაინის დონეცკის ოლქში ლითიუმის საბადო ხელში ჩაიგდო, შესაბამისად უკრაინა მნიშვნელოვანი აქტივის გარეშე დატოვა, რომელსაც აშშ-თან ახალი ეკონომიკური პარტნიორობის მხარდაჭერა შეეძლო. ინფორმაციას The New York Times-ი ავრცელებს.
ცნობილია, რომ საბადო სოფელ შევჩენკოსთან ახლოს მდებარეობს. რუსებმა სოფელი რამდენიმე დღის წინ დაიპყრეს.
„მიუხედავად იმისა, რომ საბადო შედარებით პატარაა და მისი ფართობი სულ რაღაც 100 აკრს (40 ჰექტარს) შეადგენს, დარგის ექსპერტები ფიქრობენ, რომ ის ლითიუმის მაღალი კონცენტრაციის გამო უკრაინაში ერთ-ერთი ძვირფასი ადგილია. ლითიუმი არის მინერალი, რომელსაც მოწინავე ტექნოლოგიების, ისეთების, როგორიცაა ელექტრო ბატარეები წარმოებისას იყენებენ. შეერთებულმა შტატებმა ლითიუმი საკუთარი ეკონომიკისა და ეროვნული უსაფრთხოებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან წიაღისეულად აღიარეს“, – წერია სტატიაში.
როგორც The New York Times-ი იუწყება, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას უკრაინაში ლითიუმის უდიდეს მარაგებზე, რომელიც ევროპაში უმსხვილესად ითვლება, წვდომა სურდა. ამისთვის უკრაინამ და აშშ-მა ხელი მოაწერეს ისტორიულ შეთანხმებას, რომელიც ამერიკელებს სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობის უფლებას აძლევს.