დონალდ ტრამპი ამბობს, რომ ჩინეთთან ტიკ-ტოკის გაყიდვის შესახებ მოლაპარაკებებს მომავალ კვირაში, ორშაბათს ან სამშაბათს დაიწყებს. მისი თქმით, შესაძლოა ჩინეთის ლიდერს სი ძინპინს ეწვიოს ან თავად ჩინეთის მმართველი ჩავიდეს მასთან. ინფორმაციას The Guardian ავრცელებს.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, შეთანხმება „თითქმის“ მიღწეულია. „ვფიქრობ, ორშაბათს ან სამშაბათს დავიწყებთ… შესაძლოა, პრეზიდენტ სი ძინპინთან ან მის რომელიმე წარმომადგენელთან საუბარს, მაგრამ ჩვენ, ფაქტობრივად, შეთანხმებულები ვართ“, – განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს.
შეგახსენებთ, რომ ივნისში ამერიკის პრეზიდენტმა გაახანგრძლივა ვადა 17 სექტემბრამდე, ჩინეთში დაფუძნებულ ByteDance-ს და TikTok-ის სოციალური მედიის აპლიკაციის აშშ-ში 170 მილიონი მომხმარებლის აქტივების გაყიდვისთვის.
მანამდე, გაზაფხულზე მზადდებოდა შეთანხმება ტიკ-ტოკის აშშ-ში ოპერაციების ახალ, ამერიკაში დაფუძნებულ კომპანიად გამოყოფის შესახებ, რომელსაც აშშ-ში ინვესტორები უმრავლესობით ფლობენ და მართავენ, მაგრამ ეს შეთანხმება გადაიდო, რადგან ჩინეთმა განაცხადა, რომ არ დაამტკიცებდა განაცხადს მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა ჩინურ საქონელზე მაღალი ტარიფები დააწესა.
ახლა უკვე, ამერიკის პრეზიდენტის თქმით, ჩინეთს განაცხადის დადასტურება მოუწევს. „მე არ ვარ დარწმუნებული, მაგრამ ასე ვფიქრობ. პრეზიდენტ სი ძინპინს და მე შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს და ვფიქრობ, ეს მათთვის კარგი შეთავაზებაა. შეთანხმება კარგია ჩინეთისთვისაც და ჩვენთვისაც“, – უპასუხა ტრამპმა ჟურნალისტებს მას შემდეგ, რაც მათ ჰკითხეს, რამდენად დარწმუნებული იყო, რომ ჩინეთი შეთანხმებას გააფორმებდა.