უკიდურესად დაიძაბა ვითარება აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის, უფრო სწორად, აზერბაიჯანმა დაძაბა. მიუხედავად რუსეთის ხელისუფლების მოწოდებებისა, სამართალდამცავ სტრუქტურებს მიეცეთ საშუალება, გაარკვიონ ყველაფერი, ბაქო არ ცხრება.
ფაშინიანის პოლიტიკა ასევე ცნობილია – დასავლეთის წაქეზებით, ისიც რუსეთთან ურთიერთობის დაძაბვის გზით მიდის.
ამ ვითარებაში საქართველოსთვის ჩნდება გენიალური შანსი, დაიახლოვოს რუსეთი, ვინაიდან რუსეთს დიდი არჩევანის საშუალება კავკასიაში აღარ რჩება. არადა, რუსეთი ყველანაირად სჭირდება საქართველოს.
რომ არა საქართველოს ანტირუსული პოლიტიკა, რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობა, ამდენს ვერც ალიევი და ვერც ფაშინიანი ვერ გაბედავდნენ.
ამიტომ, საქართველო რუსეთისთვის ორი-სამჯერ უფრო მნიშვნელოვანი გახდა, რათა კონტროლი შეინარჩუნოს სამხრეთ კავკასიაზე. ე. წ. აფხაზეთის და ს.-ოსეთის რესპუბლიკები საამისოდ საკმარისი არ არის.
შესაბამისად, საქართველოს შეუძლია, გადადგას სწორი ნაბიჯები რუსეთთან მიმართებაში და საკუთარი თავი შესთავაზოს მას მთავარ კავკასიურ დასაყრდენად. რასაკვირველია, გარკვეული პირობების მოთხოვნით. რაციონალურ პირობებს რუსეთის ხელისუფლება აქამდეც გაითვალისწინებდა, მაგრამ ახლა მით უფრო გაითვალისწინებს და ხალისით წამოვა საქართველოსკენ.
კავკასიაში ახლა იდეალური ვითარებაა იმისთვის, რომ მოხდეს აფხაზებთან და ოსებთან ქართველების შერიგება რუსეთის დახმარებით, აღდგეს ერთიანი სახელმწიფოებრივი სივრცე. საქართველოს შეუძლია, რუსეთთან ურთიერთობების დამყარებით დიდი სარგებლის მიღება, მაგრამ, სამწუხაროდ, საქართველო, თავისი ხელისუფლების სახით, კვლავ ყალბი საგარეო პოლიტიკის ტყვეობაში რჩება.
გულბაათ რცხილაძე