19-ში ოპოზიცია კიდევ ერთ აქციას გეგმავს – რა პერსპექტივა აქვს ამ გამოსვლას და მოვა თუ არ ახალხი

თვითმმართველობის არჩევნების მიმართ ბოიკოტში მყოფმა პარტიებმა, სამოქალაქო აქტივისტებმა, სტუდენტებმა და აქციების პერიოდში დაკავებული პირების ოჯახის წევრებმა 19 ივლისს საპროტესტო მსვლელობა დააანონსეს. ამის შესახებ მათ პარლამენტის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს. ანალიტიკოსები „რეზონანსთან” აქციის პერსპექტივაზე საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ ეს ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია.

„ბუნებრივია, წელიწადის ნებისმიერ დროს უნდა ჩატარდეს. ოღონდ ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ დიდი საპროტესტო გამოსვლა იქნება და ხელისუფლება ჩამოიშლება”,- განაცხადა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორმა და ანალიტიკოსმა ნიკა ჩიტაძემ „რეზონანსთან”.

19 ივლისს, 19:00 საათზე, მსვლელობა თსუ-ს პირველი კორპუსიდან პარლამენტამდე გაიმართება.

„თავისუფლების მოედნის” ლიდერმა ლევან ცუცქირიძემ, რომელმაც ბოიკოტში მყოფი პარტიების სახელით გააკეთა განცხადება, მიმართა მოქალაქეებს, რომ შეუერთდნენ მათი წინააღმდეგობის აქცია-მსვლელობას.

„ჩვენ, აქ შეკრებილი რვა პოლიტიკური პარტიის და სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლები: ვადასტურებთ უპრეცედენტოდ მტკიცე და მართალი პროტესტის ამოცანების ერთგულებას; კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ ვაღიარებთ მხოლოდ ახალ, თავისუფალ, საპარლამენტო არჩევნებს და უარს ვამბობთ თვითმმართველობის „არჩევნებად” წოდებულ რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობაზე;

„ვუპირისპირდებით კორუმპირებულ და ანტიდემოკრატიულ რეჟიმს, რომელიც საფრთხეში აგდებს საქართველოს ეროვნულ დამოუკიდებლობას და საქართველოს მოქალაქეების თავისუფლებას, რომელმაც ჩვენი ქვეყანა განუკითხაობისა და ძალადობის მორევში გადაუშვა;

„მშვიდობისა და სტაბილურობის მთავარ საფრთხეს დღეს ივანიშვილის პოლიტიკური დაჯგუფება წარმოადგენს, რომელმაც მიიტაცა ძალაუფლება და ცდილობს თავისუფალი საზოგადოების დამორჩილებას, ნაცვლად იმისა, რომ ანგარიშვალდებული იყოს და ემსახუროს მას;

„ქართული ოცნება” ცდილობს ბანდიტური წყობილების დამყარებას ქვეყანაში და 90-იანი წლების ძალმომრეობის ქაოსში გვაბრუნებს; ამის საპირისპიროდ, ჩვენ გვჯერა, რომ უსაფრთხო, დაცული და ღირსეული ცხოვრება შესაძლებელია მხოლოდ ევროპული ტიპის დემოკრატიაში, სადაც კანონი, სასამართლო და ხელისუფლება ემსახურება ხალხს და არა კორუმპირებულ ჩინოვნიკებს;

„ქართველი ხალხის საბოლოო გამარჯვებას სჭირდება ივანიშვილის და მისი პარტიის თანმიმდევრული იზოლაცია არა მხოლოდ ეროვნულ და საერთაშორისო, არამედ ყველა, მათ შორის, ადგილობრივ დონეზეც; სწორედ ამიტომ, გადაწყვეტილი გვაქვს ბოლომდე ვუერთგულოთ ავტორიტარულ რეჟიმთან დაპირისპირებულ სახალხო წინააღმდეგობის მოძრაობას; ამ მიზნით, 19 ივლისს გავმართავთ საპროტესტო აქციას და მოსვლას გთხოვთ ყველას, ვინც თვლით, რომ ხსნა მხოლოდ რეჟიმის ცვლილებაშია, ხოლო ცვლილებების გზა რეჟიმთან სახალხო და დემოკრატიულ წინააღმდეგობაზე გადის. ჩვენ ვაღიარებთ მხოლოდ თავისუფალ არჩევნებს!

„უარი რუსულ სპეცოპერაციას!

„ჩვენი ბრძოლა სამართლიანია, ვიდგეთ მტკიცედ და აუცილებლად გავიმარჯვებთ ერთად!” – განაცხადა ლევან ცუცქირიძემ.

სტუდენტმა ლუკა ხიზაძემ განაცხადა, რომ სტუდენტები ირჩევენ წინააღმდეგობისა და რეჟიმთან უკომპრომისო ბრძოლის გზას.

ნიკა ჩიტაძეს მიაჩნია, რომ ოპოზიცია ბრძოლას აგრძელებს და სწორედ ამის მანიშნებელია აღნიშნული საპეოტესტო აქცია. მისივე თქმით, ეს აქცია გადამწყვეტი არ იქნება, მაგრამ მნიშვნელოვანი კი.

„ძალიან მნიშვნელოვანია აქციები. წინაზე ყინვაში, ზამთარში იმართებოდა, ბუნებრივია, წელიწადის ნებისმიერ დროს უნდა ჩატარდეს. ოღონდ ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ დიდი საპროტესტო გამოსვლა იქნება და ხელისუფლება ჩამოიშლება. თუმცაღა ჩვენ ვხედავთ, რომ ხელისუფლება კრიზისში იმყოფება იმ პროცესებიდან გამომდინარე, რაც ქვეყანაში მიმდინარეობს, ვგულისხმობ როგორც საშინაო, ისე საგარეო კუთხით. შესაბისად, ეს ყველაფერი იძლევა იმის საფუძველს, რომ ბრძოლა გრძელდება. ასე რომ, აქციებს მნიშვნელობა აქვს, თუნდაც ზაფხულში, არდადეგების დროს. ამას პლუს, ახალი თემაა დღის წესრიგში, რომელიც გულისხმობს იმას, რომ საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი ადგილობრივ არჩევნებს ემიჯნება”,- განაცხადა ნიკა ჩიტაძემ „რეზონანსთან”.

ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე კი ამბობს: „წინა მოვლენებს თავი დავანებოთ და 28 ნოემბრის შემდეგ აანონსებენ აქციებს, ეს მათი უფლებაა – დააანონსონ, ჩაატარონ, მიიიღონ რეზოლუცია, მაგრამ აქცია დარჩება მხიარული. როგორც კომუნისტების დროს იყო ასეთი გამოთქმა, როცა შეიქმნებოდა რაღაც სიტუაცია, მოსახლეობას შეკრებდნენ კომუნისტები და კრებას ჩაატარებდნენ, მერე ხალხმა თქვა – ჩაატარეს, დაადგინეს, კრება დარჩა მხიარული. ზუსტად ანალოგიურ სიტუაციაში არიან ესენი”.