რუბიო ლავროვთან შეხვედრის შემდეგ: რუსეთმა აშშ-ს ომის მიმართ ახალი და განსხვავებული მიდგომა შესთავაზა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა შეხვედრაზე რუსეთ-უკრაინის ომის მიმართ „ახალი და განსხვავებული მიდგომა“ შესთავაზა. ამის შესახებ რუბიომ მალაიზიაში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის სამიტის ფარგლებში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, იტყობინება Sky News.

რუბიოს და ლავროვის შეხვედრა

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თქმით, მას ლავროვთან „გულწრფელი და მნიშვნელოვანი საუბარი“ ჰქონდა და აღნიშნა, რომ ვაშინგტონმა „უნდა ნახოს გზამკვლევი“, თუ როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში.

კერძოდ, რუბიომ აღნიშნა, რომ რუსეთმა დღევანდელი მოლაპარაკებების დროს „ახალი და განსხვავებული მიდგომა“ შესთავაზა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, კონკრეტულად რას მოიცავდა ის.

„მე ამას მშვიდობის გარანტიას არ დავარქმევდი, მაგრამ ეს არის კონცეფცია, რომელსაც დღეს პრეზიდენტს გადავცემ“, – ხაზგასმით აღნიშნა მან.

ამასთან, რუბიომ განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იმედგაცრუებულია, რომ რუსულმა მხარემ უკრაინასთან დაკავშირებით „მეტი მოქნილობა“ არ გამოიჩინა.

„ჩვენ გვესმის, რომ ამ საკითხებს დრო და მოთმინება სჭირდება, მაგრამ იმედგაცრუებულები ვართ, რომ მეტი პროგრესი არ არის მიღწეული“, – დასძინა მან.