აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრისას, დაადასტურა, რომ ირანთან ბირთვულ საკითხებზე მოლაპარაკებები მომავალ კვირას შედგება.
„ჩვენ დავგეგმეთ ირანთან მოლაპარაკებები და მათ ლაპარაკი სურთ“, – აღნიშნა ამერიკის პრეზიდენტმა, თუმცა მოლაპარაკებების დაწყების კონკრეტული თარიღი არ დაუსახელებია.
დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ გარკვეულწილად ვერ ხედავს ირანთან მოლაპარაკებების მიზანს, რადგან მისი თქმით, თეირანის ბირთვული პროგრამა განადგურებულია.
კითხვაზე, განახორციელებს თუ არა აშშ ირანზე განმეორებით იერიშებს, დონალდ ტრამპის თქმით, ის იმედოვნებს, რომ ეს არ დასჭირდება.
„მათ მშვიდობა სურთ და მე მხარს ვუჭერ ამას. ეს ასე თუ არ იქნება, ჩვენ მზად ვართ, გვსურს და შეგვიძლია, მაგრამ ვფიქრობ, არ დაგვჭირდება“, – აღნიშნავს დონალდ ტრამპი.
სირიასთან ურთიერთობებზე საუბრისას დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ქვეყნის წინააღმდეგ სანქციების მოხსნა მრავალი ქვეყნის, მათ შორის ბენიამინ ნეთანიაჰუს მოთხოვნით გადაწყვიტა. აშშ-ის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ „სწორ დროს“ იმავეს შეძლებს ირანთან დაკავშირებითაც.
„მე ძალიან მინდა, შესაბამის დროს, სანქციები მოვხსნა. მივცე მათ შანსი აღდგენისთვის, რადგან მინდა, ირანი მშვიდობიანი გზით აღდგეს, არ დადიოდეს და არ ამბობდეს „სიკვდილი ამერიკას“, „სიკვდილი ისრაელს“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა ისრაელის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას ასევე ისაუბრა უკრაინის შესახებაც და აღნიშნა, რომ შტატები უკრაინას დამატებით იარაღს გაუგზავნის.
„ვაპირებთ იარაღის გაგზავნას. მათ უნდა შეძლონ საკუთარი თავის დაცვა. ისინი ახლა ძალიან მძიმე დარტყმებს იღებენ. მოგვიწევს მეტი იარაღის გაგზავნა, კი, ძირითადად თავდაცვითი იარაღის. ამდენი ადამიანი კვდება ამ ქაოსში“, – განაცხადა ამერიკის პრეზიდენტმა.