2025 წლის 3 ივლისიდან 1-ელ აგვისტომდე, აბიტურიენტებისა და საგამოცდო პროცესში ჩართული პირებისთვის დამატებითი ავტობუსების მარშრუტები დაინიშნება, – განაცხადა დედაქალაქის მერმა მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
კახა კალაძის თქმით, საგამოცდო დღეებში ავტობუსები საგამოცდო ცენტრებთან მისასვლელ მარშრუტებზე 06:00-დან 20:00 საათამდე იმოძრავებენ და მგზავრებს სტანდარტული ტარიფით მოემსახურებიან.
„ახლოვდება ეროვნული გამოცდები. მინდა აბიტურიენტებს წარმატებები ვუსურვო და მივაწოდო მათთვის საჭირო ინფორმაცია. 3 ივლისიდან 1-ელ აგვისტომდე, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ განსაზღვრულ საგამოცდო პერიოდში, საგამოცდო ცენტრებამდე მისასვლელად, აბიტურიენტებისა და საგამოცდო პროცესში ჩართული პირებისთვის დამატებითი ავტობუსების მარშრუტები დაინიშნება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ავტობუსების მარშრუტები შემდეგ მისამართებზე განთავსდება:
N39-ე, 175-ე, 177-ე, 191-ე საჯარო სკოლების მიმართულებით: ავტობუსები იმოძრავებენ ალექსანდრე გობრონიძისა და ავეკუას ქუჩების კვეთიდან (მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარე ტერიტორია).
N147-ე საჯარო სკოლის მიმართულებით: ავტობუსები იმოძრავებენ მეტროსადგურ „დიდუბის“ ქვედა გასასვლელის მიმდებარე ტერიტორიიდან (ანზორ აბულაშვილის ქუჩა).
N103-ე საჯარო სკოლის მიმართულებით: ავტობუსები იმოძრავებენ მეტროსადგურ „სამგორის“ ზედა გასასვლელის მიმდებარე ტერიტორიიდან (კახეთის გზატკეცილი).
საგამოცდო პროცესი შემდეგ სკოლებში გაიმართება:
N39-ე, 103-ე, 175-ე, 177-ე, 191-ე საჯარო სკოლებში – გამოცდები გაგრძელდება 23 ივლისის ჩათვლით;
N147-ე საჯარო სკოლაში – პირველ აგვისტომდე.