„ასეთი შეხვედრები ორგანიზდება ხელისუფლებისგან, რომელსაც თავი ეკონომიკის დირექტორად წარმოუდგენია“ – გია ხუხაშვილი

ხუხაშვილის თქმით, ხელისუფლება თავს ეკონომიკის დირექტორად გრძნობს და ბიზნესს თამაშის წესებს კარნახობს.

„ბიზნესმენებთან შეხვედრები ავტორიტარი ხელისუფლებისთვის არის დამახასიათებელი – ნორმალურ ქვეყნებში ასეთი ტიპის შეხვედრებს არავინ აწყობს. ბიზნესმენებთან ასეთ ფორმატში ურთიერთობა მიუთითებს იმაზე, რომ მთავრობა დღესაც ეკონომიკის დირექტორად გრძნობს თავს. ამას ე.წ. „ნომენკლატურული კაპიტალიზმი“ ჰქვია, როდესაც ხელისუფალი ეკონომიკის დირექტორია და ბიზნესმენებს თამაშის წესებს თავად კარნახობს.

ის, რომ ჩვენი ბიზნესი, ერთი-ორი გამონაკლისის გარდა, ღრმა კომფორმიზმში იმყოფება, ეს დიდი ხანია ვიცით. ყველაზე ცუდი მოცემულობა მათ აქვთ, რადგან ყველა ხედავს, ხვალ და ზეგ რა რეალობა შეიძლება დადგეს და კონკრეტულად მათ დაუდგეთ. ოღონდ, ამაზე ახლა არავინ ილაპარაკებს, ისევე როგორც არ ლაპარაკობდნენ ადრე, როცა ასევე ავტორიტარი სააკაშვილი ასეთი ტიპის შეხვედრებს მართავდა.

ბიზნესს პირში წყალი აქვს ჩაგუბებული იმდენად, რამდენადაც კარგად ესმის, ნებისმიერი კრიტიკა და საღი აზრის გამოთქმა შეიძლება, სხვადასხვა ფორმით, დასჯადი გახდეს. მით უმეტეს, რომ ჩვენი ბიზნესმენები, რომლებიც ამ შეხვედრებზე დადიან, მაინცდამაინც წესიერებით არ გამოირჩევიან – მიტმასნილები არიან ხელისუფლებას და ვერ წარმოუდგენიათ, მის გარეშე ბიზნესი როგორ აკეთონ“, – აღნიშნა ხუხაშვილმა.