საქართველო ისევ ერთობის მოწოდება და ისევ დაპირისპირება ერთობის გამო – რა პერსპექტივა აქვს იდეას

აქციაზე ყოფილმა პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას ისევ ერთობაზე ისაუბრა და პოლიტიკურ პარტიებს გაერთიანებისკენ მოუწოდა. ამან ოპოზიციონერების გარკვეული ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია და განაცხადეს, რომ „რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში სადღეგრძელოები საჭირო არაა”. ანალიტიკოსები ზურაბიშვილის იდეას არარეალურად უყურებენ.

„ოპოზიციონერებს საერთო ინტერესები არა აქვთ და როგორ გაერთიანდებიან? ზურაბიშვილი რომ იძახის, ერთად დავდგეთ და ივანიშვილი გაიქცევაო, ყველამ იცის, მთავრობის შეცვლა ბოიკოტით აღარ ჭრის”, – განაცხადა ანალიტიკოსმა რამაზ საყვარელიძემ „რეზონანსთან”.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, გეგმა არის ერთობა.

„რეჟიმი ვერ იმარჯვებს – ეს ხომ ჩანს თქვენი აქ დგომით, ყველას აქ დგომით. ჩვენი პასუხი მათ ქმედებებზე სწორედ ერთია – ეს არის ერთობა, სხვა პასუხი ვერც გვექნება. ვიღაცებს უნდათ გაუთავებლად მთხოვონ არარსებული გეგმა. გეგმა არის ერთობა. გეგმა ხვალ, ზეგ იქნება ერთობა, სანამ ჩვენ შედეგს არ მივაღწევთ.

„ცდილობენ ჩემს დისკრედიტაციას, არა უშავს, ესეც აღარ გამოუვათ, რადგან არაფერი გამოუვათ, თუკი ჩვენ ვიქნებით ერთად. პასუხი ყველაფერზე არის ერთობა, ერთობა არის გამარჯვება. გამარჯვება ამ რეჟიმზე არ მოვა არც არჩევნებში მონაწილეობით, არც შიმშილობით, არც არაფერი ხერხით, ერთადერთი ბრძოლა არის ერთობის ბრძოლა, ყველა ერთად რომ დავდგებით და წინააღმდეგობა იქნება ერთიანი, ამაში ვერავინ ვერ შეიტანს უთანხმოებას. ეს ვიცით, ვგრძნობთ, მაგრამ ზოგჯერ ამას ვერ ვუძლებთ. გასაგებია, სხვადასხვა აზრები უნდა არსებობდეს და ამ აზრებს შორის დისკუსია, მაგრამ მე თუ მეკითხებით, ნუ მეკითხებით, იმ შემოგდებულ თემაზე, იმიტომ რომ ჩემი პოზიცია არის მხოლოდ ერთი: სადაც ერთობა არის, იქ ვარ მე და არსად სხვაგან. თუ მეკითხებით, მე რა ამბიცია მაქვს, მაქვს ერთადერთი ამბიცია, რომ ერთობით ქვეყანა გადავარჩინოთ. მე თუ მეკითხებით, სად ვიქნები ხვალ, ვიქნები იქ, სადაც იქნება თქვენი, ჩვენი ყველასი ერთობა, მე სხვა სიტყვა არ ვიცი და მგონი, რომ ჩვენ ყველას ერთად კარგად გვესმის ერთმანეთის, რომ არ უნდა მივცეთ მათ საშუალება, რომ თავიანთი სისუსტე და დაშლა ჩვენი შიდა დაპირისპირებებით გადაფარონ. ვერ შეძლებენ თუ ჩვენ ვიქნებით ერთად და დავძლევთ, კიდევ რამდენიმე დღეებს თუ კვირებს, რაც გვაშორებს საბოლოო გამარჯვებიდან. იშლებიან ისინი, ვძლიერდებით ჩვენ”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრემიერი ირაკლი კობახიძე კვირას გამართულ მიტინგს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „პიკზე, 2 000 ადამიანი იყო გამოსული, რაც მობილიზაციის პირობებში არის სრული ფიასკო”.

„მეტი არ იყო, სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით. როგორც არ უნდა გწყინდეთ, გუშინ პიკზე, 2 000 ქართველი იყო გამოსული”,- განაცხადა პრემიერმა.

ამასთან, ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის წევრი ანა წითლიძე აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილს უნდა ეთქვა, ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა დაუშვებელია.

„რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩვენ არ გვჭირდება სადღეგრძელოები. საქართველოს მოქალაქეებს სჭირდებათ მკაფიოობა და სიცხადე. აქ არსებობს მხოლოდ ერთი გზა და არ არსებობს არანაირი ორი გზა. ერთადერთი გზა რეჟიმის ჩამოშლის, არის რეჟიმთან ართანამშრომლობა. ამიტომაც, ვფიქრობ, რომ სალომე ზურაბიშვილს საქართველოს მოქალაქეებისთვის სათქმელი ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე, მკაფიოდ და ცხადად უნდა ეთქვა. უნდა ეთქვა, რომ ე.წ. არჩევნებში, რეალურად კი სპეცოპერაციაში მონაწილეობა არის დაუშვებელი და ნიშნავს ბიძინა ივანიშვილის წესებით თამაშს. უნდა ეთქვა, რომ ერთ-ერთი მთავარი ამ ქვეყანაში საპროტესტო მუხტის გასაზარდელად და ქუჩაში კიდევ უფრო მეტი ადამიანი გამოსაყვანად არის სწორედ აქტიური ბოიკოტის კამპანია. ეს არის ის, რასაც მე, და დარწმუნებული ვარ საქართველოს ძალიან ბევრი მოქალაქე, რომელიც გუშინ აქციაზე იდგა, ელოდა სწორედ სალომე ზურაბიშვილისგან”, – განაცხადა წითლიძემ.

რამაზ საყვარელიძის შეფასებით, უაზრობაა ერთობის მოწოდება, როცა საერთო ინტერესები არ არსებობს.

„პოლიტიკაში და ზოგადად, ადამიანთან ურთიერთობაში ერთობის მოწოდებაა ცოტა გაუგებარია. თუ ადამიანებს საერთო ინტერესები აქვთ, ისედაც ერთად იქნებიან და თუ არ აქვთ, მოწოდება ასეთ ერთობას ვერ შექმნის. ადამიანებს რომ მოუწოდონ, ერთმანეთთან იმეგობრეთო, ან ახალგაზრდებს უთხრან, დაოჯახდითო, მოწოდება უშველით მაგათ? მათ ინტერესში უნდა იყოს.

„ზოგიერთი ოპოზიციონერი საქართველოს პოლიტიკურ მომავალში ხედავდა იმას, რომ საჭიროა ბოიკოტის გაგრძელება, მეორე ჯგუფი კი ფიქრობდა პარლამენტში შესვლაზე. ეს უკვე პოზიციების განსხვავებაა და ამას თითოეულმა მხარემ რატომ უნდა გადააბიჯოს ზურაბიშვილის მოწოდების მერე, გაუგებარია. ეგ რომ იძახის ერთად დავდგეთ და ივანიშვილი გაიქცევაო, სახელმძღვანელოებშიც წერია, ხელისუფლების შეცვლა ასე მარტივი არ არის. ადამიანებმა ხელისუფლების შეცვლისთვის არჩევნები მოიგონეს და არა მიტინგები. ძალიან იშვიათ შემთხვევებში მოაქვს მიტინგს ხელისუფლების შეცვლა. ეს ხავერდოვანი რევოლუციების პრინციპი იყო. ახლა აღარ ჭრის ეს. ხომ ხედავთ, ხალხიც აღარ იკრიბება. მთავრობა იცვლება იმ შემთხვევაში, თუ აქციაზე ბევრი ხალხი იდგება და ხელისუფლებას ქვეყნის მართვა გაუჭირდება, თორე აგერ, ვხედავთ, მიუშვა „ოცნებამ” ხალხი – გადაკეტეთ რუსთაველი და იყავითო. ბუნებრივია, რადგან ასე მიუშვა, მათ იმ პროცესის, რისი მეთაურობაც სალომემ აიღო, არ ეშინიათ”, – განაცხადა რამაზ საყვარელიძემ „რეზონანსთან”.

ანალიტიკოს დავით ზურაბიშვილის თქმით კი, „რა თქმა უნდა, სასურველია, რომ ოპოზიციური ლიდერები რაღაც საერთო დღის წესრიგზე შეჯერდნენ, მაგრამ სამწუხაროდ, ეს არარეალურია”.