ჩინეთმა უარყო გერმანიის ბრალდებები, რომ ჩინეთის სამხედროებმა გერმანული თვითმფრინავის წინააღმდეგ ლაზერი გამოიყენეს. ამის შესახებ განცხადება ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა მაო ნინგმა გააკეთა, რომელსაც Bloomberg-ი ციტირებს.
ჩინეთის საგარეო უწყების პრესმდივანმა განაცხადა, რომ „გერმანიის განცხადებები სრულიად ეწინააღმდეგება ფაქტებს“.
მაოს თქმით, მისი ქვეყანა „ასრულებს თავის ვალდებულებებს, როგორც დიდი ძალა და ხელს უწყობს საერთაშორისო საზღვაო გზების უსაფრთხოებას“. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ორივე მხარემ უნდა გააძლიეროს ფაქტებზე დაფუძნებული კომუნიკაცია, რათა თავიდან აიცილოს გაუგებრობები და არასწორი გათვლები“.
სააგენტოს ცნობით, 9 ივლისს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოჰან ვადეფულმაც გააკეთა კომენტარი გერმანულ მედიასთან აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით. მან განაცხადა, რომ ჩინეთთან „თანაბარი პირობებით“ თანამშრომლობა სურს, თუმცა ქვეყანას მოუწოდა, აეხსნა, თუ რა მოხდა.
„ამ ინციდენტით ძალიან გაღიზიანებული ვარ. ჩვენი თვითმფრინავის ფრენის ასეთი შეფერხება, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა გაუმართლებელი საფრთხის შექმნა ჩვენი ქვედანაყოფებისთვის, მიუღებელია“, – ხაზგასმით აღნიშნა ვადეფულმა.
ინფორმაციისთვის, 8 ივლისს გერმანიამ ჩინეთის ელჩი დაიბარა ჩინეთის სამხედროების მიერ ევროკავშირის ოპერაცია ASPIDES-ში მონაწილე გერმანული თვითმფრინავის წინააღმდეგ ლაზერის გამოყენების გამო.
მოგვიანებით გერმანულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჩინეთის სამხედროებმა ლაზერი გამოიყენეს ევროკავშირის მისიაში მონაწილე გერმანული თვითმფრინავის წინააღმდეგ, როდესაც ის ჩინურ ფრეგატს მიუახლოვდა.
ASPIDES-ის მისია ევროკავშირის სამხედრო მისიაა, რომელიც მიზნად ისახავს საზღვაო უსაფრთხოების შენარჩუნებას და ნავიგაციის თავისუფლების დაცვას წითელ ზღვაში, სპარსეთის ყურესა და ინდოეთის ოკეანეში.