თურქეთის გავლენის ზრდიდან მომდინარე საფრთხეები

ბოლო დროს საერთოდ შეწყდა საჯარო დისკუსია იმის შესახებ, თუ რა საფრთხეებს შეიცავს საქართველოსთვის თურქეთის გავლენის ზრდა კავკასიის რეგიონში და, მათ შორის, საქართველოში. გნებავთ, ინტერნეტის საძიებო სისტემაში სცადეთ და ჩაწერეთ: „თურქეთის გავლენა საქართველოში“, „თურქეთიდან მომდინარე საფრთხეები“ და ა. შ.; ბოლო წლებში გამოქვეყნებულ ვერც ერთ პუბლიკაციას ვერ ნახავთ.

ამ დისკუსიის შეწყვეტას ხელს უწყობს საქართველოში არსებული კრიზისული პოლიტიკური ვითარება და ხელისუფლების მოუცლელობა, დაკავდეს რეალური პოლიტიკით, გადადგას ერთადერთი სწორი ნაბიჯი და ურთიერთობები აღადგინოს ჩვენს მიერვე მტრად გამოცხადებულ რუსეთთან. მაგრამ, გარდა ზოგადი პრობლემებისა, ადგილი აქვს თურქეთის ინტერესების ლობირებას საქართველოს შიგნით. რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობების არარსებობა კი ნოყიერ ნიადაგს ქმნის საამისოდ.

თურქეთის ლობისტები ცდილობენ, ისე წარმოაჩინონ ვითარება, რომ ქართულ საზოგადოებაში გამოთქმული შიშები, თურქეთის მოქალაქეებისათვის მასობრივად ქართული პასპორტების დარიგებით გამოწვეული, უსაფუძვლოა და თურქი „თანამოქალაქეების“ მომრავლება არანაირ საფრთხეს არ შეიცავს საქართველოსთვის. მეტიც, და, თურმე არც თურქეთის მოქალაქეების მიერ საქართველოს მოქალაქეობის მიღებას სულაც არ ჰწონია მასობრივი ხასიათი. არადა, არაერთხელ გაჟღერდა ციფრები, თუ როგორ დემონსტრაციულად ურიგებდა სააკაშვილი თურქებს საქართველოს მოქალაქეობას, ერთბაშად, ათასობით და ათეულ ათასობით – განსაკუთრებით, მისი პრეზიდენტობის ბოლო პერიოდში.

ლობისტები ასევე არწმუნებენ საზოგადოებას, რომ რუსეთთან ვაჭრობა საქართველოსთვის საშიშია, ხოლო თურქეთთან – სასიკეთო. როდესაც ვამბობთ „ლობისტები“, პირველ რიგში, ქართული მასმედია გამოდის ასეთ როლში. მაგალითად, დიდად გახმაურებული მზია ამაღლობლის გამოცემა „ბათუმელები“-„ნეტგაზეთი“, რომელიც თურქეთთან მოსაზღვრე რეგიონში – აჭარაში, თურქული ინტერესების გამტარებლად გვევლინება. „ბათუმელები“ გარკვეული პერიოდულობით აქვეყნებს პროთურქულ მასალებს და ყოველთვის წინა პლანზე დგას თურქული ინტერესების დასაცავად. სხვადასხვა „ფაქტჩეკინგებთან“ ერთად ებრძვის ყველას, თუკი ვინმე გარისკავს და იტყვის, რომ თურქეთიდან საქართველოსთვის გარკვეული საფრთხეები მომდინარეობს. ეკონომიკასთან დაკავშირებით, ამ გამოცემის ერთ-ერთ მასალაში (https://batumelebi.netgazeti.ge/news/520675/) საქმე ისეა გამოყვანილი, თითქოს რუსეთთან ეკონომიკური კავშირები საქართველოსთვის საზიანოა, ხოლო თურქეთი საქართველოში სამუშაო ადგილებს „ქმნის“ და ლამის ჩვენზე მზრუნველი „მარჩენალია“.

„ბათუმელები“ პლუსად უწერს თურქეთს იმ ფაქტს, რომ სასაზღვრო ზოლში ქართული მოსახლეობა სხვადასხვა პროდუქტს იძენს და ვაჭრობას ეწევა. ოღონდ, თუკი აღნიშნულ გამოცემას თავს დავანებებთ და რეალურ მოქალაქეებს გავესაუბრებით, პრაქტიკულად ყველა მათგანი გეტყვით, რა დამცირებას გადიან ისინი თურქ მესაზღვრეებთან თუ მებაჟეებთან, რა ნერვებად უჯდებათ რამდენიმე კილოგრამი თაფლის ან სოფლად მოწეული სხვა პროდუქტის თურქეთის საზღვარზე გადატანა, გროშების მოსაგროვებლად.

სამაგიეროდ, თურქები თავს აჭარაში, განსაკუთრებით, ბათუმში, ისე გრძნობენ, როგორც საკუთარ სახლში. სააკაშვილის „ღია კარის“ პოლიტიკის შემდეგ დღემდე ამ მხრივ ბევრი არაფერი შეცვლილა. შეიცვალა მხოლოდ ის, რომ ამ თემაზე ხმას თითქმის აღარავინ იღებს – როგორც აჭარაში, ისე დანარჩენ საქართველოში. მადლობა ღმერთს, ქართულმა საზოგადოებამ ამ ორი-სამი წლის წინ მაინც გამოავლინა სიცოცხლისუნარიანობა, როდესაც არ დაუშვა რიონის ხეობის გასხვისება თურქებზე, „ენერგეტიკული უსაფრთხოების“ ბრჭყვიალა ქაღალდში შეფუთული და უკიდურესად საზიანო ჩვენი ქვეყნისათვის როგორც პოლიტიკურად, ისე ეკონომიკურად და ეკოლოგიურად. თუმცა, შესაძლოა, ეს ბოლო „გაფართხალება“ აღმოჩნდეს სიდუხჭირითა და პოლიტიკური რყევებით მოცული ქართველობისათვის. ეს რომ ასე არ მოხდეს, აუცილებელია მეტი სიფხიზლე და აქტიურობა. არავინ ამბობს, რომ თურქეთი მტრად აღვიქვათ და მტრად მოვიკიდოთ ეს უზარმაზარი, ძლიერი მეზობელი. ჩვენ ვამბობთ, რომ საჭიროა მეტი სიფრთხილე მასთან ურთიერთობაში და მეტი ბალანსი. ამ ბალანსად კი, ბუნებრივად, რუსეთი გვესახება, რომელიც აქვეა, განსხვავებით დასავლეთისაგან, რომელიც არათუ არ დააბალანსებს თურქეთს, არამედ თავად ურევს ვითარებას საქართველოს შიგნით.

მოვუწოდებთ ხელისუფლებას და მთელ საზოგადოებას, მეტი სიფხიზლე იქნას გამოჩენილი და მოხდეს თურქეთთან ურთიერთობების ავ-კარგიანობის განხილვა, ანალიზი, ყოველგვარი ზედმეტი ხმაურისა და იარლიყების მიწებების გარეშე.

 

ქართველ პოლიტოლოგთა ერთი ჯგუფი