აშშ-ის სენატმა შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის კანონპროექტს საგადასახადო შეღავათებისა და სახელმწიფო ხარჯების შემცირების შესახებ მხარი დაუჭირა. სენატში „რესპუბლიკური პარტიის“ წევრთა უმრავლესობის მიუხედავად, ხმები გადანაწილდა 50/50-ზე. გადამწყვეტი შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის ხმა აღმოჩნდა. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.
სამმა რესპუბლიკელმა სენატორმა, ისევე როგორც „დემოკრატიული პარტიის“ ყველა წარმომადგენელმა, საგადასახადო-საბიუჯეტო პაკეტს მხარი არ დაუჭირა. თავად ტრამპი საკანონმდებლო პაკეტს „დიდ და მშვენიერ კანონს“ უწოდებს.
დებატების პროცესში სენატორებმა კანონპროექტში გარკვეული ცვლილებები შეიტანეს. ახლა კანონს კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ უნდა დაუჭიროს მხარი. იქ დებატები 2 ივლისს გაიმართება. ტრამპმა სენატის გადაწყვეტილებაზე თქვა „ვაუ!“. ის ცდილობს კანონს 4 ივლისამდე მოაწეროს ხელი, როდესაც აშშ-ის დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება.
ტრამპის კანონპროექტში გათვალისწინებულია საგადასახადო შეღავათების გაგრძელება, რომლებიც მან ჯერ კიდევ პირველი საპრეზიდენტო ვადის დროს შემოიღო, საიმიგრაციო და თავდაცვის სფეროების დაფინანსების გაზრდა, კერძოდ „ოქროს გუმბათის“ რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის შესაქმნელად თანხების გამოყოფას.
რაც შეეხება ხარჯების შემცირებას, ის სასურსათო პროგრამებს და კლიმატის დაცვის ღონისძიებებს შეეხება, ასევე შემცირდება პროგრამის, Medicaid-ის დაფინანსება, რომლის დახმარებით ხდებოდა ღარიბი ოჯახების, შშმ პირების, ბავშვების და სხვა, სოციალურად დაუცველი ადამიანების მკურნალობის ხარჯების ანაზღაურება. კონგრესის შეფასებით, Medicaid-ის პროგრამით მომდევნო 10 წლის განმავლობაში დაფინანსებას 12 მლნ ადამიანი დაკარგავს.
აშშ-ის კონგრესში „დიდი და მშვენიერი კანონის“ განხილვას უკვე გამოეხმაურა დონალდ ტრამპის ყოფილი თანამებრძოლი, ამერიკელი მილიარდერი ილონ მასკი. მასკმა განაცხადა, რომ თუ ეს კანონი მიღებული იქნება, ის მეორე დღესვე საკუთარ პარტიას შექმნის, რათა „რესპუბლიკელ-დემოკრატების ერთპარტიული სისტემის ალტერნატივა შეიქმნას“.