მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრით არის დაკავებული, ნატოს ბევრი ქვეყანა მოელის, რომ რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი ერთ დღეს ყურადღებას ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგზე გადაიტანს. ქვეყნები ამ შეჭრისთვის ემზადებიან. როგორც Financial Times წერს, რუსეთის ეკონომიკა ისედაც მზადაა კონფლიქტისთვის და პუტინის იმპერიალისტური ამბიციები იმაზე მიუთითებს, რომ ის დაპყრობის შესაძლებლობებს სხვაგან ეძებს.
აღსანიშნავია, რომ მოსკოვი უკვე დგამს ნაბიჯებს რეგიონში თავისი ყოფნის გასაძლიერებლად.
„თანამგზავრული ფოტოები აჩვენებს გაზრდილ აქტივობას ნატოს აღმოსავლეთ ფლანგთან ახლოს მდებარე რუსულ ბაზებზე, მათ შორის „ლევაშოვოს“, „კამენკას“ და „ოლენიას“ აეროდრომებზე. ფინეთის საზღვრიდან დაახლოებით 175 კილომეტრში, პეტროზავოდსკში, ახალი სასაწყობე შენობები გაჩნდა, ხოლო ნორვეგიიდან აღმოსავლეთით დაახლოებით 120 კილომეტრში, ყოფილი Severomorsk-1 ავიაბაზის ტერიტორიაზე, გაიწმინდა ტერიტორიები და თვითმფრინავებისთვის ახალი ასფალტი დაიგო“, – აღნიშნავს გამოცემა.
როდის იქნება რუსეთი თავდასხმისთვის მზად?
ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ გასულ თვეში განაცხადა, რომ მოსკოვი შესაძლოა, მზად იყოს ალიანსის წინააღმდეგ ძალის გამოსაყენებლად „ხუთი წლის განმავლობაში“.
ამავდროულად, ფინეთის შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსის მოადგილე, გენერალ-ლეიტენანტი კარი ნისულა მიიჩნევს, რომ კითხვა „იმაში არ მდგომარეობს, ეს მოხდება თუ არა, არამედ იმაში, თუ როდის მოხდება. ყოველდღე მზად უნდა ვიყო“.
ნატოს ყოფილი გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი ვარაუდობს, რომ პუტინს თავდაჯერებულობა და „უფრო მეტი ტერიტორიის დაპყრობის სურვილი“ გაუჩნდება, თუ მას უკრაინაში წარმატების მიღწევის საშუალებას მისცემენ:
„ის ბალტიისპირეთის ქვეყნებზე ზეწოლას მოახდენს… და როდესაც აშშ-ის პრეზიდენტი საჯაროდ გამოთქვამს ეჭვს მე-5 მუხლის მიმართ მისი ერთგულების შესახებ, ამან შეიძლება პუტინი აცდუნოს, ნატოს სიმტკიცე გამოცადოს“.
აღმოსავლეთ ევროპის ნატოს ბევრი ქვეყანა ჩქარობს თავდაცვის ხარჯების გაზრდას, რათა შეავსოს სამხედრო შესაძლებლობების ხარვეზები როგორც რუსეთის, ასევე ტრამპის ზეწოლის ქვეშ. თუმცა ბევრს ეჭვი ეპარება, რომ დამატებითი ინვესტიციები საკმარისად სწრაფად განხორციელდება.
„ჩვენ ყველას გვსურს რუსეთის შეკავება ძალის დემონსტრირებითა და ჩვენი პოტენციალის გაზრდით. თუმცა, მეორე მხრივ, გარკვეულ მომენტში პუტინი გათვლის, შეუძლია თუ არა გამარჯვება. ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ის არასწორ გათვლებს არ გააკეთებს“, – ამბობს რეგიონული დაზვერვის ერთ-ერთი ოფიცერი.
ამავდროულად, როგორც FT აღნიშნავს, სამხედრო ექსპერტები ამტკიცებენ, რომ მოსკოვის ინტერესი ნატოს მოსაზღვრე სახელმწიფოების მიმართ განსხვავდება უკრაინის მიმართ მისი დამოკიდებულებისგან. სრულმასშტაბიანი შეჭრის ნაცვლად, პუტინი, სავარაუდოდ, გამოცდის, შეძლებს თუ არა ნატო რეაგირებას, ან უპასუხებს თუ არა მას.
„რუსეთისთვის სტრატეგიული მიზანი ნატოს დაშლა იქნება და არა ბალტიისპირეთში, ან სხვაგან მიწის პატარა ნაკვეთის შეძენა“, – ამბობს კრისტი რაიკი, ესტონეთში თავდაცვისა და უსაფრთხოების კვლევების საერთაშორისო ცენტრის დირექტორი.
თუმცა, მისივე თქმით, მოსკოვის მომავალ აგრესიაზე გადამწყვეტი რეაგირების ნებისმიერი უუნარობა ალიანსის დასასრულს ნიშნავს. ამიტომ ბევრი რამ შეიძლება დამოკიდებული იყოს იმაზე, გათამამდება თუ არა პუტინი უკრაინაში ომის შედეგებით.
„თუ აშშ უკრაინას არახელსაყრელ სამშვიდობო შეთანხმებას დააკისრებს, რუსეთი თავს გამართლებულად იგრძნობს და ჩვენი უსაფრთხოებისთვის რისკი გაიზრდება“, – ამბობს ის და დასძენს, რომ ყველაფერი ერთ ფუნდამენტურ საკითხამდე დაიყვანება: „როგორ აფასებს რუსეთი ნატოს მზადყოფნას კოლექტიური რეაგირებისთვის?“
რუსეთი და ნატო
ნატოს წლევანდელ სამიტზე, რომელიც ნიდერლანდებში გაიმართა, წევრმა ქვეყნებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ თავდაცვაზე მთლიანი შიდა პროდუქტის 5% დახარჯონ. მხოლოდ ესპანეთს შეუძლია ამის თავიდან აცილება.
ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ განაცხადა, რომ რუსეთის მხრიდან საფრთხე არსებობს. უფრო მეტიც, მოსკოვი აძლიერებს თავის ძალებს, რათა სამ, ხუთ, ან შვიდ წელიწადში ალიანსზე თავდასხმა განახორციელოს.