ტეხასში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 100-ს გადასცდა

ტეხასში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 8 ივლისისთვის 100-ს გადასცდა. დაღუპულთა შორის 28 ბავშვია. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.

წყალდიდობა ტეხასში

კიდევ 11 ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. საერთო ჯამში ბანაკში, რომელიც მდინარე გუადალუპეს მახლობლად მდებარეობდა, წყალდიდობის მომენტში 750 ადამიანი იმყოფებოდა. მათი უმეტესობა ევაკუირებული იყო.

ტეხასში წყალდიდობა კოკისპირულმა წვიმებმა გამოიწვია. ერთ კვადრატულ მეტრზე 300 ლიტრი ნალექი მოვიდა, რაც ორი თვის ნორმას შეადგენს. 3-4 ივლისს ღამით მდინარე გუადალუპეში 45 წუთში წყლის დონემ 8 მეტრით აიწია. აშშ-ის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მდინარესთან ბევრი დამსვენებელი იმყოფებოდა.

სამაშველო ოპერაცია გრძელდება. მასში ასობით მაშველი და 17 ვერტმფრენი მონაწილეობს. ასევე სამაშველო ოპერაციებში მოხალისეები მონაწილეობენ, რომლებიც ნავებით გადარჩენილებს და დაღუპულთა ცხედრებს ეძებენ. ამასთანავე, აშშ-ის მეტეოროლოგიური სამსახური ახალი ძლიერი წვიმების შესახებ გაფრთხილებას ავრცელებს, რაც სამაშველო ოპერაციას ართულებს.