შეძლებს თუ არა ადგილობრივ არჩევნებში თბილისის „გამოგლეჯვას” ერთიანი ან გაყოფილი ოპოზიცია

არჩევნებში ჩართვის მომხრე ოპოზიციურ ფლანგი ბოიკოტში მყოფებს მიმართავს, რომ ერთიანობის პირობებში „გარანტირებულია თბილისში გამარჯვება”, რაც შექმნის იმის საფუძველს, უფრო მყარი პოზიციიდან „მოითხოვონ ახალი საპარლამენტო არჩევნები”. ენმ და „კოალიცია ცვლილებებისთვის” კი პირიქით, გახარიას პარტიას და „ლელოს” მოუწდებენ „გონს მოეგონ და რუსული რეჟიმის თამაში არ ითამაშონ”.

„არჩევნებში მონაწილეობა ბუნებრივი მდგომარეობაა, ბოიკოტში ყოფნა ახსნას მოითხოვს. ჩვენთან პირიქითაა – ვინც ბოიკოტშია, ის იძახის, რომ ეს ბუნებრივი მდგომარეობაა და ახლა შენ ახსენი, რატომ მონაწილეობ არჩევნებშიო”,- განაცხადა ანალიტიკოსმა დავით ზურაბიშვილმა „რეზონანსთან”, რომელიც მიიჩნევს, რომ თუ ოპოზიცია ერთიანად მიიღებს 4 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას, „ თბილისში გამარჯვების შანსი არის რეალური”.

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე კი „ რეზონანსთან” ამბობს, რომ ოპოზიციას „ასეთი შანსი ნაკლებად აქვს” რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინებით, პირველ რიგში ოპოზიციის ნაწილი ბოიკოტშია, მეორე მხრივ საიტერესოა, თუ ვის წარადგენს ოპოზიცია თბილისში მერობის კანდიდატად, რადგან ქართველი ამომრჩეველი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს პიროვნულ ფაქტორს შესაბამისად, „უნდა შეირჩეს ისეთი პიროვნება, რომელიც მართლაც სერიოზულ კონკურენციას გაუწევდა კალაძეს თავისი ბოიოგრაფიით, დამსახურებებით, მიღწევებით და მოსახლეობაში თავისი ნდობით”, და ჯერჯერობით ასეთ პიროვნებას ვერ ხედავს.

„ლელო – ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ ოპოზიციას შეუძლია რეგიონების „გამოგლეჯა”, მათ შორის თბილისის. როგორც ის ამბობს, მისი „იდეალური სცენარია” ოპოზიციამ „ექვს დიდი ქალაქში იომოს, დანარჩენებში ბოიკოტი”. ელისაშვილის განცხადებით, საერთო კანდიდატების ირგვლივ უნდა დაირაზმოს ოპოზიცია, მაგალითად „თბილისში სალომე ზურაბიშვილი”.

„ოცნების” მხარდაჭერა 2024 წლის არჩევნებზე დედაქალაქსა და რეგიონებში

ცენტრალური საარჩევნო კომისიის შედეგებით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე თბილისის ოლქებში „ოცნებამ” 50% ვერსად ვერ გადალახა. განსაკუთრებით დაბალი შედეგი იყო ვაკესა დ ასაბურთალოზე:

მთაწმინდა – 41.512% (14696 ხმა)

ვაკე -38.003% (28983 ხმა)

საბურთალო – 39.758% (38110 ხმა)

კრწანისი – 48.831% (11002 ხმა)

ისანი – 45.298% (28767 ხმა)

სამგორი – 44.924% (37004 ხმა)

ჩუღურეთი – 44.105% (17936 ხმა)

დიდუბე – 42.076% (17234 ხმა)

ნაძალადევი – 42.571% (33952 ხმა)

გლდანი – 40.46% (34547 ხმა)

გარდა თბილისისა, „ქართული ოცნების” მხარდაჭერა 50%-იან ზღვარს ქვემოთ იყო ბათუმში (49.683%), ქუთაისში (47.279%), რუსთავსა (41.414%) და წალენჯიხაში (48.021%).

საუკეთესო შედეგი „ქართულმა ოცნებამ” აჩვენა: ახალქალაქში 88.933% (11749 ხმა); ნინოწმინდაში – 89.771% (7802 ხმა); საჩხერეში – 84.375% (20941 ხმა); ბოლნისში – 80.711% (18390 ხმა); მარნეულში – 79.545% (19424 ხმა) და დმანისში – 76.434% (6824 ხმა).

ოპოზიციის შანსები დედაქალაქში

ანალიტიკოსი დავით ზურაბიშვილი „რეზონანსთან” აცხადებს, რომ თუ ოპოზიცია არჩევნებში ერთიანად ჩაეთვება, თბილისის მოგების შანსი რეალური იქნება და თუ არ იქნება ერთიანად ჩართული, ეს ამბავი გაჭირდება.

„თუ ოპოზიცია ერთიანად მიიღებს მონაწილეობას, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში (თუ გამოვალთ იმ რეიტინგებიდან, რაც ხელისუფლებას და ოპოზიციას თბილისში აქვს), თბილისში გამარჯვების შანსი არის რეალური. თუ ოპოზიცია ერთიანი არ იქნება და მით უმეტეს, მათი ერთი ნაწილი, კერძოდ ვინც ბოიკოტშია, კამპანიას წამოიწყებს იმათ წინააღმდეგ, ვინც არჩევნებში მონაწილეობს, ანუ პრაქტიკულად ხელისუფლების სასარგებლო კამპანიას წამოიწყებს არჩჩევნებში, მაშინ ეს ამბავი გაჭირდება – ან მოიგებ, ან არა.

„თბილისის მოგება დამოკიდებულია სხვა ოპოზიციური პარტიების პოზიციაზე და თვითონ საარჩევნო კამპანიაზეც რა თქმა უნდა. პარტია რომ არჩევნებში მონაწილეობს, გარანტირებული მოგება ან წაგება არ არსებობს”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

ზურაბიშვილის თქმით, „ორი აზრი არ აქვს” იმაზე, რომ მთლიანი ოპოზიცია უნდა ჩართულიყო ადგილობრივ არჩევნებში და „ამას განმარტება არ სჭირდება”.

„განმარტება სჭირდება იმას, რატომ არ უნდა ჩაერთო არჩევნებში, რატომ არ უნდა იბრძოლო არჩევნებში გამარჯვებისთვის. თუ არ მონაწილეობ, მაშინ რას აკეთებ და რანაირად აპირებ პოლიტიკური საქმიანობის წარმართვას, ხალხის მობილიზებას და ხელისუფლების შეცვლას – მაშინ ამაზე უნდა გასცენ პასუხი. არჩევნებში მონაწილეობა ბუნებრივი მდგომარეობაა, ბოიკოტში ყოფნა ახსნას მოითხოვს. ჩვენთან პირიქითაა – ვინც ბოიკოტშია, ის იძახის, რომ ეს ბუნებრივი მდგომარეობაა და ახლა შენ ახსენი, რატომ მონაწილეობ არჩევნებშიო”, – განაცხადა დავით ზურაბიშვილმა.

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან” აცხადებს, რომ ოპოზიციას თბილისის მოგების შანსი ნაკლებად აქვს. მისი თქმით, დედაქალაქის მოგება ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული.

„ვფიქრობ ასეთი შანსი მათ ნაკლებად აქვთ, იქიდან გამომდინარე, თუ როგორია მათი რეიტინგი თუნდაც მათთან დაახლოებული სოციოლოგიური სამსახურების გამოკითხვებით. არ მგონია, რომ ამის დიდი შანსი ჰქონდეთ. დღეს ამაზე საუბარი ნაადრევია, რადგან ჯერ არ ვიცით გაერთიანდებიან თუ არა და დააყენებენ თუ არა საერთო კანდიდატს, ვინ იქნება ეს საერთო კანდიდატი – მისი პიროვნული მონაცემებით, სოციალურ-პოლიტიკური კაპიტალით, რამდენად სარგებლობს ის თბილისის მაცხოვრებლების ნდობით, პატივისცემით და რამდენად დაუჭერენ მას მხარს სხვა ოპოზიციური ელექტორატის წარმომადგენლები. დღეს ოპოზიცია ფაქტიურად ორადაა გაყოფილი – „ლელო” და გახარიას პარტია თავიანთი ამომრჩევლით არჩევნებში მონაწილეობს, ამავე დროს, არის ოპოზიციური პარტიების სხვა კლასტერი, რომელიც არ ერთვება და საკუთარ ამომრჩეველს მოუწოდებს, რომ არც იმან მიიღოს მონაწილეობა.

„ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინებით უნდა გამოვთვალოთ ის, თუ რა შანსები აქვს იმ ჰიპოთეტურ კანდიდატს, რომელიც შეიძლება გახარიამ და „ლელომ” ერთობლივად დაასახელონ. არ გამოვრიცხავ, რომ მიუხედავად მოწოდებისა, ოპოზიციური ამორჩევლის რაღაც ნაწილმა მაინც მიიღოს მონაწილეობა ამ არჩევნებში, მაგრამ მათგან რამდენი პროცენტი დაუჭერს ამ ერთობლივ კანდიდატს, ეს ჯერ კიდევ საკითხავია.

„თუ ოპოზიცია სალომე ზურაბიშვილს წარადგენს მერობის კანდიდატად, შემიძლია ცალსახად გითხრათ, რომ მას დამარცხება გარანტირებული აქვს. თუ ოპოზიცია ფსონს მასზე დადებს, ჯერ ერთი შეცდომას დაუშვებს, მეორე მხრივ მართლაც ძალიან საიტერესოა, თუ ვის წარადგენს ოპოზიცია თბილისში მერობის კანდიოდატად. სწორედ იქიდან გამომდინარე, თუ რა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ჩვენი ამომრჩეველი ტრადიციულად პიროვნულ ფაქტორს, ამაზე ძალიან ბევრი რამაა დამოკიდებული. შესაბამისად, უნდა შეირჩეს ისეთი პიროვნება, რომელიც მართლაც სერიოზულ კონკურენციას გაუწევდა კალაძეს თავისი ბოიოგრაფიით, დამსახურებებით, მიღწევებით და მოსახლეობაში თავისი ნდიბით. ჯერჯერობით ასეთ ადამიანებს ვერ ვხედავ. შეიძლება სამომავლოდ გამოჩდნენ, მაგრამ როდესაც ჩემთვის ვაანალიზებ, ვინ შეიძლება ასეთი პიროვნება იყოს, ვერ ვხედავ ისეთს, რომელიც შეიძლება დათანხმდეს ოპოზიციის შეთავაზებაზე, რომ დედაქალაქის მერობის კანდიდატი გახდეს”,- განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ.

რა კვლევევბი ქვეყნდება

სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი ასაჯაროებს საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებს, რომელიც საქართველოს მასშტაბით სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა ივნისის მეორე ნახევარში ჩაატარა, 2000 რესპონდენტზე, პირისპირ გამოკითხვის მეთოდით. მისი თქმით, თბილისელების 71% ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიდის.

„საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა (58%) ქვეყნის არასწორი მიმართულებით განვითარებაზე მიუთითებს. ეს დამოკიდებულება ნარჩუნდება რეგიონებშიც (52%) და, განსაკუთრებით, თბილისელებში (71%) და პროევროპული ოპოზიციის ამომრჩევლებში (88%).

„2023-25 წლებში ოჯახების ეკონომიკური მდგომარეობის უცვლელობაზე მიუთითებს საქართველოს, რეგიონებისა და თბილისის მოსახლეობის უმეტესი ნაწილი. მეორე მხრივ, თითქმის ყველა ჯგუფში, ოჯახების ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების მაჩვენებლები აჭარბებს გაუმჯობესების მაჩვენებლებს (მაგალითად, საქართველოს მოსახლეობაში 34% საუბრობს გაუარესებაზე, ხოლო 18% – გაუმჯობესებაზე).

„საქართველოში პოლიტიკური კრიზისის არსებობას აღიარებს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა (72%). მაჩვენებლები შედარებით მაღალია თბილისში (83%), ხოლო შედარებით დაბალი – რეგიონებში (68%). თვით ქ/ოცნების ამომრჩევლებში ყოველი მეორე პოლიტიკური კრიზისის არსებობას ადასტურებს.

„მიმდინარე საპროტესტო აქციებს საქართველოს მოსახლეობის უფრო დიდი ნაწილი (43%) ემხრობა. მხარდაჭერა მნიშვნელოვნად იზრდება თბილისელებში (62%). რეგიონებში საპროტესტო აქციებს არ ემხრობა 40%, ხოლო ემხრობა 35%.

„ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის მომხრეა საქართველოსა (55%) და თბილისის (63%) მოსახლეობის უმრავლესობა. რეგიონებში ახალ საპარლამენტო არჩევნებს მხარს უჭერს ყოველი მეორე (51%), ეწინააღმდეგება 38%.

„კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერაა გამოხატული საპროტესტო აქციების დროს დაკავებული ადამიანების განთავისუფლების მიმართ (საქართველო – 73%; თბილისი – 79%; რეგიონები – 70%)”,- წერს კაჭკაჭიშვილი.

რას აცხადებს ოპოზიცია

„ლელოს” ლიდერს სალომე სამადაშვილს მიაჩნია, რომ ბოიკოტი ბრძოლის სწორი გზა არაა.

„კიდევ ერთხელ მივმართავთ ყველას, ვინც აცხადებს, რომ ბოიკოტი არის ბრძოლის სწორი გზა. გადახედოს საკუთარ პოზიციას, შეხედოს, მათ შორის, ამ კვლევას, რომელიც დაარწმუნებს მათ, რომ სრული კონსოლიდაციის პირობებში ჩვენ გარანტირებული გვაქვს თბილისში გამარჯვება, რაც, ცხადია, შექმნის საფუძველს იმისთვის, რომ ჩვენ კიდევ უფრო მეტი ძალით მოვითხოვოთ ახალი საპარლამენტო არჩევნები, რომელსაც ისედაც მხარს უჭერს ჩვენი მოქალაქეების დიდი უმრავლესობა, ასე რომ, მე ვფიქრობ, ამ კვლევაში კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რა არის გამარჯვების ფორმულა და გაუგებარია, ამ გამარჯვების ფორმულაზე რატომ ამბობს დღეს ვიღაც უარს”, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ენმ-ს პოლიტიკური მდივანი გიორგი ბარამიძე “ლელოს” და გახარიას პარტიას მოუწოდებს გონს მოეგონ.

„უნდა ვიყოთ დარაზმულები, უკომპრომისოები, გაუტეხლები და თანმიმდევრულები. ამიტომ მავნებლობა და ქართველი ხალხის ინტერესების ღალატია პარტიების – „ლელო-ძლიერი საქართველოსა” და „გახარია-საქართველოსთვის” გადაწყვეტილება. მათ კიდევ ერთხელ მოვუწოდებ გონს მოეგონ და რუსული რეჟიმის თამაში არ ითამაშონ. ამ სპეცოპერაციაში მონაწილეობა არა ბრძოლაში შესვლა, არამედ „ქოცურ” საქმესა და რუსულ სპეცოპერაციაში შესვლაა და რეჟიმის ლეგიტიმაციისთვის გადადგმული ნაბიჯი, მიუხედავად იმისა, რომ ამ რეჟიმს ვერაფერი ვერ გაალეგიტიმურებს. მათი არჩევანი მცდარი და მავნებლურია”, – განაცხადა ბარამიძემ.