აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ შეერთებული შტატები შეეცდება, დაარწმუნოს ნატოს მოკავშირეები, უკრაინას Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები მიაწოდონ, რომლებიც კიევს რუსეთის თავდასხმების მოსაგერიებლად სჭირდება. ამის შესახებ მან რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
რუბიომ აღნიშნა, რომ უკრაინელებს მეტი Patriot-ის ბატარეა სჭირდებათ, რომლებიც, მისი თქმით, რიგ ევროპულ ქვეყნებს აქვთ.
„მაგრამ არავის სურს მათზე უარის თქმა. ამიტომ, იმედი მაქვს, ეს შეიცვლება. თუ უკრაინა მართლაც პრიორიტეტულია, როგორც ამას ბევრი ევროპული ქვეყანა ამბობს, მაშინ ისინი მზად უნდა იყვნენ, გაუზიარონ მას ბატარეები, რომლებიც ახლა არ სჭირდებათ. ვიმედოვნებთ, რომ შევძლებთ ჩვენი ნატოელი პარტნიორების დარწმუნებას, რომ უკრაინას „პეტრიოტის“ ეს ბატარეები მიაწოდონ“, – განაცხადა სახელმწიფო მდივანმა.
რუბიომ ესპანეთი და გერმანია დაასახელა იმ ქვეყნებს შორის, რომლებსაც შეუძლიათ, თავიანთი „პეტრიოტები“ უკრაინას გაუზიარონ.
„მათ არ გამოვყოფ, მაგრამ უბრალოდ ვამბობ, რომ ეს ორია, რომელთა შესახებაც ვიცი. არსებობს Patriot-ის სხვა ბატარეები და სხვა შესაძლებლობები. ქვეყნები, რომლებმაც შეუკვეთეს Patriot-ის ბატარეები და მათ მალე მიიღებენ. კარგი იქნებოდა, თუ ერთ-ერთი მათგანი დათანხმდებოდა მიწოდების გადადებას და უკრაინაში გაგზავნას“, – დასძინა მან.
რუბიომ განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ეძებს „კრეატიულ გზებს“, რათა უკრაინა საჭირო თავდაცვითი აღჭურვილობით უზრუნველყოს.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ გერმანია აშშ-სთან „ინტენსიურ მოლაპარაკებებს“ აწარმოებდა უკრაინისთვის Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდების თაობაზე.
გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა ასევე დაადასტურა ქვეყნის მზადყოფნა, უკრაინისთვის აშშ-ისგან Patriot-ის სისტემები შეიძინოს.