Politico: ევროპარლამენტში ურსულა ფონ დერ ლაიენისა და ევროკომისიის მიმართ უნდობლობის გამოცხადების საკითხს უყრიან კენჭს

მომდევნო ხუთშაბათს ევროპარლამენტში ევროკომისიისა და მისი პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის მიმართ უნდობლობის გამოცხადების საკითხს უყრიან კენჭს. ამის შესახებ „პოლიტიკო“ წერს.

როგორც მედია წერს, კენჭისყრის თაობაზე ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ უკვე აცნობა პოლიტიკურ ჯგუფებს. დებატები ორშაბათისთვისაა დაგეგმილი, რომლის დროსაც სიტყვით გამოვა თავად ფონ დერ ლაიენი. ამის შემდეგ გაიმართება დისკუსია, სადაც პოლიტიკური ჯგუფების ლიდერები საკუთარ შეხედულებებს გამოთქვამენ, ხოლო ხუთშაბათს სტრასბურგში, პლენარულ სხდომაზე უკვე გაიმართება კენჭისყრა.

ინიციატივა რუმინელმა მემარჯვენე ევროპარლამენტარმა, გეორგე პიპერეამ წამოაყენა. ის ევროკომისიას გამჭვირვალობის ნაკლებობასა და არასწორ მენეჯმენტში ადანაშაულებს.

როგორც მედია წერს, დეკადის განმავლობაში პირველი შემთხვევაა, როდესაც კომისიის ხელმძღვანელი ასეთი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა, თუმცა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ფონ დერ ლაიენს უნდობლობა გამოუცხადონ, რადგან პარტიების უმეტესობამ უკვე განაცხადა, რომ არ აპირებენ ამას.